ლიბერტარიანიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიბერტარიანიზმიპოლიტიკური ფილოსოფიების ჯგუფი, რომლებიც ხაზს უსვამს პიროვნულ თავისუფლებას და მოხალისეობრივ ასოციაციას. ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ მთავრობის მცირე ძალაუფლების ქვეშ ან სრულიად თავისუფალი საზოგადოების არსებობას.

ლიბერტარიანელი ისტორიკოსი, ჯორჯ ვუდკოკი ლიბერტარიანიზმს განმარტავს, როგორც ფილოსოფიას, რომელიც ავტორიტეტის არსებობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საზოგადოების ტრანსფორმაციას რეფორმით ან რევოლუციის გზით ხედავს. ლიბერტარიანელი ფილოსოფოსი როდერიკ ლონგი ლიბერტარიანიზმს განმარტავს, როგორც „ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ძალაუფლების რადიკალურ გადაცემას ძალდატანებითი სახელმწიფოსგან თავისუფალი ინდივიდების მოხალისეობრივი ასოციაციების ხელში“, მიუხედავად იმისა „მოხალისეობრივი ასოციაცია“ მიიღებს თავისუფალი ბაზრის თუ კომუნალური კოოპერატივის ფორმას. აშშ-ს ლიბერტარიანული პარტიის მიხედვით, ლიბერტარიანიზმი არის ისეთი მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც მოხალისობრივად ფინანსდება და მისი მოვალეობები შემოიფარგლება დაიცვას ინდივიდები ძალადობისგან.

ლიბერტარიანული აზროვნების სკოლები განსხვავდებიან სახელმწიფოს უფლებების შემცირების ხარისხით. ანარქისტული სკოლები მხარს უჭერენ სახელმწიფოს სრულ გაუქმებას. მინარქისტული სკოლები სახელმწიფოს მოვალეობად მხოლოდ მოქალაქეების აგრესიისგან, ქურდობისგან და თაღლითობისგან დაცვას მიიჩნევს. ზოგიერთი სკოლა ღარიბების დახმარებას ეთანხმება. ასევე, არის სკოლები, რომლებიც მხარს უჭერენ კერძო საკუთრების უფლებებს განუკუთვნელ მიწებზე და ბუნებრივ რესურსებზე, ამის პარალელურად არსებობენ სკოლები, რომლებიც სრუალიად უარყოფენ კერძო საკუთრების უფლებას და საერთო საკუთრებას უჭერენ მხარს. კიდევ ერთი კონტრასტი, რომელიც ლიბერტარიანელებს შორის არსებობს, არის ის რომ ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერს წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ზოგიერთი კი პირიქით, საერთო საკუთრებას ეთანხმება - პირველის მაგალითია კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, ხოლო უკანასკნელის სოციალისტური. კონტრაქტარიანული ლიბერტარიანიზმი მიიჩნევს, რომ მთავრობის ლეგიტიმურობას განსაზღვრავს არა მართულების თანხმობა, არამედ კონტრაქტი, ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ეს შეიძლება დავინახოთ როგორც კონსეკვენციალიზმი ან დეონტოლოგიზმი, გააჩნია კონტრაკტი რის საფუძველზე განისჯება. ზოგირთი ლიბერტარიანელი სოციალისტი უარყოფს დეონტოლიგიურ და კონსეკვენციალურ მიდგომას და იყენებს ისტორიულ მატერიალიზმს თავისუფლების მოპოვების გზის განსასჯელად.

ისეთი სწავლული, როგორიც ნოემ ჩომსკია ამტკიცებს, რომ უმეტეს ქვეყნებში ტერმინები „ლიბერტარიანი“ და „ლიბერტარიანიზმი“ მემარცხენე ანარქიზმის სინონიმებია. მხოლოდ აშშ-ში ასოცირდება ლიბერტარიანელი იმ ადამიანთან, რომელსაც კონსერვატიული პოზიცია აქვს ეკონომიკის საკითხებზე და ლიბერალური შეხედულება სოციალურ საკითხებზე, „კონსერვატის“ და „ლიბერალის“ ზოგადი გაგებით აშშ-ში.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება]

ლიბერტარიანელი ფილოსოფოსები შეიძლება დაიყოს სამი ძირითადი კითხვით: არის თუ არა აქტის მორალურობა განსაზღვრული კონსეკვენციალურად ან დეონტოლოგიურად, არის თუ არა კერძო საკუთრება ლეგიტიმური და არის თუ არა სახელმწიფო ლეგიტიმური.

