იაკობინელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაკობინელები (ფრანგ. jacobins) — პოლიტიკური კლუბი საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში. მათ ეს სახელი ეწოდათ იმის გამო, რომ თავიანთი პირველი სხდომა ჩაატარეს წმინდა იაკობის (ფრანგულად "ჟაკობის" მონასტერში). 1793 წელს მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ ისინი რობესპიერის მეთაურობით ხელისუფლების სათავეში მოექცნენ და დაიწყეს "დიდი ტერორი". იმავე წლის სექტემბერში იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი "არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ", რომელიც ადგენდა საეჭვო პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. მათ დასმენა "რევოლუციურ სიქველედ" გამოაცხადეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული ჟირონდისტები. 1793 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ათასი პირი, 1794 წლის ზაფხულამდე კი მთელი ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი. "დიდი ტერორის" მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო. 1794 წლის თებერვალ–მარტში მათ მიერ მიღებული კანონები (ვანტოზის დეკრეტები) "რევოლუციის მტრების" ქინების კონფისკაციასა და მის ღარიბთა შორის დანაწილებას მოითხოვდა.

1794 წლისთვის რობესპიერისა და მისი უახლოესი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან – ებერტის გარშემო გაერთიანებულმა "ულტრარევოლუციონერ" იაკობინელთა ჯგუფმა, ისე მარჯვნიდან – დანტონმა და მისმა თანამოაზრე "ზომიერებმა". ებერტისტები დიქტატურისა და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ, დანტონისტები კი პირიქით, რობესპიერის პოლიტიკის შერბილებისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებდნენ.

ამ შემოტევების პასუხად დიქტატურამ 1794 წლის მარტსა და აპრილში გილიოტინაზე აიყვანა ჯერ ებერტი და ებერტისტები, ორი კვირის შემდეგ კი დანტონი და მისი "ზომიერები". 1794 წლის ივნისში სიკვდილით დასჯის პროცედურის დასაჩქარებლად რობესპიერმა შეიმუშავა და გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაციის შესახებ. კანონით უქმდებოდა ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის ინსტიტუტი. იაკობინელების ტერორს ბოლო არ უჩანდა.

კონვენტის კულუარებში "ჭაობი" რობესპიერის ტირანიაზე ალაპარაკდა და რობესპიერისა და მისი ჯგუფის მოწინააღმდეგეთა იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ტერორს გადაურჩა, გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისათვის. 1794 წლის 27 ივლისს (9 თერმიდორს) დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. შურისძიება სასტიკი იყო. გილიოტინირებულ იქნა რობესპიერის ჯგუფის ორი წევრის, რობესპიერის უმცროსი ძმისა და ლებას ცხედრებიც კი (ორივემ დაპატიმრებისას მოიკლა თავი).

იაკობინელები დაისაჯნენ მათ მიერვე ერთი თვით ადრე დაკანონებული წესით – გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: