შალვა ხიდაშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ხიდაშელი
დაბ. თარიღი 31 მაისი, 1911(1911-05-31)
დაბ. ადგილი ცხინვალი
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1994(1994-09-21) (83 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველო
საქმიანობა ფილოსოფოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შალვა ხიდაშელი (დ. 31 მაისი, 1911, ცხინვალი — გ. 21 სექტემბერი, 1994) — ქართველი მეცნიერი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით. 1933-1936 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით.

1936 წელს მუშაობას იწყებს რუსთაველის ეპოქის მუზეუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1967 წლიდან სათავეში ედგა ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო ქართული კულტურის ისტორია, კერძოდ, ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესწავლა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული რენესანსის საკითხები, რუსთველოლოგია. 1990-იან წლებში იგი აქტიურად იღვწოდა პუბლიცისტიკის სფეროში, კერძოდ, მისი სტატიები მიძღვნილი იყო ეროვნული პრობლემების, ზნეობისა და პოლიტიკის საკითხებისადმი. იგი ძირითადად იკვლევდა IV-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიას, მის სხვადასხვა მონაკვეთს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები. იგი შალვა ნუცუბიძის ტრადიციების გამგრძელებელია ქართული ფილოსოფიის ისტორიის, რენესანსის პრობლემების დამუშავებასა და რუსთველოლოგიაში. ამასთან, მას „კვლევის საკუთარი გზა“ (შ. ნუცუბიძე) გააჩნდა, რაც უპირველესად გამოიხატებოდა შუა საუკუნეების ქართული კულტურის აქსიოლოგიის (ღირებულების თეორიის) პოზიციიდან განხილვაში. შალვა ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1981-1993 წლები, როდესაც მან გამოაქვეყნა 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, ოთხი მონოგრაფია და ორი პუბლიცისტური კრებული. ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მისი მრავალმხრივი კვლევა-ძიების შეჯამება იყო 1988 წელს გამოქვეყნებული წიგნი „ქართული ფილოსოფიის ისტორია“, სადაც შესულია მისი კვლევა-ძიების შედეგები ქართული ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული რენესანსის და რუსთაველის მსოფლმხედველობის შესახებ. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უსათაურო მოგონებანი, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1994, გვ. 295 ISBN 5511005908
  • ფიქრები საქართველოზე, თბილისი, მეცნიერება, 1993, გვ. 272
  • ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში: მისი ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა, თბილისი, მეცნიერება, 1990, გვ. 152
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს), თბილისი, მეცნიერება, 1988, გვ. 390
  • ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1954, გვ. 88
  • საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმართულებანი ფეოდალურ საქართველოში, თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952, გვ. 104

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი. ბათუმი, 2004, გვ. 205-206

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]