კონსეკვენციალისტური / დეონტოლოგიური განსხვავება[რედაქტირება]

ლიბერტარიანზმში, რომელიც მხარს უჭერს კერძო საკუთრების უფლებას, გამოიყოფა ორი ტიპი, რომლებიც განსხვავებულ ეთიკურ დოქტრინებს ეფუძნებიან. ერთი არის კონსეკვენციალისტური ლიბერტარიანიზმი და მეორე დეონტოლოგიური ლიბერტარიანიზმი ან ლიბერტარიანული მორალიზმი. კონსეკვენციალისტური ლიბერტარიანიზმი ამტკიცებს, რომ თავისუფალი ბაზარი და ძლიერი კერძო საკუთრების უფლება, არის სასარგებლო შედეგების მომტანი, როგორიცაა სიმდიდრე და პროდუქტიულობა. დეონტოლოგიური ლიბერტარიანიზმი ამტკიცებს, რომ არსებობს მორალური წესები, რომლის დარღვევაც არავის შეუძლია მიუხედავად შედეგებისა. დეონტოლოგიური ლიბერტარიანიზმს მოჰყავს აგრესია და ძალდატანება მაგალითებად. დეონტოლოგიური ლიბერტარიანიზმი ზოგადად ანარქიზმის მხარდამჭერია. დეონტოლოგი ლიბერტარიანელი ანარქისტები სახელმწიფოს ადანაშაულებენ არა-აგრესიულობის პრინციპის დარღვევაში. კონსეკვენციალისტი ლიბერტარიანელები კი სახელმწიფოს უჭერენ მხარს. არსებობს ასევე დეონტოლოგიური და კონსეკვენციალისტური აზროვნების ჰიბრიდული ფორმებიც.

პროპერტარიანული / ნონ-პროპერტარიანული განსხვავება[რედაქტირება]

ნონ-პროპერტარიანული ლიბერტარიანელი ფილოსოფოსები თვლიან, რომ თავისუფლება ეს არის ავტორიტეტის არარსებობა და ამტკიცებენ, რომ საზოგადოება, რომელიც ეფუძნება თავისუფლებასა და თანასწორობას, შეიძლება მხოლოდ ჩამოყალიბდეს იმ ავტორიტარული ინსტიტუტების გაუქმებით, რომლებიც აწესებენ კონტროლს წარმოების საშუალებებზე და უქვემდებარებენ უმრავლესობას მმართველ კლასს ან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას. უფრო მკაფიოდ, ის ჰგმობს კერძო საკუთრების უფლებას და აქედან გამომდინარე, მას არ მიაჩნია ლეგიტიმურად მავანის მოთხოვნა რომელიმე რესურსზე. ლიბერტარიანული სოციალიზმი არის პოლიტიკური ფილოსოფოსების ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს არა-იერარქიულ, არა-ბიუროკრატიულ, უხელისუფლებო საზოგადოებას, სადაც წარმოების საშუალებებზე არ არსებობს კერძო საკუთრების უფლება. ტერმინი ლიბერტარიანული სოციალიზმი ასევე გამოიყენება, რომ განასხვავოს ეს ფილოსოფია სახელმწიფო სოციალიზმისგან და ანარქიზმისგან. ლიბერტარიანელი სოციალისტები იმედს ამყარებენ დეცენტრალიზებულ პირდაპირ დემოკრატიაზე როგორიცაა ლიბერტარიანული მუნიციპალიზმი, მოქალაქეთა ასამბლეები, სავაჭრო გაერთიანებები და მუშათა საბჭოები.

