საცეხველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საცეხველი — მარცვლეულის დასამუშავებელი იარაღი. საქართველოში მარცვლეული კულტურების ცეხვა და ნაყვა ქვის და ხის საცეხველში ხდებოდა.საცეხველი ნაირგვარია კონსტრუქციისა და მასალის თავისებურების მიხედვით. იგი 5 ნაწილისაგან შედგება: საცეხველი ჯამის, წირისთავის, ტაფის, ლილვის ან ღერძის და ორი ძელისაგან. დამხმარე ნაწილებია: ხელის მოსაკიდებელი ღვედი და მარცვლის სარევი ჯოხი. ხის ფუნქციურ თავისებურებებს, გავრცელების არეალს და სიხშირეს განსაზღვრავს მარცვლეული კულტურების თვისებები, მოხმარების წესი, გეოგრაფიული გარემო და ბუნებრივი პირობები.

საცეხველის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში საცეხველის სამი ტიპია დადგენილი:

  1. ხელის საცეხველი – ხელის საცეხველის სამი სახესხვაობა არსებობს: ბრტყელი ან მრგვალი სანაყ–სასრესი, სწორი სანაყი და თავმოხრილი სანაყი. თავმოხრილი სანაყის ორი ქვესახეობა დასტურდება: მთლიანი ხისგან თავმოხრილად გათლილი და ორი ნაწილისაგან შედგენილი „ჩაქუჩისებური“.
  2. ფეხის საცეხველი – ფეხის საცეხველის ერთადერთი სახეობაა ხის ფეხის დინგი. ფეხის საცეხველის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯენჯიანი მარცვალი უფრო სწრაფად იცეხვება, ვიდრე ხელის საცეხველში, რადგან დარტყმა მძიმედ და სწრაფად ხდება.
  3. წყლის საცეხველი – წყლის საცეხველი ორგვარია: ბერკეტიანი – ერთღერძიანი და ვერტიკალურ ბორბლიანი მრავალღერძიანი.

ხის საცეხველის დამზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის საცეხველის დამზადებას რამდენიმე ეტაპი სჭირდება: ხის შერჩევა, მოჭრა, გათლა. ხის მოჭრისას ითვალისწინებდნენ მთვარის ფაზებს. ხეს ძველ მთვარეზე ჭრიდნენ, ტრადიციული იყო უკუნი დღე, რადგან ამ დღეს მოჭრილ ხეს მეტი უპირატესობა ჰქონდა. მასალას შემოდგომის მიწურულს ან ზამთარში ამზადებდნენ. შეარჩევდნენ მზეზე გაზრდილ მაგარ ჯიშს: მუხის, ცაცხვის, წიფლის ან კაკლის მსხვილ და საღ ხეს. ყველაზე შესაფერის ჯიშად მიჩნეულია ცაცხვი. უფრო იშვიათად იყენებენ წაბლს. მოსაჭრელ ხეს ცულისპირით შემოსერავენ და ნაჯახით მოჭრიან, მოჭრილ ხეს დალარავენ, ნახშირში ამოვლებულ ლარს დააკრავენ და საცეხველის ზომის მიხედვით მორებად დაჭრიან, ნაჯახით გულს ამოჭრიან, შემდეგ წკეპარით ამოფხეკენ,გულში გამოსაწვავად სიმინდის ნაგულას ჩადებენ და ცეცხლს დაანთებენ.

ქვის საცეხველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის საცეხველის გათლის ტრადიციების შესასწავლად საინტერესო მასალას გვაძლევს გურიის ქვის საბადოების დამუშავების ხალხური წესები.

საცეხველის ქვის შერჩევა ძირითადად საბადოს მდებარეობის მიხედვით ხდებოდა. საუკეთესო მასალად ითვლებოდა მზის გულზე ამოზრდილი ობოლი ქვა, იგი ადვილად მოსაჭრელი და კარგი დასამუშავებელი იყო. საცეხველისთვის იხმარებოდა სახსრიანი და ტალიანი ქვა, რასაც სხვადასხვაგვარი დაბურღვა და მოჭრა ესაჭიროებოდა. ქვის შერჩევას დიდი მნიშვნებლობა აქვს, რადგან ცუდად შერჩეული ქვა დამუშავების დროს გატყდება. ქვის მოჭრა ორგვარი ხერხით ხდებოდა სოლებით დაწამლით-დანაღმვით.

