სომხეთის საკითხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1895 წელს შექმნილი ბრიტანული კარიკატურა, სახელწოდებით „ჯონ ბულის დილემა“, რომელიც გამოხატავს ბრიტანეთის დაინტერესებას თურქების მხრიდან სომხების შევიწროვებასთან დაკავშირებით

სომხეთის საკითხი (ინგლ. Armenian question) — 1878 წლის ბერლინის კონგრესზე არსებული დებატები იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების საშველად. ეს ტერმინი პოპულარობით სარგებლობდა დიპლომატიურ წრეებსა და მსოფლიო პრესაში[1]. სომხეთის საკითხი უფრო კონკრეტულად ეხებოდა სომხების დაცვასა და გადარჩენას მეზობელი თურქული და ქურთული ეთნიკური უმრავლესობებისაგან. სომხეთის საკითხი 1877-1914 წლებში არსებობდა. უკვე 1915 წელს ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტის ხელმძღვანელობამ, ოსმალეთის იმპერიაში მოწყობილი სომხების გენოციდის გამო, გადაწყვიტა დაესრულებინა ეს საკითხი[2].

სომხეთის საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხებით დასახლებული ექვსი ვილაიეთი ოსმალეთის იმპერიაში

სომხების უმეტესობა ოსმალეთის იმპერიის რუსეთთან მოსაზღვრე პროვინციებში ცხოვრობდა. ადრიანოპოლის ზავით ოსმალეთმა ახალქალაქისა და ახალციხის მხარეები რუსეთს დაუთმო, რითაც უამრავი სომეხი მოექცა რუსეთის მხარეს და კიდევ 25,000-მდე თავისი ნებით გადასახლდა ამ რეგიონში[3]. ამის შემდეგ სომხებმა პრორუსული გეზი აიღეს და რუსეთის იმპერია, როგორც უსაფრთხოების უკანასკნელი გარანტი, ისე მიიღეს.

საზღვრებთან მცხოვრები სომხები, რომლებიც აგრესიული მეზობელი ხალხებისაგან მუდმივი დევნისა და შევიწროვების პირობებში ცხოვრობდნენ, რუსულ ჯარებს ზეიმით ხვდებოდნენ, როგორც გამანთავისუფლებლებს. 1878 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქმა ნერსეს II-მ თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ შემდეგ საერთაშორისო კონგრესზე იგი საკითხს დასვამდა სომხების თვითმმართველობასთან დაკავშირებით.

1878 წლის მარტში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, ნერსეს II-მ საჩივარი წარადგინა თურქების მხრიდან სომხებთან შეუსაბამოდ მოპყრობაზე, რომელშიც იგი საუბრობდა „მიწების უკანონოდ მიტაცებაზე, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობაზე, ქონების გადაწვაზე, გაუპატიურებებსა და მკვლელობებზე“. ამით პატრიარქმა დაარწმუნა რუსები, რომ სან-სტეფანოს ხელშეკრულებაში 16-ე პუნქტად შეეტანათ, რითაც რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში მცხოვრებ სომხებზე აიღო მეურვეობა და მოახდინა მისი ოკუპაცია.

ბერლინის კონგრესი

ამას მოჰყვა ის, რომ 1878 წლის ივნისში დიდმა ბრიტანეთმა გააპროტესტა რუსეთის მიერ ამხელა ტერიტორიების მიტაცება. ბრიტანელებმა სხვა დიდ და წამყვან სახელმწიფოებზე ზეწოლის გზით იმავე წელს მოაწყვეს ბერლინის კონგრესი, რომელზეც სერიოზულად დაისვა აღმოსავლეთის საკითხი, რასაც უნდა მოჰყოლოდა რუსეთ-ოსმალეთის ახალი და ზუსტი საზღვრის გავლება.

