იაკუბ იასინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკუბ იასინსკი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1759 ან 1761
დაბადების ადგილი

ვენგლევი პიზდრას მახლობლდ

პოზნანის სავოევოდო (ამჟამად დიდი პოლონეთის სავოევოდო)
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1794
გარდაცვალების ადგილი ვარშავა
კუთვნილება პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
წოდება

ქვებრიგადირი (1783) პოდპოლკოვნიკი (1789) პოლკოვნიკი (1792)

გენერალ-ლეიტენანტი (1794)
ბრძოლები/ომები

რუსეთ-პოლონეთის ომი (1792)

კოსციუშკოს აჯანყება (1794)
ჯილდოები ორდენი Virtuti militari

იაკუბ კრშიშტოფ იგნასი იასინსკი ( პოლ. Jakub Krzysztof Ignacy Jasiński ; დ.1759 ან 1761 წლის 24 ივლისი, ვენგლევი პიზდრის მახლობლად, პოზნანის სავოევოდო — გ. 1794 წლის 4 ნოემბერი, პრაღა, ვარშავა ) — 1794 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტადეუშ კოსციუშკო,

„რადიკალთა ფრთის“ ლიდერი. საფრანგეთის რევოლუციის იდეების მომხრე.

აჯანყების დროს იყო ვილნას კომენდანტი, ლიტვის დიდ სამთავროში აჯანყებულთა ჯარების გენერალური მეთაური. ბრალი დასდეს „ლიტვურ სეპარატიზმში“ და გაიწვიეს ლიტვის დიდი სამთავროდან. მოკლეს ვარშავის დაცვის დროს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1761 წლის 24 ივლისს (სხვა წყაროების მიხედვით, ორი წლით ადრე [2] ) ვენგლევში, პიზდრის მახლობლად, დიდ პოლონეთში (მისი ბიოგრაფის ჰაინრიხ მოშიცკის გადმოცემით). [2] 12 წლიდან სწავლობდა ვარშავის რაინდთა სკოლაში (კადეტთა კორპუსი), რომელიც დააარსა მეფე სტანისლავ პონიატოვსკიმ. ჰქონდა მიდრეკილება სოციალური მეცნიერებებისადმი, იტაცებდა განმანათლებელთა იდეები [3] მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიამ. [2] 1783 წელს დაასრულა სწავლა და მიიღო ქვებრიგადირის წოდება. ორწლიანი სამსახურის შემდეგ დაბრუნდა კადეტთა კორპუსში ინჟინერიის პედაგოგად.

1789 წელს, ლიტვის დიდი სამთავროს არტილერიის გენერლის, მთავარ კაზიმირ საპეგას პატრონაჟით, მეფემ იაკუბ იასინსკი დანიშნა ლიტვის არმიის საინჟინრო კორპუსის უფროს ოფიცრად პოლკოვნიკის წოდებით. არმიის საინჟინრო სამსახურში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იასინსკი, შედიოდა 42 ოფიცერი და ჯარისკაცი, მათ შორის იყო 20 მაღაროელი და 1780 წელს ვილნაში შექმნილი საარტილერიო და სამხედრო საინჟინრო კორპუსის ნაწილი. 1792 წლის 13 იანვარს იასინსკიმ მიიღო ინჟინერიის პოლკოვნიკის წოდება . ის გაგზავნეს აუდიტორად პინასა და მუხავეცის დამაკავშირებელი სამეფო არხის მშენებლობაზე (ქალაქებს პინსკსა და კობრინს შორის). [4]

ომი რუსეთთან 1792 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბერალური პარტიის მიერ 3 მაისს კონსტიტუციაზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. თავადაზნაურობის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ კონსტიტუცია ლახავდა მათ კლასობრივ უფლებებს, უკმაყოფილო იყო. კონსტიტუციის გაუქმების მომხრეებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კონფედერაცია და რუსეთის ჯარებთან ერთად ემოქმედათ სეიმის წინააღმდეგ. თუმცა, რუსული არმია ჩართული იყო ოსმალეთის იმპერიასთან ომში და ეკატერინე II-მ ვერ გაბედა თანამეგობრობასთან ომის დაწყება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოსმალეთის იმპერიასთან იასის საზავო ხელშეკრულება დადო, უკმაყოფილო აზნაურების წარმომადგენლები პოტოცკი და რჟევუსკი ჩავიდნენ სანკტ-პეტერბურგში და დადეს საიდუმლო შეთანხმება იმპერატრიცასთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესახებ. 1792 წლის 18 მაისს, რუსეთის ჯარების ოთხი კოლონა შევიდა თანამეგობრობაში გენერალ-მაიორ მიხეილ კახოვსკის მეთაურობით ბესარაბიიდან და 32000-კაციანი არმია გენერალ-მაიორ მიხაილ კრეჩეტნიკოვის მეთაურობით აღმოსავლეთიდან. იმავე დღეს ქალაქ ტარგოვიცაში შეიქმნა კონფედერაცია კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა მიერ. [2]