პროპერტარიანული ლიბერტარიანელი ფილოსოფოსები თავისუფლებას განმარტავენ როგორც არა-აგრესიულობას, ან სახელმწიფოს, სადაც არც ერთი პიროვნება ან ჯგუფი არ ახორციელებს აგრესიას სხვა პიროვნებასა თუ ჯგუფზე, სადაც აგრესია განიმარტება, როგორც კერძო საკუთრების უფლების შელახვა. ეს ფილოსოფია სრულად უჭერს მხარს კერძო საკუთრების უფლების ლეგიტიმურობას. პროპერტარიანული ლიბერტარიანელები თვლიან, რომ კერძო საკუთრების წესი არის ეთიკურიც და სარგებელიც საუკეთესო მოაქვს. ისინი ძირითადად უჭერენ მხარს თავისუფალ ბაზარს და არ ეწინააღმდეგებიან ძალების ნებისმიერ კონცენტრაციას (მონოპოლიებს), რომელსაც ხსნიან იმით, რომ ეს არა-ძალდატანებითი საშუალებების შედეგია.

სტატისტური / ანარქისტული განსხვავება[რედაქტირება]

ლიბერტარიანელები განსხვავდებიან იმით, თუ რა ხარისხით უნდა შემცირდეს სახელმწიფოს უფლებები. ზოგიერთი მხარს უჭერს სახელმწიფოს არსებობას და ხედავს მას საჭიროდ, ამის პარალელურად ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს უხელისუფლებო საზოგადოებას და სახელმწიფოს ხედავს როგორც არასასურველს, გამოუსადეგარს და საზიანოს. ხელისუფლების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ბაზრის მიერ კონტროლირებადი თავდაცვა და სასამართლო ამახინჯებს სამართალს და აქცევს მას ფართომოხმარებად საქონლად, უქვემდებარებს მას ეკონომიურ ძალაუფლებას. მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი თავდაცვა და სასამართლო არის როგორც ამორალური, ასევე არაეფექტური. ლიბერტარიანელი სოციალისტები თვლიან, რომ თავისუფლება შეუთავსებელია სახელმწიფოსთან, ასკვნიან ამას სახელმწიფოს კლასების ბრძოლის ანალიზის საფუძველზე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტერმინი მოდის ფრანგული სიტყვიდან libertaire. სიტყვის გამოყენება „ლიბერტარიანელი“, იმისათვის რომ აღეწერათ რიგი პოლიტიკური პოზიციები, უკავშირდება სწორედ ამ ფრანგულ სიტყვას - libertaire, რომელიც ფრანგმა ანარქისტმა ჟოზეფ დეჟაკმა შემოიღო, რათა განესხვავებინა თავისი ლიბერტარიანული კომუნისტური მიდგომა მიუტიუელიზმისგან. მას შემდეგ, 1890 წლიდან, ლიბერტარიანიზმი გამოიყენება მემარცხენე ანარქიზმის სინონიმად. აშშ-ს გარდა, სხვა ქვეყნებში ლიბერტარიანიზმი მიიჩნევა როგორც ანარქიზმის სინონიმი.

ისტორია[რედაქტირება]

მეთვრამეტე საუკუნე[რედაქტირება]

განმანათლებლობის ხანა[რედაქტირება]

ჯონ ლოკი

მეთვრამეტე საუკუნეში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კლსიკურმა ლიბერალურმა იდეებმა ჰპოვეს აღორძინება. ლიბერტარიანიზმის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები კლასიკური ლიბერალური იდეების გავლენას განიცდიდნენ. ტერმინი ლიბერტარიანელი მეტაფიზიკურ, ფილოსიფიურ ჭრილში თავიდან, გვიანი განმანათლებლობის ხანაში, აღწერდა თავისუფლად-მოაზროვნეებს, რომელთაც სწამდათ თავისუფალი ნების, რითაც დეტერმინიზმს უპირისპირდებოდნენ. პირველი წერილობითი გამოყენება 1789 წელს უილიამ ბელშემს ეკუთვნის, როდესაც განიხილავს თავისუფალ ნებას და უპირისპირდება „ნესესიტარიანულ“ (იგივე დეტერმინისტულ) შეხედულებებს. 1793 წელს, უილიამ გოდვინმა დაწერა პოლიტიკური სამართალი, რომელსაც ზოგი ანარქიზმის პირველ გამოვლინებად მიიჩნევს. გოდვინი დაუპირისპირდა რევოლუციურ მოქმედებას და მიიჩნევდა მინიმალურ სახელმწიფოს, როგორ აწმყოს "საჭირო ბოროტებად", რომელიც ცოდნის გავრცელებასთან ერთად თანდათან შეუსაბამო და უუნარო გახდებოდა. ამ პერიოდში ჯონ ლოკის ნაშრომები გახდა გავლენიანი. ლოკის პოლიტიკური თეორია სოციალური კონტრაქტის თეორიას ემყარება. თომას ჰობსისგან განსხვავებით, ლოკს სწამდა, რომ ადამიანურ ბუნებას ახასიათებს კეთილ-გონიერება და ტოლერანტობა. ჰობსის მსგავსად, ლოკს სჯეროდა, რომ ადამიანური ბუნება ადამიანს აძლევს საშუალებას იყოს ეგოისტი. ეს ნათელი ვალუტის გაჩენასთან ერთად გახდა. ბუნებრივი მდგომარეობად მიიჩნევა, როდესაც ყველა ადამიანი არის თანასწორი, დამოუკიდებელი და ყველას აქვს ბუნებრივი უფლება, დაიცვას თავისი „სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება“. ეს გახდა საფუძველი ამერიკული დამოუკიდებლოს დეკლარაციაში ფრაზისა: „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“.

