თომას ჰოიზერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თომას ჰოიზერმანი (გერმ. Thomas Häusermann; დ. 31 მარტი, 1947, ციურიხი) — შვეიცარიელი პედაგოგი, მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს ციურიხში, მათემატიკის მასწავლებლის, ალბერტ ჰოიზერმანისა და რენტგენოლოგის, მარგარეტ ჰონეგერის ოჯახში. სწავლობდა ციურიხის დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდეგ - ლიტერატურულ გიმნაზიაში, სადაც ლათინური, ფრანგული და ძველბერძნული ენები შეისწავლა. მოწაფეობის დროს ბევრს კითხულობდა. თუმცა, განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თომასი მშობლებმა ორი თვით ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის შესასწავლად. შინ დაბრუნებულმა გერმანისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქ იგი დაინტერესდა ოსიპ მანდელშტამის პოეზიით და გადაწყვიტა რუსული ენის შესწავლა.

თომას ჰოიზერმანი საქართველოს პირველად 1972 წელს ესტუმრა ლენინგრადიდან, სადაც სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. თბილისმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ, თომასმა პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და ექვსი წლის განმავლობაში ციურიხში მასწავლებლად მუშაობდა. 1980 წელს მან პედაგოგიურ საქმიანობას თავი დაანება და მუსიკალურ განათლებას მოჰკიდა ხელი. მუშაობდა ფორტეპიანოს პედაგოგად, პარალელურად კი მონაწილეობდა კამერული მუსიკის კონცერტებში.

1991 წელს თომას ჰოიზერმანი, შვეიცარიის მასწავლებელთა გაერთიანებასთან ერთად, უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს. აქ მან პირველად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერა ანსამბლ „გეორგიკას“ შესრულებით. ქართულმა ფოლკლორულმა მუსიკამ მაშინვე მიიპყრო მუსიკათმცოდნის ყურადღება, რის გამოც მან ანსამბლის შვეიცარიაში ტურნეზე მიწვევა და ზოგადად შვეიცარიელი მსმენელისთვის ქართული მუსიკის გაცნობა გადაწყვიტა. თომასისა და შვეიცარიული ფირმის "Face Music" ერთობლივი ხელშეწყობით გამოიცა „გეორგიკას“ 6 ალბომი, ასევე - ანსამბლ „მზეთამზესა“ და საბავშვო გუნდ „პატარა გეორგიკას“ ალბომები. იგი ქართული ხალხური სიმღერის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, 1994-1995 წლებში ამჯერად უკვე ერთი წლით ესტუმრა საქართველოს.

ქართული ხალხური მუსიკის გარდა, თომას ჰოიზერმანი დაინტერესდა ქართული მწერლობითაც. მან საკმაოდ კარგად შეისწავლა ქართული ენა. იგი იკვლევს შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს (გრიგოლ რობაქიძე, ხარიტონ შავიშვილი, კიტა ჩხენკელი), შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობებს. 2013 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისათვის მოიპოვა მიხაკო წერეთლის რუსთაველის თარგმანის ტექსტი. იგი დაუახლოვდა ცნობილი ქართველი ფილოლოგის კიტა ჩხენკელის მოწაფეებს - ლეა ფლურს, რუთ ნოიკომსა და იოლანდა მარშევს და მათთან ერთად მეორედ გამოსცა უკვე რარიტეტად ქცეული გერმანულ-ქართული ლექსიკონის სამტომეული.

თომას ჰოიზერმანი არის ერთ-ერთი პირველი უცხოელი მკვლევარი, რომელმაც საფუძვლიანად შესწავლა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება. ქართველი მწერლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ავთანდილ ჩხიკვიშვილი მას, როგორც შვეიცარიის ქართული საზოგადოების წევრს, დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა გირგოლ რობაქიძის მემკვიდრეობის მოძიებაში. თომასი ქართულ ენაზე გაეცნო გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებებს, განსაკუთრებით დრამებს, ქართულ და გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურას მწერლის შემოქმედების შესახებ. 2006 წელს მან გამოსცა მონოგრაფია "Amor fati ბედისწერის სიყვარული = Liebe zum Schicksal", რომელიც ეხება გრიგოლ რობაქიძის დრამებს, მათი სცენაზე დადგმის ისტორიას. წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.[1]

თომას ჰოიზერმანის მონაწილეობით, 2018 წლის 28 სექნტემბერს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული უნიკალური არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.[2]

აკაკი და კიტა ჩხენკელების არქივი წლების განმავლობაში შვეიცარიაში ინახებოდა. აკაკი ჩხენკელმა, თავისი მემკვიდრეობა უმცროს ძმას, კიტას უანდერძა, რომელიც იმ პერიოდში ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, ეს მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს, ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი მარიანა და ტომას კრაერებისა და ტომას ჰოიზერმანის მფლობელობაში გადავიდა. მათი სურვილით კი არქივი საქართველოში დაბრუნდა.[3]

2000 წლის 23 აპრილს თომას ჰოიზერმანი სვეტიცხოველში მართლმადიდებლად მოინათლა.

2001 წელს საქართველოს თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ თომას ჰოიზერმანი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია „ქართული ხალხური შემოქმედების კვლევისა და დასავლეთ ევროპაში მისი პოპულარიზაციისათვის, ქართული მწერლობის შესახებ გამოქვეყნებული წერილებისათვის“.

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, თომას ჰოიზერმანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

2015 წლის 25 დეკემბერს თომას ჰოიზერმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[4]

თომას ჰოიზერმანი აქტიურადაა ჩართული 1988 წელს შვეიცარიაში დაარსებულ საქართველოს მეგობართა გაერთიანების საქმიანობაში (Vereinigung der Freunde Georgiens). 2013-2018 წლებში იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი. ორგანიზებას უწევს შვეიცარიელების მოგზაურობას საქართველოში. თომასი თანამშრომლობს თბილისის მეექვსე საავტორო სკოლასთან. თბილისში ყოფნის დროს მას აქვს გერმანული ლიტერატურის გაკვეთილები უფროსკლასელებთან. ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა ჯგუფების შვეიცარიაში მოგზაურობას. თანამშრომლობს ქართულ სამეცნიერო წრეებთან, უნივერსიტეტებთან.

ცალკეული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]