გიორგი XII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი XII
George XII of Georgia.jpg
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1798
მმართ. დასასრული: 1800
წინამორბედი: ერეკლე II
მემკვიდრე: დავითი (გიორგი XII იყო უკანასკნელი მეფე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1746
გარდ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1800
მეუღლე: მარიამი
შვილები: დავითი, ბაგრატი, გაბრიელი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ერეკლე II
დედა: ანა

გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 - გ. 28 დეკემბერი, 1800) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800), ერეკლე II-ის ძე. ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელით იხსენიება.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

აღიზარდა სამეფო კარზე. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

მოღვაწეობა[რედაქტირება]

გიორგი XII-ის საფლავი სვეტიცხოვლის მონასტერში.

მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება]

საგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს დასაფლავებულია სვეტიცხოველში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წინამორბედი:
ერეკლე II
ქართლ კახეთის
1798 – 1800
შემდეგი:
სამეფო გაუქმდა