კარაბადინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარაბადინი — ძველ საქართველოში სამკურნალო წიგნთა საერთო სახელწოდება. თავისი დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით ცნობილია სამკურნალო კარაბადინი, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იყო პრაქტიკოსი ექიმებისათვის, საოჯახო კარაბადინი — არაექიმებისათვის და მოკლე კარაბადინი — თანამედროვე ცნობარის მსგავსი.

საქართველოში დღემდე შესწავლილი და გამოცემულია ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე), ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოი“ (XII საუკუნე), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“ (XV საუკუნე), დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“, ი. ბაგრატიონის „წიგნი სიმართლისა და აქიმობის“, აგრეთვე პეტრე კლაპიტონიშვილის „ მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება ადვილად წამლობისათვის მრავალთა გვართა შინაგანთა და გარეგანთა სნეულებათა“ (XIX საუკუნე), მისივე „მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება მისთვის, თუ ვითარი ღონისძიება და შემწეობა მოიხმარონ კავთათვის ჟამსა უეცრად ჩავარდნისა და სასიკვდილოსა მდგომარეობისა შინა“ (XIX საუკუნე) და სხვა.

კარაბადინებში ქართული ეროვნული მკურნალობის მეთოდების გარდა, ასახულია შესაბამისი ეპოქების ბერძნულ-რომაული, სპარსული, არაბული და ბოლოს, რუსული ეროვნული მედიცინის მონაცემები. კარაბადინებში მოცემულია ზოგადი საექიმო პრინციპები, აღწერილია სხვადასხვა დაავადება, მათი მკურნალობისა და სამკურნალო საშუალებათა დახასიათება, განმარტებულია სანიტარული, ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური, ფარმაკოლოგიური, ჰიგიენური და სხვა ცნებები.

ლიტერატურა[რედაქტირება]