წინანდალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
წინანდალი
Tsinandali Palace.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი წინანდალი
კოორდინატები 41°53′42″ ჩ. გ. 45°34′13″ ა. გ. / 41.89500° ჩ. გ. 45.57028° ა. გ. / 41.89500; 45.57028
მოსახლეობა 3264 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 99%
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

GEO-KK-TL.svg

Red pog.svg

წინანდალი მდებარეობა კახეთის მხარე

Red pog.png

წინანდალისოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ. თელავიდან 10 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3264 ადამიანი. სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.[1]

ისტორია[რედაქტირება]

სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში.[2] მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა.[3]

გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს[4] იოანე ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786—1846) ერგო.[5]

ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული.

1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას[6], რაზეც მეტყველებს გრიგოლ ორბელიანის ლექსი “ორი შენობა”[7], რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს.

ალ. ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო[8], მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე[9], ვაჟი - დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის.

XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა.

წინანდლის ბაღი

ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.

1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა;[10] მოლაპარაკების შედეგად თანხა 40000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა.

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.[11]

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.[12]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ჭავჭავაძეების სასახლე[რედაქტირება]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება: ცნობილია, რომ ალექსანდრეს პირვანდელი სასახლე მოიცავდა 28 საძინებელსა და რამოდენიმე სალონს. სასახლე ფართე აივნებით იყო გარშემორტყმული. მისი შიდა ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისათვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა. 1854 წლის შამილის რაზმების შემოსევის შემდეგ სასახლე გადაიწვა და გაიქურდა.[13] ალექსანდრეს ვაჟმა, დავითმა, შეძლებისდაგვარად მოახერხა სასახლის აღდგენა, მაგრამ ის მასშტაბებში საგრძნობლად შემცირდა. 1886 წლიდან, როცა სასახლე საიმპერატორო საუფლისწულო მამულების მფლობელობაში გადავიდა, სასახლეში დიდი რეკონსტრუქცია დაიწყო. არქიტექტურულ სამუშაოებს ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ხელმძღვანელობდა. (მას არაერთი შენობა აქვს შენებული თბილისში: ღვინის პირველი ქარხანა მელიქიშვილის ქუჩაზე; თეატრალური ინსტიტუტის შენობა რუსთაველის გამზირზე და სხვა.) წინანდლის სასახლე რუსეთის საიმპერატორო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციად უნდა გადაკეთებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრე ოზეროვმა შენობის გენერალური რეკონსტრუქციისას ალექსანდრესეული სასახლის კედელი ჩართო.

გასაბჭოების შემდეგ წინანდლის მამულები საბჭოთა ხელისუფლების ხელში გადავიდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში ღვინის ქარხნის სასტუმრო განთავსდა. 1946 წლის 1 აგვისტოს კი გიორგი ლეონიძის თაოსნობით შენობაში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი გაიხსნა. 1983 წლისათვის მუზეუმმა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია განიცადა, შედეგად შენობამ ახალი საბჭოთა სტილის ელფერი შეიძინა. 2007 წელს მუზეუმში მოხდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, შენობა გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული აუთენტური კედლების ხილვა.

წინანდლის ბაღი[რედაქტირება]

წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპელი დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის გასამშვენიერებლად.

პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, (ურთხელი, Ginkgo Biloba, იაპონური კრიპტომერია, მაგნოლია, Maclura Pomifera და სხვა.) არამედ, თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც.

წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არა მხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება როგორც, მაგალითად, ვერსალის ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ანუ, ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.

დღესდღეობით ბაღში უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ხურმა, ზეთისხილი, იაპონური ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი, შინდი, წაბლი, წიწვოვნები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენისწაბლა, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა. შ

წინანდლის ღვინის საცავი[რედაქტირება]

ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის 30–იან წლებში წინანდალში გამართა ღვინის საცავი, სადაც თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინის კოლექცია შეაგროვა. ამ საცავის ღრებულებას წარმოადგენს მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის იდეალური პირობები ღვნის დაძველებისა და შენახვისათვის. XIX საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს (1888 წ) წინანდლის მამულის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეობით ღვინის საცავში დაცული კოლექცია 16 500–მდე ბოთლს მოიცავს. მათ შორის ინახება 1814 წლის „პოლონური თაფლისა“ და 1861 წლის Chateau D’Yquem–ის უნიკალური ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინო „საფერავი“.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სოფელი წინანდალი
  2. ხმალაძე, ირაკლი. (1975). წინანდლის სავანე
  3. მეგუთნიშვილი, ს. (2005). წინანდალი და წინანდლელები.
  4. თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე
  5. მეუნარგია, იონა. (1937). ალექსანდრე ჭავჭავაძე: ბიოგრაფიული მონაცემები. მნათობი.
  6. ხმალაძე, ირაკლი. (1975). წინანდლის სავანე.
  7. ორი შენობა
  8. ბალახაშვილი, იაკობ. (1966). გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე.
  9. ბოროზდინი, კონსტანტინე. (1934). სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861.
  10. Moser, Louis. (1856). Caucasus and its People, With a Brief History of their Wars, and a Sketch of the Achievements of the Renowned Chief Schamyl.
  11. მეგუთნიშვილი, ს. (2005). წინანდალი და წინანდლელები.
  12. წინანდალი დღეს
  13. Baddeley, John Frederick. (1965). Russian Conquest of the Caucasus.


ქართული ღვინო