ომის დაწყებისას იასინსკი მეთაურობდა საინჟინრო კორპუსს. მას შეეძლო მაქსიმუმ ათასი ჯარისკაცის გამოყვანა. [2] 1792 წლის 10 ივნისს მან მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში მირთან. მართალია, იასინსკიმ გამოავლინა გმირული თვისებები, მაგრამ ბრძოლა წააგო და ივან ფერზენმა ნესვიჟი ერთი გასროლის გარეშე აიღო, რომლის გამაგრებაზე იასინსკიმ უშედეგოდ იმუშავა. პოლონეთის არმია კონცენტრირებული იყო ბრესტში, სადაც 23 აგვისტოს გაიმართა ბრძოლები. იასინსკიმ შეიმუშავა ქალაქის თავდაცვის გეგმა, რომლის წყალობითაც ბრძოლა მოიგო და გამარჯვების ნიშნად დაჯილდოვდა კავალერიის ჯვარით Virtuti Militari. [5] იმავდროულად, კამპანიის შედეგი უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული: ეკატერინე II-ის ზეწოლის ქვეშ, მეფემ გადაწყვიტა გადასულიყო კონფედერატების მხარეზე და 22 ივლისს გასცა ბრძანება იარაღის დაყრის შესახებ. იასინსკი იძულებული გახდა დამორჩილებოდა. [2]

იატაკქვეშა საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1793 წლის გროდნოს სეიმის შემდეგ, აზნაურთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მრავალი უმაღლესი არმიის ჩინოსნები საზღვარგარეთ წავიდნენ. იასინსკი დარჩა ვილნაში, ცდილობდა საინჟინრო კორპუსის რეორგანიზაციას. ცნობილია, რომ იგი იცავდა რადიკალურ („იაკობინურ“) შეხედულებებს: მხარს უჭერდა ბატონყმობის გაუქმებას და თანამეგობრობის აღდგენას 1772 წლის საზღვრებში. ერთხელ მან აზრიც კი გამოტქვა, რომ ქვეყნის გადარჩენა არ შეიძლებოდა მთელი აზნაურების განადგურების გარეშე [2] .

შემოდგომაზე იასინსკიმ დაიწყო კონსპირაციული საქმიანობა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. იატაკქვეშა შტაბი მდებარეობდა იასინსკის ადიუტანტ ხოდკევიჩის ბანქოს სალონში. ბანქოს თამაშმა სერიოზულად შეუწყო ხელი სალარო აპარატის შევსებას. იასინსკი დროდადრო პოეზიით იყო გატაცებული; თუმცა, თავადაც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა საკუთარ მონაცემებს. 1794 წლის დასაწყისში პრორუსულმა ხელისუფლებამ შეიტყო იასინსკის იატაკქვეშა საქმიანობის შესახებ. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ვილნა და წასულიყო ვილკომირის რაიონში, სადაც მას ერთგული ჯარები ელოდნენ.

კოსტიუშკოს აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან ბაპტისტ ლამპი . იაკუბ იასინსკი. დაახლოებით 1794

1794 წლის 2223 აპრილის ღამეს იასინსკი ხელმძღვანელობდა აჯანყებას ვილნაში . აჯანყებულებმა სწრაფად განაიარაღეს რუსული გარნიზონი, ტყვედ აიყვანეს 1012 ადამიანი. 23 აპრილს ბაზრის მოედანზე გამოცხადდა „ლიტველი ხალხის აჯანყების აქტი“ . 25 აპრილს, ღალატისთვის, იასინსკის ინიციატივით, სიკვდილით დასაჯეს ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსი, ლიტვის დიდი ჰეტმანი შიმონ მარტინ კოსაკოვსკი .

3 მაისს ლიტვის უზენაესმა რადამ იასინსკი ლიტვის აჯანყებულთა ჯარების მთავარსარდლად დანიშნა. [3] ამასობაში მისმა რადიკალიზმმა დიდად შეაშინა აზნაურები, ხოლო აჯანყების პოლონეთის ხელმძღვანელობამ იასინსკი "ლიტველ სეპარატისტად" მიიჩნია. როგორც ლიტველი აჯანყებულების მთავარსარდალი, იასინსკი ხელმძღვანელობდა ახალი არმიის ორგანიზაციას, აჯანყების სოციალური ბაზის გასაფართოებლად, მან გლეხებს მიმართა რითმიანი პროკლამაციებით.

