დავითგარეჯის მოვლენები (2019)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითგარეჯის მოვლენები2019 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მომხდარ სასაზღვრო მოვლენათა ერთობლიობა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, აზერბაიჯანელი მესაქონლეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიებს, ე. წ. „ყარაიას მიწებს“ საძოვრებად იყენებდნენ, ეს მიწები მათთვის მეფის რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან იჯარით იყო გაცემული; მომთაბარე მწყემსები სეზონურად შემოდიოდნენ და გადიოდნენ ამ ტერიტორიიდან. ეს მდგომარეობა რუსეთის იმპერიის დაშლამდე გაგრძელდა. 1918 წლიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიებისათვის დავა. საზღვრების გავლებაში უთანხმოება იყო საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. განსაკუთრებით აქტიურობდა აზერბაიჯანი და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რუსი ბოლშევიკები სწორედ მას უჭერდნენ მხარს ამ დავებში.[1]

1921 წლის მაისში შექმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საზღვრები ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შესულ სახელმწიფოთა საზღვრები. ამ კომისიის თავმჯდომარე თავდაპირველად იყო სერგეი კიროვი. მოლაპარაკებები თვეები გაგრძელდა. ქართველთა მხრიდან აკადემიური წრის ერთადერთი წარმომადგენელი ამ კომისიაში იყო პავლე ინგოროყვა. საბოლოოდ შედეგად, საზღვრები ისე გატარდა, რომ ისტორიული ჰერეთის დიდი ნაწილი (საინგილო) აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღოჩნდა; გარეჯის მონაკვეთი კი დაუდგენელი დარჩა და მასზე მუშაობა წლები გაგრძელდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ მოხდა საზღვრების მარკირება და საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარმა დავითის ლავრის აღმოსავლეთით მდებარე ქედის თხემზე, უდაბნოს მონასტერზე გაიარა.[1]

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას სამხედრო, სამეურნეო ან სხვა მიზეზები გამო საზღვრები მუდმივი არ იყო და ხშირად იცვლებოდა. ამის გამო არსებობს რამდენიმე რუკა, რომელიც განსხვავებულ საზღვრებს უთითებს. თანამედროვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:500000.[2] ამ რუკაზე კი საზღვარი გადის ქედის ძირში და არა თხემზე.[1]

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდაბნოს მონასტერი

2019 წლის 25 აპრილს გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) განაცხადა, რომ უკანასკნელი 3 დღის მანძილზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს იქ აღარ უშვებენ:

ვიკიციტატა
„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“
([3])

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კომუნიკაცია მიდის აზერბაიჯანულ მხარესთან ამ ვითარების მოსაგვარებლად.[3]

მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა.[4] საპასუხოდ არქიმანდრიტმა თქვა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ აქვთ დაკავებული მოცემული ტერიტორია.[5]

25 აპრილს აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:[6]

ვიკიციტატა
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია წყდება არსებული ორმხრივი ფორმატების მიხედვით, რაც თავის მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკის საკოორდინაციო პროცედურების საფუძველზე ხდება. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციას და მზადაა, პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულოს“
([7])

მომდევნო დღის მდგომარეობით გადაკეტილი გზა გახსნილი იყო და მომლოცველებსა და ტურისტებს შეეძლოთ თავისუფლად შესულიყვნენ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე.[8] ამავე დღეს ქართველი გიდების აქცია გაიმართა თბილისში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოსთან.[9] 28 აპრილს, აღდგომა დღეს გზა თავისუფალი იყო და შესაბამისი სააღდგომო ლიტურგიაც ჩატარდა.[10]

ჩიჩხიტურის მონასტერი, ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი

30 აპრილის ლიტურგიის დროს მომლოცველებმა თავისუფლად შეძლეს უდაბნოს მონასტერთან მისვლა, მაგრამ წირვის დროს უდაბნოს ტაძრის ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ.[11] 2 მაისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ გარეჯის თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.[12] დავით ზალკალიანის თქმით (2 მაისი) უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდებოდა.[13] 5 მაისს სამოქალაქო აქტივისტებმა სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შეამოვლეს.[14]

14 მაისს ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა შეხვედრა, რის ფარგლებშიც გაიმართა კომისიის 11 სხდომა; შედეგად საზღვრის 480-კილომეტრიან მონაკვეთზე შეთანხმება შედგა და განსახილველი დარჩა 166-კილომეტრიანი მონაკვეთი.[15] 23 მაისს აზერბაიჯანელთა მხრიდან გზის გაყვანა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკთან.[16] დავითგარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაიკეტა აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია.[17] მოლაპარაკებები 24 მაისსაც ჩატარდა.[18] 25 მაისს აქ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.[19] ამავე დღესვე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა.[20]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩიჩხიტურის მონასტერთან საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი გააჟღერეს.[21] 28 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია-მსვლელობა 15 ეპარქიის მრევლისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, ლოზუნგით „დავითგარეჯი საქართველოა“.[22]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „1938 წლის რუკა არის ყველაზე კარგი, მომგებიანი საქართველოსთვის, რამდენადაც იქ საზღვარი გადის არა თხემზე, არამედ ძირში“ — ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი. რუსთავი 2 (00:02, 29 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  2. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო — აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა. საქართველოს პირველი არხი (2 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  3. 3.0 3.1 დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. Imedinews.ge (25 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  4. ზალკალიანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია. Imedinews.ge (25 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  5. არქიმანდრიტი კირიონი: დავით გარეჯში ამ დროისთვის არაფერია შეცვლილი. Imedinews.ge (25 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  6. МИД прокомментировал информацию об ограничении доступа в монастырский комплекс Кешикчидаг. ona.az (25 აპრილი). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  7. ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი მზადაა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს. Imedinews.ge (26 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  8. სასულიერო პირებსა და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს. Imedinews.ge (26 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  9. ქართველმა გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს. სპუტნიკი-საქართველო (26 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  10. დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა გაიხსნა, მონასტერში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა. Imedinews.ge (28 აპრილი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  11. წირვა დავით გარეჯში მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ და აზერბაიჯანის მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინი. რუსთავი 2 (30 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  12. საპატრიარქო: დავით გარეჯის თემაზე აქტიური მოლაპარაკებაა აზერბაიჯანულ მხარესთან. Imedinews.ge (2 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  13. ზალკალიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება. Imedinews.ge (2 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  14. დავით გარეჯთან სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შეამოვლეს, აქტივისტები პატრულირებას იწყებენ. Imedinews.ge (5 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  15. დავით გარეჯის სადავო ტერიტორია — ოფიციალური აზერბაიჯანი განცხადებას ავრცელებს. რუსთავი 2 (14 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  16. დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. რუსთავი 2 (23 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  17. დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. რუსთავი 2 (24 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  18. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა დღესაც გაგრძელდება. Imedinews.ge (24 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  19. დავით გარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. Imedinews.ge (25 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  20. დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა. Imedinews.ge (25 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  21. 26 მაისი დავით გარეჯში - ჩიჩხიტურის მონასტერთან საქართველოს ჰიმნი ისმოდა. რუსთავი 2 (26 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.
  22. დავით გარეჯში მრევლი მსვლელობას მართავს. Imedinews.ge (28 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2019.