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცეხველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახესხვაობის დასტურდება:

საცეხველი ჩვეულებრივ მოქცეულია კარმიდამოს კომპლექსში. საცეხველის სადგომს სამეგრელოში ოჩამურე ერქვა, ხოლო გურიაში ჩამურის ბურული. ფეხისა და წყლის მრავალღერძიანი საცეხველი კახეთის სამ მიკრორაიონში გვხვდება: ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინობიანში, 1919-1920 წლებში ვართაშენიდან გადმოსახლებულ უდინებში ფეხის დინგის ხმარების ერთეული შემთხვევები გვაქვს.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცეხველი გამოიყენებოდა ბრინჯის, ხორბლის, ნიგვზის, ხმელი სუნელების, თრიმლის, კორკოტის, ღომის, ფეტვის, სელის, სიმინდის და სხვ. გასაცეხვად.

საცეხველი ნაირგვარია კონსტრუქციისა და მასალის თავისებურების მიხედვით, გვხვდება როგორც ხის, ისე ქვის საცეხველი. საქართველოს უმრავლეს რეგიონში: გურიაში, ზემო იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ზემო და ქვემო სვანეთში ქვის საცეხველი ჭარბობდა ხისას, ხოლო ქვემო იმერეთში და სამეგრელოში უფრო ფართოდ ხის საცეხველი იხმარებოდა.

ანალოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცეხველის კონსტრუქციულ სახესხვაობას წარმოადგენს მისგან ფუნქციონალურად განსხვავებული წყლის საცეხველის მსგავსი იარაღი: დათვოული, საცეხველა (ზემო იმერეთი), სარეჯგველე, საცეხველა (ქვემო იმერეთი), დათვოული (გურია, სავშეთი, კლარჯეთი). სარაკუნა, სარახუნა (რაჭა, ლეჩხუმი, გურია), ოკაკვე/ოკვაკვე (სამეგრელო), წკარმანგანა (ლაზეთი), რომელიც იხმარებოდა ყანებში გარეული ცხოველების დასაფრთხობად. აღნიშნული იარაღი საცეხველისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ კაკუტი ჯამს კი არ ეცემოდა, არამედ ორ ბოძზე დამაგრებულ ძელს, რომლის ხმაური ნადირს აფრთხობდა.

ხელის საცეხველის კონსტრუქციული სახესხვაობაა როდინი და ფილი. ფილის ძირი ფორმით მრგვალია, მას ტანი და თავი მრგვალი აქვს. ფილის სიმაღლეა საშუალოდ 15–22 სმ, სიგანე 26–28 სმ, სიღრმე კი 18–20 სმ-ის ფარგლებს არ სცილდება. ზოგჯერ ფილი სახელურიანია, ასეთი ფილი იყალთოში დადასტურდა.

შიდა ქართლში გავრცელებული როდინი მაღალი იარაღია, მას თლიდნენ იმ ვარაუდით, რომ შუაწელში ვიწრო, ხოლო ძირისა და თავისკენ თანდათანობით გაფართოებული ყოფილიყო. როდინს ბრტყელი ძირი აქვს, ზემო და ქვემო ნაწილი ტოლი, რომ ნაყვის დროს წონასწორობა არ დაკარგოს. როდინის სიმაღლე 37–55 სმ-ის ფარგლებში ტრიალებს, მარცვლის ჩასაყრელი გულის სიღრმე 15–27 სმ-ის ტოლია, თავისა და ძირის დიამეტრი 15–20 სმ-ს უდრის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუხაძე ჯ., საცეხველი, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასი, თბ., 1985, გვ. 92-112