ჩონჩხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩონჩხიცხოველებისა და ადამიანის მაგარი ქსოვილების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სხეულის საყრდენს და, ამასთან ერთად, იცავს ორგანიზმს მექანიკური დაზიანებისაგან. განასხვავებენ გარეგან და შინაგან ჩონჩხს. უხერხემლოების უმრავლესობის ჩონჩხი გარეგანია და, ჩვეულებრივად, წარმოდგენილია ნიჟარის ან კუტიკულის სახით. კუტიკულური გარეგანი ჩონჩხი, რომელიც დამახასიათებელია განსაკუთრებით ფეხსახსრიანებისათვის, შედგება ქიტინისაგან. უხერხემლოების შინაგანი ჩონჩხი პრიმიტიულ შემთხვევაში (ღრუბლები) წარმოდგენილია კიროვანი და კაჟოვანი ნემსებით — სპიკულებით. უმდაბლესი ქორდიანების — უქალოების შინაგანი ჩონჩხი წარმოდგენილია გრძელი საღერძე სიმით — ქორდით.

ხერხემლიანების შინაგანი ჩონჩხი იყოფა საღერძე, თავისა (ქალა) და კიდურების ჩონჩხებად. ემბრიონების შინაგანი ჩონჩხი ჯერ ხრტილოვანია და შემდეგ თანდათანობით ხდება გაძვალება (არასრულად). მრგვალპირიანებისა და ხრტილიანი თევზების შინაგანი ჩონჩხი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხრტილოვანად რჩება. ძვლები და ხრტილები ერთმანეთს უკავშირდება მოძრავად (სახსრით) ან უძრავად. საღერძე ჩონჩხი ჩვეულებრივად, წარმოდგენილია ცალკეული მალებისაგან შედგენილი ხერხემლით, რომელიც ემბრიონში ცვლის ქორდას. მალების ზევითა მორჩები ანუ რკალები ერთმანეთს უერთდება და ქმნის ზურგის ტვინის არხს, რომელშიც მოთავსებულია ზურგის ტვინი. მალების სხეულებს ემაგრება ნეკნები, რომლებიც მკერდის ძვალთა შეერთებით ქმნიან გულმკერდს. ზვიგენისებრი თევზების მალების სხეულები ხრტილოვანია, უმაღლესი თევზების და ხმელეთის ხერხემლიანებისა — ძვლოვანი.

ადამიანის ჩონჩხის შემადგენლობაში 200 ძვალზე მეტია (სასმენი ძვლების ჩაუთვლელად). ადამიანის ჩონჩხის შესწავლას — ოსტეოლოგიას ანთროპოლოგიაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ცალკეული ძვლები, განსაკუთრებით კი მათი თანაფარდობა, სხვადასხვა რასობრივ ჯგუფში გარკვეული დიფერენცირების სურათს ქმნიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 148, თბ., 1987 წელი.
  • Догель В. А., Сравнительная анатомия беспозвоночных, ч. 1, Л., 1938;
  • Шмальгаузен И. И., Основы сравнительной анатомии позвоночных животных, 4 изд., М., 1947;
  • Иванов Г. Ф., Основы нормальной анатомии человека, т. 1, М., 1949;
  • Быстров А. П., Прошлое, настоящее. будущее человека. Л., 1957;
  • Рогинский Я. Я., Левин М. Г., Антропология, 2 изд., М., 1963;
  • Беклемишев В. Н., Основы сравнительной анатомии беспозвоночных, 3 изд., т. 1—2, М., 1964;
  • Синельников Р. Д., Атлас анатомии человека, 4 изд.,т