ამ დროს სომხეთის ეროვნულმა კრებამ და პატრიარქმა ნერსესმა სთხოვა მკრტიჩ ხრიმიანს, რომ ბერლინში მიმდინარე კონგრესზე სომხეთის საკითხი წარედგინა. სომხური დელეგაცია ბერლინში ხრიმიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, მაგრამ, მისთვის საუბედუროდ, მას მოლაპარაკებებში ჩართვის უფლება არ მისცეს. ბერლინის კონგრესის შემდეგ მკრტიჩ ხრიმიანმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა, სახელწოდებით „ქაღალდის სასმისი“, რომელშიც მან სომხებს მოუწოდა, რომ მიებაძათ ბულგარელებისათვის და დაეწყოთ ეროვნული გამოღვიძება[4]. აქ მან იგულისხმა ის ფაქტი, რომ 1877-1878 წლებში ბულგარელთა ეროვნული გამოღვიძების წყალობით, სან-სტეფანოს ხელშეკრულებამ აღადგინა ბულგარეთის თავისუფალი სახელმწიფო.

1880 წელს სომხებმა პრემიერ-მინისტრ გლასტონის წახალისებით ხელახლა წამოჭრეს სომხეთის საკითხი შემდეგი ლოზუნგით: „ემსახურო სომხეთს, ნიშნავს, რომ ემსახურო ცივილიზაციას“[5], რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია დასავლეთის მხრიდან, თუმცა შედეგები დიდად არ მოჰყოლია. ამასთან დაკავშირებით ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო გულისტკივილით წერდა:

ვიკიციტატა
„თუ პარიზში ერთი კაცი მოკლეს, ეს მკვლელობაა; თუ აღმოსავლეთში ორმოცდაათი ათასი ადამიანი ამოხოცეს, ეს საკითხია.“

[6]

სომხური რეფორმების პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული ძალების მიერ 1895 წლის 11 მაისს შედგენილ იქნა სომხური რეფორმების პროგრამა[7]. ფრანგი დიპლომატი ვიქტორ ბერნარი ამაზე წერდა:

ვიკიციტატა
„მთავარი ხოცვა-ჭლეტიდან ექვსი თვის შემდეგ, როდესაც მთელი ევროპა ფიქრობდა, რომ სომხეთის საკითხი გადაჭრილი იყო, სომხებმა გადაწყვიტეს ევროპისათვის ეჩვენებინათ, რომ სომხეთის საკითხი ჯერ კიდევ არსებობს, განსხვავებით ოსმალეთის იმპერიის ეფექტური მთავრობისაგან.“

1912-1914 წლებში ევროპული ძალების მიერ განხორციელდა არაერთი სომხური რეფორმა, რამაც დიდად გააღიზიანა ოსმალეთის მთავრობა, რასაც შედეგად 1915 წლის სომხების გენოციდი მოჰყვა, რითაც საბოლოოდ დასრულდა სომხეთის საკითხი[8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hooman, Peimani (2009). Conflict and Security in Central Asia and the Caucasus.
  • Nalbandian, Louise (1963). The Armenian revolutionary movement; the development of Armenian political parties through the nineteenth century. Berkeley, University of California Press.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenian Studies: Études Arméniennes by Lebanese Association of Armenian University Graduates, pp. 4–6
  2. Talaat Pasha: Father of Modern Turkey, Architect of Genocide., Hans-Lukas (2018). Princeton University Press. pp. 12–13. ISBN 978-0-691-15762-7.
  3. Bournoutian. Armenian People, p. 105
  4. Haig Ajemian, Hayotz Hayrig, pp. 511–13; translated by Fr. Vazken Movsesian.
  5. (Nalbandian 1963, p. 84)
  6. Peterson. Catholic World, Volume 61, 1895, p. 665, 667
  7. (Nalbandian 1963, pp. 128)
  8. Hovannisian, Richard G, "The Armenian Question in the Ottoman Empire, 1876–1914", in Hovannisian, Richard G (ed.), The Armenian People From Ancient to Modern Times, II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century, New York: St Martin's, pp. 206–12, ISBN 0-312-10168-6.