მიუტიუელიზმი[რედაქტირება]

მიუტიუელიზმი მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისური და ფრანგული მუშათა მოძრაობებით დაიწყო, სანამ მიიღებდა ანარქისტულ ფორმას, რომელიც ასოცირდებოდა პიერ-ჟოზეფ პრუდონთან საფრანგეთში და სხვებთან აშშ-ში. პრუდონმა შემოგვთავაზა სპონტანური წესრიგი, სადაც ორგანიზაცია წარმოიქმნება ცენტრალური ავტორიტეტის გარეშე, „პოზიტიური ანარქია“, სადაც წესრიგი წარმოიშვება, როდესაც ყველა აკეთებს „იმას რაც სურს და მხოლოდ იმას რაც უნდა“ და სადაც „სოციალური წესრიგს მხოლოდ ბიზნესის ტრანზაქციები აწარმოებენ“. მნიშვენლოვანია ავღნიშნოთ, რომ პრუდონმა განასხვავა ერთმანეთისგან იდეალური და პრაქტიკული პოლიტიკური შესაძლებლობები. ამ მიზეზით, მისი თეორეტიკული განცხადებებისგან განსხვავებით უკიდურესი სპონტანური თვით-მმართველობის შესახებ, პრუდონი აქტიურად იყო ჩაბმული საფრანგეთის პარლამენტურ პოლიტიკაში და თავს აკუთვნებდა არა ანარქისტურ, არამედ მუშათა სოციალისტურ მოძრაობებს, ასევე მხარს უჭერდა სახელმწიფო დაცის ქვეშ არსებულ მუშათა კოოპერატივებს და პროპაგანდას უწევდა ზოგიერთ ნაციონალიზაციის სქემას თავისი სახელმწიფო სამსახურის კარიერის განმავლობაში.

მიუტიუელისტური ანარქიზმი ეხება ისეთ საგნებს, როგორიცაა თანაზიარობა, თავისუფალი ასოციაცია, მოხალისეობრივი კონტრაქტი, ფედერაცია, საკრედიტო და სავალუტო რეფორმა. უილიამ ბეტჩელდერ გრინის მიხედვით, თითოეული მუშა მიუტიუელისტურ სისტემაში მიიღებს „ზუსტ გასამრჯელოს მისი სამუშაოსთვის; მომსახურებებს, რომლებიც თანაბარი ფასით გადაიცვლება სხვა მომსახურებებზე, მოგების ან ფასდაკლების გარეშე“. მიუტიუელიზმი რეტროსპექტიულად ხასიათდება, როგორც იდეოლოგიურად შუაში მყოფი ანარქიზმის ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ ფორმებს შორის. პრუდონი თავის მიზანს ახასიათდება, როგორც „საზოგადოების მესამე ფორმა, კომუნიზმისა და საკუთრების სინთეზი“.

