ფრიდრიხ დიურენმატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ დიურენმატი 1989 წელს

ფრიდრიხ დიურენმატი (გერმ. Friedrich Josef Dürrenmatt; დ. 5 იანვარი, 1921, კონოლფინგენი — გ. 14 დეკემბერი, 1990, ნოიშატელი) — შვეიცარიელი პროზაიკოსი, დრამატურგი და ესეისტი. ფსიქოლოგიური დეტექტივის ერთ–ერთი ოსტატი.

ცხოვრების წლები[რედაქტირება]

ფრიდრიხ დიურენმატი დაიბადა ზემო ალპებში, ბერნის კანტონის მაღალმთიანი სოფლის პასტორის ოჯახში. 1935 წელს ოჯახი ეკონომიკური მოსაზრებების გამო გადავიდა ბერნში. 1941 წელს დიურენმატი შეუდგა ფილოსოფიისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლას ციურიხის უნივერსიტეტში, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ გადავიდა ბერნის უნივერსიტეტში. 1943 წელს გადაწყვიტა სამწერლობო საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი და ამის გამო უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა. პირველი დრამატურგიული ნაწარმოები 1945–1946 წლებში დაწერა.

დიურენმატს ხატვის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. მისი რამდენიმე ნამუშევრის გამოფენა სხვადასხვა დროს მოეწყო ნოიშატელსა და ციურიხში.

დიურენმატის მსოფლმხედველობა და შემოქმედება[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი დაღი დაასვა დიურენმატის მსოფლმხედველობას. როგორც მწერალი იხსენებს, ის ქრისტიანული მორალის ატმოსფეროში იზრდებოდა. მის თვალში სამყაროს წყობა შეურყეველი ჩანდა, მაგრამ ომმა ეს რეალობა დაამსხვრია. მწერალი მტკივნეულად აღიქვამდა შვეიცარიის იმდროინდელ პოლიტიკას, რომელსაც იგი, როგორც ორმაგ თამაშს, ისე აფასებდა: ქვეყანა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და, ამავე დროს, თავისუფლად ატარებდა თავის ტერიტორიაზე გერმანულ ეშელონებს, რომლებიც იტალიაში მიდიოდნენ, სასაზღვრო დაცვა კი ხშირად უკან აბრუნებდა გერმანიიდან გამოქცეულ ებრაელებს, რომლებიც შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკში ხვდებოდნენ.

თავის მაშინდელ მდგომარეობას მწერალი მოგვიანებით 60–იანი წლების სტუდენტურ ამბოხებებს ადარებდა. ამბოხების ეს მოტივი დიურენმატის შემოქმედებას აგრეთვე უფროს თაობასთან, პირველი მსოფლიო ომისდროინდელ მხატვრულ ტრადიციასთან – ექსპრესიონიზმთან – აახლოებს. მეორე მხრივ, მის პროზაში გამეფებული გაურკვევლობა, ბუნდოვანი მოტივები და მიზეზები რომანტიზმსაც მოგვაგონებს, რომლის აღორძინების მცდელობებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი XX საუკუნის ლიტერატურაში. მსოფლიო ლიტერატურაში დიურენმატის წინამორბედები არიან ჯონათან სვიფტი და ფრანკ ვედეკინდი.

თავის ნაწარმოებებში დიურენმატი მოგვითხრობს რეალობასა და ადამიანის გონებაში დამკვიდრებულ მითებს შორის არსებულ დისჰარმონიაზე, გაყინული, ცხოვრებას მოწყვეტილი იდეოლოგიების მავნებლობაზე, რომელთა გამო უამრავი სისხლი იღვრება.

დიურენმატის შემოქმედებაში ცოცხლდება და ახალ, თანამედროვე დატვირთვას იძენს ანტიკური მოტივებიც (მოთხრობები „მინოტავრი“, „პითიას სიკვდილი“...). საერთოდ, დიურენმატის პროზაში ხშირად იგრძნობა ისტორიის სუნთქვა – მოულოდნელი ფორმით წარმოგვიდგება ბიბლიური თუ მითოლოგიური სახეები: ჰერაკლე, მინოტავრი, ბაბილონის გოდოლი, უძღები შვილი...

იგი ატომური შეიარაღების მოწინააღმდეგე იყო და ერთ–ერთი პირველი მწერალი, რომელმაც თავის ნაწარმოებებში ეკოლოგიური პრობლემები სერიოზულად წამოჭრა.

ლიტერატორები მიიჩნევენ, რომ დიურენმატის გმირები უსიცოცხლონი არიან და მარიონეტებს მოგვაგონებენ. კურტ ვონეგუტის შეფასებით, „მისი შემოქმედება ძვირფას შვეიცარიულ საათსა ჰგავს, რომლის მექანიზმი სრულყოფილია და აღტაცებას იწვევს... დიურენმატის ნაწარმოებებში მხოლოდ ერთი ცოცხალი არსებაა – თვითონ მწერალი“.

ფრიდრიხ დიურენმატის შემოქმედება მეტად ნაყოფიერია. 1981 წელს მის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული კრებული 37 სქელტანიან ტომს მოიცავს. მის კალამს ეკუთვნის რომანი „მართლმსაჯულება“ (1985 წ.), ნოველები „ძაღლი“, „მეამბოხე“, „ზამთრის ომი ტიბეტში“ (1981 წ.), მოთხრობები „გვირაბი“, „პილატე“, „ქალაქი“, „მცველის ჩანაწერები“, „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“ (1957 წ.) და სხვ. ქართულად თარგმნილია მისი ნაწარმოებები „ავარია“ (1956 წ.), „მოსამართლე და მისი ჯალათი“ (1952 წ.), „აღთქმა“ და „ბერძენი ეძებს ბერძენს“ (1955 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება]

ნინო სილაგაძე, მთარგმნელისაგან, ჩვენი მწერლობა, №7 (33), 2007 წ. გვ.62