დინარის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დინარის მთიანეთი
ValbonaPass.jpg
დინარის მთიანეთი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ხორვატიის დროშა ხორვატია
კოსოვოს დროშა კოსოვო
ჩერნოგორიის დროშა მონტენეგრო
სერბეთის დროშა სერბეთი
სლოვენიის დროშა სლოვენია
გეოგრაფია
სიგრძე 650 კმ
სიგანე 230 კმ
უმაღლესი წერტილი იასერცე
სიმაღლე 2694 
გეოლოგია
ამგებელი ქანები დანალექი ქანები

დინარის მთიანეთი — მთიანეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია იულიუსის ალპებიდან (ჩრდილოეთით) მდინარე დრინამდე (სამხრეთით) 650 კმ-ზე. სიგანე 60-იდან 230 კმ-მდე. აღმოსავლეთით ესაზღვრება შუა დუნაის ვაკე და იბარის ხეობა, დასავლეთით ადრიატიკის ზღვა. მთიანეთის სანაპიროს ყველაზე მაღალი ნაწილი აგებულია მეზოზოური კირქვებით. გავრცელებულია რელიეფის კარსტული ფორმები. შედგება ქედებითა და ხეობებით გაყოფილი ზეგნებისაგან. შედარებით მაღალი ქედები და მასივებია: სნეჟნიკი (1796 მ), ველებიტი (1757 მ), დინარა (1913 მ), დურმიტორი (2522 მ), პროკლეტიე (2692 მ) და სხვ. მთებში 2000 მეტრის ზევით შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი.

მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია პალეოზოური ფიქლები და ქვიშაქვები, ვულკანური და მეტამორფული ქანები. ქედები (რომანია — 1629 მ, იავორი — 1537 მ, ზლატიბორი — 1496 მ და სხვა) გაყოფილია განიერი ხეობებით. სანაპირო რაიონებში განვითარებულია სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ჰავა, აღმოსავლეთ რაიონებში — ზომიერი კონტინენტურიდან ხმელთაშუა ზღვის ჰავისკენ გარდამავალი. ნალექები 1000-3000 მმ (ზღვისპირა კალთებზე, 4000 მმ კოტორის უბეში) და 900-1000 მმ (მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, 500-700 მმ ქვაბულებში) წელიწადში.

ზღვისპირა კალთების ქვედა ნაწილში გვხვდება ბუჩქნარი და ტყეები ხეშეშფოთლიანი მარადმწვანე სახეობებით, ზედა ნაწილსა და მწვერვალებზე უტყეო კარსტული სივრცეებია. აღმოსავლეთით მთები შემოსილია წიფლის, მუხისა და წიწვოვანი ტყეებით. დინარის მთიანეთის ზოგიერთი ადგილი გამოცხადებულია სახელმწიფო ნაკრძალად და სახალხო პარკად. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. მოჰყავთ ჭვავი, ხორბალი, სიმინდი და თამბაქო.

მთიანეთის დასავლეთ ნაწილში ამუშავებენ ბოქსიტებისა და მურა ნახშირის, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში — რკინის მადნის, სპილენძის, კალის, მანგანუმის, ანტიმონიუმისა და სხვ. საბადოებს.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]