ნეოკონსერვატიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეოკონსერვატივიზმი — პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დასაბამს შეერთებულ შტატებში იღებს. მისი ძირითადი განმასხვავებელი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებშია, სადაც ის ინტერვენციონისტულ პოლიტიკას ლობირებს, ეროვნული ინსტერესების (როგორც ეს ნეოკონსერვატორებს ესმით) დაცვის მიზნით.პირველი ნეოკონსერვატორები იყვნენ ძირითადად ებრაელი ლიბერალები რომლებიც ეწინაამდეგებოდნენ ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას და ამას ხსნიდნენ ამერიკის როლის შემცირების საშიშროებით მსოფლიოში. ტრადიციული კონსერვატორებისგან განსხვავებით ნეოკონსერვატორები არ ეწინააღმდეგებიან მინიმალურად ბიუროკრატიულ სოციალურ სახელმწიფოს, და, ზოგადად ემხრობიან რა ლიბერალურ ეკონომიკას, საჭიროებისამებრ არ არიან მასში ჩარევის წინააღმდეგი, გარკვეული სოციალური მიზნების მისაღწევად.

ტერმინი „ნეოკონსერვატორი“ თავდაპირველად გამოყენებულ იქნა იმ ლიბერალების წინააღმდეგ, რომლებიც „მარჯვნივ გადავიდნენ“. მაიკლ ჰარინგტონმა, სოციალ-დემოკრატმა, სიტყვა ნეოკონსერვატორი პირველად გამოიყენა 1973 წელს ჟურნალის „Dissent“ სტატიაში სოციალური პოლიტიკის შესახებ.

პირველი მნიშვნელოვანი ნეოკონსერვატორი, რომელმაც ეს ტერმინი მიიღო და ამ მიმდინარეობის დამფუძნებლად ითვლება, იყო ირვინ კრისტოლი. მან საკუთარი ნეოკონსერვატიული შეხედულებები ჩამოაყალიბა 1979 წლის სტატიაში „Confessions of a True, Self-Confessed Neoconservative.“ („ნამდვილი, თვითაღიარებული ნეოკონსერვატორის აღიარება“). კრისტოლის იდეების გავლენა იზრდება 1950-იანებიდან, როდესაც ის ჟურნალს „Encounter“ აფუძნებს. ნეოკონსერვატიული იდეების კიდევ ერთი გავლენიანი წყარო იყო ნორმან პოდჰორეცი, ჟურნალის „Commentary“ რედაქტორი 1960-95 წლებში. 1982 წლისთვის პოდჰორეცი საკუთარ თავს ნეოკონსერვატორს უწოდებდა ნიუ-იორკ ტაიმზის სტატიაში „The Neoconservative Anguish over Reagan's Foreign Policy“ („ნეოკონსერვატიული წუხილი რეიგანის საგარეო პოლიტიკის მიმართ“). ეს ტერმინი სულ უფრო ხშირად ხდება მედიის ყურადღების ცენტრში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში. განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ნეოკონსერვატორთა ზეგავლენას, როგორც „ბუშის დოქტრინის“ ნაწილს.