მკრტიჩ ხრიმიანი დაიბადა 1820 წლის 4 აპრილს ვანში (ოსმალეთის იმპერია).
იგი იყო კონსტანტინეპოლის სომეხთა პატრიარქი 1869–1873 წლებში, სრულიად სომეხთა კათალიკოსი 1892–1907 წლებში.
გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 1907 წლის 29 ოქტომბერს. დაკრძალულია ეჩმიაძინის მონასტერში.
გაზეთ „ივერიის" 1893 წლის სექტემბრის ნომერში ხაშურიდან საინტერესო კორესპონდენციას ვკითხულობთ:
„27-28 აგვისტოს ხაშური სულ სხვა სანახავი იყო: აქ დიდ ძალი ხალხი მოვიდა, აბასთუმნიდგან, ახალციხიდგან, ბორჯომიდგან და სხვა-და-სხვა სოფლებიდგან სომეხთ კათალიკოზ მკრტიჩ I-ის მისაგებებლად. 5 საათსა და 12 წამზეც გამოჩნდა მატარებელი, არ მოახლოვებულიყო სადგურს, რომ შეიქმნა ძახილი: ,,კეცე ჰაირიკ!" მოვიდა მატარებელი. გამობრძანდა კათალიკოზი, გადასწერა ხალხს ჯვარი და სთქვა: ,,მე მოვდივარ წმიდა ადგილებიდგან ბეთლემ-იერუსალიმ და გოლგოთიდგან, მომაქვს იქიდგან ლოცვა-კურთხევა. იყავნთ დღე-გრძელნი და კურთხეულნი, გიყვარდეთ მხნეობა და გქონდეთ ღვთის სიყვარული. აღტაცებული ვარ სიხარულით, რომ გხედავთ ასე გახარებულთ ჩემის ნახვითა"...
სურამის დეპუტაციამ პურ-მარილი და სომხურად დაწერილი სიტყვა მიართვა. 6 საათზედ მატარებელი დაიძრა.“