1794 წლის 11 მაისს კოსტიუშკომ იასინსკი გენერალ-ლეიტენანტად დანიშნა . თუმცა, უკვე 4 ივნისს იასინსკი მოხსნეს ლიტვის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან, უფლებამოსილებები გადასცეს გენერალ მიხალ ველგორსკის. [3] 10 ივნისს, კოსციუშკოს ბრძანებით, ლიტვის უმაღლესი რადა დაიშალა და შეიცვალა ლიტვის დიდი საჰერცოგოს ბევრად უფრო კონსერვატიული ცენტრალური დეპუტაციით.

ამ დროს აჯანყებულებსა და რუს ჯარებს შორის შეტაკებები არ შეწყვეტილა. ლიტვის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, იასინსკის გარდა, მოქმედებდნენ გენერლები გრობოვსკი და ხლევინსკი. ნემენჩინის მახლობლად იასინსკის პირველი ბრძოლა დამარცხებით დასრულდა. 7 მაისს გაიმართა მეორე ბრძოლა პოლიანასთან თუმცა იასინსკიმ აქაც მარცხი განიცადა. [2] მან საჭიროდ ჩათვალა ვილნას თავდაცვის გაძლიერება, მაგრამ ახალმა კომენდანტმა ველგორსკიმ გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ლიდას რაიონში. კომენდანტის ამ გადაწყვეტილების შესახებ იასინსკის არ ჰქონდა ინფორმაცია და ველგორსკის დაელოდა სოლის მახლობლად მდებარე ბანაკში, სადაც მანამდე შეთანხმდნენ ჯარების გაერთიანებაზე. უშედეგო ლოდინისას ბევრი დრო დაიკარგა, სასოწარკვეთილმა იასინსკიმ 4000 ჯარისკაცით შეტევა დაიწყო ზუბოვისა და ბენიგსენის კორპუსზე (დაახლოებით 5000 ჯარისკაცით 16 იარაღით). [2] ბრძოლა გაიმართა 26 ივნისს სოლის მახლობლად და იქცა მთელი კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლად. [2] იასინსკი იძულებული გახდა უკან დაეხია. უკანდახევის დროს დაიღუპა იაკუბის ძმა, მსროლელთა კაპიტანი იოზეფი. [2] იასინსკი ვარშავაში გაემგზავრა.

განიცადა რა მძიმე დეპრესია სამხედრო წარუმატებლობისა და ძმის გარდაცვალების გამო, 17 ივლისს იასინსკიმ ჩაიბარა სარდლობა ნარვენის ფრონტზე. ჯარების შესავსებად იგი წავიდა ბრესტში, ხოლო იქიდან — ბელსკში, სწორედ ამ დროს, აგვისტოს მეორე ნახევარში, მას მიუვიდა ცნობა ვილნის დაცემის შესახებ.

გროდნოში ჩასვლისთანავე, კოსციუშკომ, რომელსაც იასინსკის სეპარატიზმის აღარ ეშინოდა, დააჯილდოვა ბეჭდით, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: „სამშობლო თავის დამცველს“ და მის დაქვემდებარებაში გადაიყვანა ლიტვური დივიზია. კოსციუშკომ იური გრაბოვსკი [2] დანიშნა ნადნარვენსკის დივიზიის მეთაურად. ამასობაში რუსეთში გადაწყვიტეს სუვოროვის ერთი სწრაფი მარშით გადაეწყვიტათ კამპანიის შედეგი. დაუოკებელმა სუვოროვმა,ერთმანეთის მიყოლებით, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა კრუპჩიცის და ბრესტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში. 10 ოქტომბერს აჯანყებულები გადამწყვეტად დამარცხდნენ მაკეიოვიცესთან ბრძოლაში, კოსციუშკო ტყვედ ჩავარდა [2]

20 ოქტომბერს იასინსკი ჩავიდა ვარშავაში და სთხოვა აჯანყების ახალ დიქტატორს , ტომაშ ვავრზეცკის, გაეგზავნა ვარშავის გარეუბანში მდებარე პრაღის ციხესიმაგრეში, რომელიც უნდა გამხდარიყო ქალაქის თავდაცვის ცენტრი. ციხის დამცველებს გამარჯვების იმედი აღარ ჰქონდათ. [2] არსებობს მოსაზრება, რომ იმ დროს იასინსკიმ შესთავაზა მეფის და ყველა პატიმრის სიკვდილით დასჯა, რაც, რა თქმა უნდა, არ გაკეთებულა. [2] იასინსკის 4000-5000 ჯარისკაციანი კორპუსით დაევალა ციხის მარცხენა ფრთის — ტარგუვეკის დაცვა, რომელიც თავდაცვის ჩრდილოეთ ფრონტს წარმოადგენდა. [3]