ადრეული მეცხრამეტე საუკუნე[რედაქტირება]

ეგოისტური ანარქიზმი[რედაქტირება]

ინდივიდუალისტური ანარქიზმის გავლენიანი ფორმა, "ეგოიზმი" იგივე ეგოისტური ანარქიზმი, განისაზღვრა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და კარგად ცნობილი ინდივიდუალისტური ანარქიზმის პროპონენტის, გერმანელი მაქს შტირნერის მიერ. შტირნერის ეგო და იგი თვითონ, გამოქვეყნებული 1844 წელს, ამ ფილოსოფიის დამფუძნებელი ნაშრომია. შტირნერის მიხედვით, ინდივიდუალის უფლებების შემზღვუდელი ფაქტორი არის მხოლოდ მისი ძალაუფლება მოიპოვოს რაც სურს, ღმერთის, სახელმწიფოს და მორალის ჩაუთვლელად. შტირნერი თვლიდა, რომ უფლებები არის მოჩვენებითობა ადამიანის გონებაში და რომ არ არსებობს საზოგადოება, არსებობენ მხოლოდ ინდივიდუალები. იგი უჭერდა მხარს სურვილის მიხედვით მოქმედებეას, რომელსაც შტირნერი განიხილავდა, როგორც ორგანიზაციის ფორმას სახელმწიფოს ნაცვლად. ეგოისტი ანარქისტები ამტკიცებენ, რომ ეგოისტური სურვილი წარმოშობოს ინდივიდუალებს შორის ჭეშმარიტ და სპონტანურ გაერთიანებას.

ადრეული ინდივიდუალისტური ანარქიზმი[რედაქტირება]

იოსია უორენი

იოსია უორენი ფართოდ ცნობილი, როგორც პირველი ამერიკელი ანარქისტი და ოთხგვერდიანი ყოველკვირეული გაზეთის მშვიდობიანი რევოლუციონერის, პირველი პერიოდული ანარქისტული გამოცემის რედაქტორი იყო 1833 წელს. ამერიკელი ანარქისტი ისტორიკოსის ეუნიკე მინიტ შუსტერის მიხედვით „ეს ნათელია... რომ პრუდონიანური ანარქიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ ცოტა 1848 წელს იყო დამკვიდრებული და ის ნაკლებად უკავშირდებოდა იოსია უორენისა და სტეფან პერლ ენდრიუსის ინდივიდუალისტურ ანარქიზმს... უილიამ ბ. გრინმა წარმოადგინა პრუდონიანური მიუტიუელიზმი ყველაზე წმინდა და სისტემატური ფორმით.“ ჰენრი დევიდ თორო (1817-1862) იყო ფიგურა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ადრეულ ინდივიდუალისტურ აზროვნებაზე აშშ-სა და ევროპაში. თორო ამერიკელი მწერალი, პოეტი, ნატურალისტი, ანტიმოდერნისტი, გეოდეზისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და წამყვანი ტრანსცენდენტალისტი იყო. იგი ცნობილია თავისი წიგნით უოლდენ და ესეთი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალური წინააღმდეგობის არგუმენტირება სამოქალაქო მთავრობის წინააღმდეგ, მორალური ოპოზოცია უსამართლო სახელმწიფოში. მოგვიანებით, ბენჟამინ ტაკერმა შეაერთა შტირნერის ეგოიზმი უორენისა და პრუდონის ეკონომიკასთან თავის გავლენიან ეკლეკტიკურ გამოცემაში თავისუფლება.

ამერიკული ინდივიდუალისტური ანარქიზმის მოწინავე თემა იყო თავისუფალი სიყვარული. თავისუფალმა სიყვარულმა წინ წამოწია ქალთა უფლებები, მათ შორის ის კანონები, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციას ახდენდა: მაგალითად, ქორწინების კანონები და ანტი-შობადობის კონტროლის ზომები. ამერიკული თავისუფალი სიყვარულის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალი Lucifer the Lightbearer (1883-1907) იყო მოსე ჰარმანის და ლოის ვაისბრუკერის რედაქტორობით, ასევე პარალელურად გამოიცემოდა ეზრა ჰეივუდისა და ანგელა ჰეივუდის The Word (1872–1890, 1892–1893). მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მთავარი ანარქისტული გაზეთი ამერიკაში Free Society (1895-1897 The Firebrand-ის სახელით; 1897-1904 Free Society-ის სახელით) იყო. პუბლიკაცია მხარს უჭერდა თავისუფალ სიყვარულსა და ქალთა უფლებებს, აკრიტიკებდა კომსტოკერისებურ ცენზურას სქესობრივ ინფორმაციაზე. ასევე, მ. ე ლაზარუსი იყო ამერიკული ინდივიდუალისტური ანარქიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ სიყვარულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]