უმბერტო ეკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უმბერტო ეკო
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1932
დაბ. ადგილი პიემონტი, იტალია
საქმიანობა სემიოტიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი
ეროვნება იტალიის დროშა იტალია
პერიოდი 1956—
მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი
Magnum opus ვარდის სახელი


ხელმოწერა

უმბერტო ეკო (დ. 5 იანვარი, 1932, ალესანდრია, იტალია) — იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა პიემონტის ოლქის პატარა ქალაქ ალესანდრიაში. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ბუღალტრად მუშაობდა, ომის დაწყების შემდეგ კი დედამისი, ჯოვანა და უმბერტო პიემონტის მთებში გადაბარგდნენ.

მისი გვარი მომდინარეობს ლათინური აბრევიატურისგან Ex Coelis Oblatus (ციური ძღვენი), რომელიც მის პაპას ქალაქის მთავრობამ მიაკუთვნა.

მამამისი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად მათ ოჯახს მატერიალურად არ ულხინდა. ამის გამო ბავშვობიდანვე მშობლები იურისტობას ურჩევდნენ, თუმცა უმბერტომ საბუთები ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. იქვე, 1954 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თომა აქვინელის შესახებ.

ამის შემდგომ ეკო მუშაობას ტელერადიოკომპანია რაი–ში აგრძელებს და იწყებს ლექციების კითხვას ტურინის უნივერსიტეტში (1956–1964). ტელევიზიაში მუშაობის დროს ეკომ გაიცნო იმდროინდელი ავანგარდის წარმომადგენელი ხელოვნების წარმომადგენლები – მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები – რამაც მის მომდევნო სამწერლო კარიერაზე დიდი ზეგავლენა იქონია.

უმბერტო ეკომ 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

შემოქმედება[რედაქტირება]

მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით – "წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა", რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, "შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება" მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. 1959 წელს უმბერტო ეკო ტოვებს ტელევიზიას და მუშაობას იწყებს მილანის საგამომცემლო სახლში "ბომპიანი", მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.

ამ წლების განმავლობაში, ეკო იწყებს იმ დროს ახლად წამოჩიტული მეცნიერების, სემიოტიკის იდეების დანერგვას საკუთარ შრომებში და ღია ტექსტის იდეაზე ფიქრს, რასაც მოჰყვა 1962 წელს დაწერილი წიგნი "Opera aperta" (ღია ნაწარმოები).

ფილოსოფიური პრობლემატიკის პარალელურად, უმბერტო ეკო იწყებს ფიქრს ნამდვილ ლიტერატურაზე და 1980 წელს წერს მის პირველ ლიტერატურულ არასამეცნიერო ნაწარმოებს. რომანმა "ვარდის სახელი" მას ნამდვილი აღიარება მოუტანა. ამ რომანში ეკო ჭეშმარიტი მედიევისტის როლში წარსდგა მკითხველის წინაშე. მან სრულად აღწერა შუა საუკუნეების ერთი სააბატოს ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიები. რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზი ვითარდება მკვლელობების სერიის გარშემო, რომელსაც ფრანცისკანელი ბერი იძიებს. გარდა იმისა, რომ რომანში ზუსტად არის გადმოცემული იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ეკო უბადლოდ ხლართავს სიუჟეტს და მთელი რიგი დეტექტიური ვნებათაღელვების შემდეგ მკითხველი საიდუმლოებით მოცულ ბიბლიოთეკამდე მიჰყავს. ბიბლიოთეკა, თავის მხრივ, ლაბირინთისა და მინოტავრის თემის ახლებური გააზრებაა და, მწერლის განცხადებით, ამოუცნობი სამყაროს სიმბოლოა.

მის მეორე რომანში, "ფუკოს ქანქარა, უმბერტო ეკომ ეზოთერული და ოკულტური ხასიათის მრავალი პასაჟი აღწერა. "ფუკოს ქანქარა", ისევე როგორც ეკოს ყველა რომანი, რამდენიმე სიბრტყეში იკითხება, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს იმტვრიოს თავი, თუ სად გადის ზღვარი სინამდვილესა და გამონაგონს, მეცნიერებასა და ოკულტიზმს შორის. ეს რომანი საკმაოდ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ავტორის საგამომცემლო საქმიანობით დაკავების ხანას უკავშირდება. რომანის სამი მთავარი პერსონაჟი, რომლებიც ერთ–ერთი საგამომცემლო სახლის თანამშრომლები არიან, ცდილობენ ფარდა ახადონ იდუმალებით მოცულ ისტორიას, რასაც ტამპლიერებამდე, ალქიმიკოსთა დოქტრინამდე და საიდუმლო სექტებამდე მივყავართ, რომლებიც ვითომ-და მართავენ მსოფლიოს.

უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]