დავით ჭავჭავაძე (გენერალი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით ჭავჭავაძე.
დავით ჭავჭავაძე

დავით ჭავჭავაძე (დ. 1818 — გ. 15 ნოემბერი 1884, თბილისი), თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.

სამხედრო განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში. არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად. 1839-40 წწ. მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში. 1840 წ. გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში. 1840 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1844 წ. შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა. მონაწილეობდა გენერალ ა. ნეიდგარდტის ექსპედიციაში შამილის წინააღმდეგ. 1847 წ. კაპიტნის ჩინი და კავკასიის ცალკე კორპუსის მ. ვორონცოვის ადიუტანტობა მიიღო. 1851 წ. გადაიყვანეს ლაიბ-გვარდიის გრენდერთა პოლკში.

ყირიმის ომის დროს (1853-56) ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. სწორედ ამ დროს ჭავჭავაძეების ოჯახს დაატყდა თავს ტრაგედია. შამილის მარბიელმა რაზებმა 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად აიღო და გადაწვა დავითის მამული წინანდალში. მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. მათ აგრეთვე დაატყვევეს ელენე ორბელიანი, დავითის ცოლისდა, და მისი ვაჟი, რომლებიც იმხანად ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; მათ რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. თავდასხმის დროს დავითის უმცროსი შვილი, თორმეტი თვის ლიდია მოკლეს. დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 1855 წ., შამილმა მძევლები პეტერბურგში აღზრდილ თავის ვაჟზე, ჯამალ ედ–დინზე, გაცვალა. მას ასევე გადასცეს 16 მთიელი ტყვე და დიდი ფულადი გამოსასყიდი.

1854 წ. ჭავჭავაძემ მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წ. ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წ. გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. ამავე დროს იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა. დავითის სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა და თავადი ბანკების ვალებში აღმოჩნდა. საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში მთავრობა ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.

ჭავჭავაძეს ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, ანა ბაგრატიონი (1822-1905). მათ შეეძინათ ცხრა შვილი — ექვსი ქალიშვილი (სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია და ნინო) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). დაკრძალულია კახეთში, შუამთის დედათა მონასტერში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯავრიშვილი, ვ., ტ. 11, გვ. 377. თბ., 1987

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე