კარელ გოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარელ გოტი

კარელ გოტი (ჩეხ. Karel Gott; დ. 14 ივლისი, 1939, პლზენი) — ჩეხი მომღერალი, რომელიც ძირითადად ჩეხურ და გერმანულ ენებზე ასრულებს სიმღერებს. კარელ გოტს უწოდებენ პრაღის ოქროს ხმას. საქმიანობს ასევე სახვით ხელოვნებაშიც.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება]

კარელ გოტი სწავლობდა პრაღის გიმნაზიაში და მეგობრებთან ერთად უკრავდა კლუბებში. თავდაპირველად სურდა მხატვარი გამოსულიყო, თუმცა, რადგან სამხატვრო აკადემიის მისაღები გამოცდების ჩაბარების ვერავითარ შანსს ვერ ხედავდა, სცადა ელეკტრიკოსის პროფესიას დაუფლებოდა.

კარიერა მან 1958 წელს პრაღის კლუბებში გამოსვლებით დაიწყო. პირველ ჩანაწერებს იგი 1960 წელს ინგლისურ ენაზე ქმნიდა. 1959 წელს კარელ გოტს შეხვდა ჩეხოსლოვაკური ბენდის ლიდერი კარელ კრაუტგარტნერი, რომელმაც გოტი ერთ-ერთ ტურნეზე თან წაიყვანა და შესთავაზა ჩაებარებინა კონსერვატორიაში, სადაც გოტი სამი წლის განმავლობაში სწავლობდა სიმღერას. 1963 წელს გამოიცა მისი პირველი სინგლი, ჰენრი მანჩინის „Moon River-ის“ ჩეხური ვერსია. 1967 წელს მონაწილეობა მიიღო კანის მიდემის ფესტივალში.

1968 წელს იგი ავსტრიის სახელით გამოვიდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე იუდო იურგენის დაწერილი სიმღერით Tausend Fenster (ათასი ფანჯარა) და მე-13 ადგილი დაიკავა. პრაღის გაზაფხულის დასრულების შემდეგ კარელ გოტმა გადაწყვიტა მცირე ხნით წასულიყო ემიგრაციაში დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა მალევე დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში.

მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა მუსიკა მულტფილმიდან „ფუტკარი მაია“. მისი უმრავლესი სიმღერა დაწერილია კომპოზიტორ კარელ სვობოდას მიერ.

კარელ გოტი ხშირად იწოდება, როგორც „პრაღის ოქროს ხმა“, „აღმოსავლეთის სინატრა“, „ოქროს ბულბული“ ან „კარგი ამბების მომტანი“. მონაწილეობას იღებდა არაერთ სატელევიზიო შოუში. საკუთარი შოუს გარდა, მონაწილეობდა ასევე ჟილბერ ბეკოს შოუში, Nashville Country Music-ის ფესტივალში, ევროფართიში, რუდი კარელის შოუში, ჯეიმზ ლასტის შოუსა და სხვა სატელევიზიო გადაცემებში. მისი დისკოგრაფია დაახლოებით 120 ალბომს მოიცავს, რომელთა რიცხვშიც შედის არაერთი კრებული.

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები მისი გაყიდული ალბომების რაოდენობის შესახებ; მიახლოებითი გამოთვლებით მან ოცდაათ მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, თუმცა ზოგიერთი მათ რაოდენობას 100 მილიონამდე ზრდის. მხოლოდ ჩეხეთსა და სლოვაკეთში მისი ალბომები დაახლოებით 15 მილიონჯერ გაიყიდა, რისთვისაც იგი ერთადერთი ხელოვანია, რომელი ჩეხეთის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ლეიბლმა სუპრაფონმა ბრილიანტის დისკით დააჯილდოვა.

დღეისათვის კარელ გოტი ორმოცდაათზე მეტი ბრილიანტის, პლატინის, ოქროსა და ვერცხლის ფირფიტის მფლობელია. ჩეხური გამოკითხვის „ოქროს ბულბულის“ მიხედვით იგი ოცდაათჯერ დასახელდა წლის საყვარელ მომღერლად.

კარელ გოტი თანამშრომლობდა ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის მუსიკალურ გამომცემლობებთან, ამიტომ იგი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებდა არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ შეერთებულ შტატებში, კანადასა და იაპონიაშიც. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიმღერებს ასრულებს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, ებრაულ, ესპანურ, რუმინულ, პოლონურ, უნგრულ, სერბულ-ხორვატულ, სლოვაკურ და სხვა ენებზე, ყველაზე წარმატებული მაინც ჩეხური და გერმანულენოვანი აბლომებია.

კარელ გოტი დაქორწინებულია ივანა მახაჩკოვაზე, ქორწილი მათ 2008 წლის 7 იანვარს ლას-ვეგასში გადაიხადეს. ჰყავს ორი ქალიშვილი, შარლოტე ელა გოტოვა (დ. 2006) და ნელი სოფიე გოტოვა (დ. 2008).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • H. P. Hofmann: Beat Lexikon. Interpreten, Autoren, Sachbegriffe. VEB Lied der Zeit Musikverlag, Berlin (Ost) 1977.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]