3 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა სუვოროვის მეთაურობით დაიწყეს ციხის დაბომბვა, ხოლო მეორე დღეს, დილის 5 საათზე დაიწყო იერიში. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თავდაცვის ხაზი გაირღვა, გარეუბნებში პანიკა დაიწყო. ხალხი ხიდისკენ გაიქცა, რადგან ერთადერთი დამაკავშირებელი იყო ვარშავასთან. იასინსკი იყო მათ შორის, ვინც იცავდა ხალხის ხიდზე გაყვანისას და იქვე იგი ბროდნოს მახლობლად დაიღუპა. [6] პრაღის სხვა დამცველების მსგავსად, იასინსკიც დაკრძალეს კამენკოვსკის სასაფლაოზე. [3]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასინკსის ადრეულ შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა სენტიმენტალიზმმა. 1780-იანი წლების შუა პერიოდიდან მის შემოქმედებაში დომინირებდა სოციალური თემები და იასინსკის ნაშრომებმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა . თავად იასინსკიმ თქვა თავისი ლიტერატურული საქმიანობის შესახებ: ”მე ვწერ იმის შესახებ, რაც მინდა და მაინტერესებს და არ ვეძებ ქებას …” [3] .

იასინსკის კალმს ეკუთვნოდა ირონიული ლექსი „დავები“ (1788-1792), ლექსი „ტიანტია“ [7] . 1793 წელს გროდნოში ცალკე გამოიცა იასინსკის ლექსი „სიმწიფის შესახებ: პოლონელ დევნილებს“. წერდა სატირული და ზღაპრული ხასიათის ლექსებს. იასინსკის ზოგიერთი რომანტიული სიმღერა თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო. [3]

იასინსკი თავის პოეტურ ნაწარმოებებში ხშირად გამოხატავდა რადიკალურ შეხედულებებს, რასთან დაკავშირებითაც თანამედროვეები მას პოლონურ პოეზიაში „იაკობინის“ ტენდენციის წარმომადგენელად მიიჩნევდნენ. მისი სიმპათიები რევოლუციური საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციის მიმართ აისახა ლექსში „ხალხისადმი“ (1794) [3]

იასინსკის ნაწარმოებები გამოიცა 1869 წელს ვარშავაში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუბ იასინსკის საფლავი კამენკოვსკის სასაფლაოზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Грыцкевіч А. П. Паўстанне 1794 г.: перадумовы, ход і вынікі // Беларускі гістарычны часопіс. — 1994. — № 1.
  • Нечаев В. М.,. Ясинский, Яков (генерал) // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Юхо Я., Емельянчык У. «Нарадзіўся я ліцьвінам…»: Тадевуш Касцюшка. — Мн., 1994.
  • Keler J. Poezja Jakuba Jasińskiego. — Wrocław, 1952.
  • Land S., Plewkiewiczowa M. Portret Jakuba Jasinskiego. — Książka i Wiedza: 1964. — 202 s.
  • Leśnodorski B. Polscy jakobini. — Warszawa, 1960.
  • Libera Z. Jakub Jasinski // Pisarze polskiego Oswiecenia. — Warszawa, 1994. — T. 2.
  • Mościcki H. Generał Jasiński i powstanie kościuszkowskie. — Warszawa, 1917.
  • Mościcki H. Jakub Jasiński. — Kraków: M. Kot, 1948. — 236 s.
  • Sułek Z. Sprzysiężenie Jakuba Jasińskiego. — Warszawa: MON, 1982. — 280 s.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ясинский Якуб // История Беларуси. Словарь-справочник. — Мн.: Экономпресс, 2000. — ISBN 985-6479-22-3.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 Шпунт 1998.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Якуб Ясинский.
  4. Восстание и война 1794 года в литовской провинции. (По документам Москвы и Минска). / Е. К. Анищенко. — Мн.: Молодёжное научное сообщество, 2001.
  5. Krzysztof Filipow, Order Virtuti Militari 1792-1945, Warszawa 1990, s. 18-19..
  6. Szczep.
  7. Поэмы Ясинского были частично опубликованы в газете «Tygodnik Wilenski» в 1819 году. См. Грыцкевіч А. Ясінскі Якуб // Вялікае Княства Літоўскае. — Мн., 2005. — Т. 2. — С. 785.