ბილი ჰოლიდეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბილი ჰოლიდეი
Billie Holiday 0001 original.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელეონორა ფეიგანი
მეტსახელი „ლედი დეი“
დაბ. თარიღი 7 აპრილი, 1915
ფილადელფია, პენსილვანია
გარდ. თარიღი ნიუ-იორკი
17 ივლისი, 1959
ჟანრ(ებ)ი ვოკალური ჯაზი
სვინგი
ბლუზი
რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი
სიმღერის ტექსტის ავტორი
მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალისტი
აქტიური 1933–1959
ლეიბლ(ებ)ი Brunswick, Vocalion, Okeh, Bluebird, Commodore, Capitol, Decca, Aladdin, Verve, Columbia, MGM
საიტი ოფიციალური საიტი

ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday), ნამდვილი სახელი ელეონორა ფეიგანი (Eleanora Fagan, დ. 7 აპრილი, 1915 — გ. 17 ივლისი, 1959) — ამერიკელი ჯაზის მომღერალი, სიმღერის ტექსტის ავტორი და მსახიობი, რომლის შემოქმედება ჯაზის ისტორიის მთელ ეპოქას შეადგენს.

მეტსახელი „ლედი დეი“ (Lady Day), შეარქვა ამხანაგმა და პარტნიორმა მუსიკაში ლესთერ იანგმა. ბილი ჰოლიდეის აქვს ფუნდამენტალური გავლენა როგორც ჯაზურ ასევე პოპ-სიმღერის შესრულების ხელოვნებაში. მისი მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშა ჯაზის იმ პირველმა შემსრულებლებმა, ვინც არ ერიდებოდა ახალი ტენდენციების დანერგვას ჯაზის სიმღერის ხელოვნებაში, ახალი სახის ფრაზის და ტემპის შემოტანაში.

ჰოლიდეი 2 წლის ასაკში, 1917 წ

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

ბილი ჰოლიდეი დაიბადა ფილადელფიაში. მისი მშობლები იყვნენ: სარა ჯულია (Sadie) ფეიგანი და კლარენს ჰოლიდეი. მამა იყო მუსიკოსი. მშობლები ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან, არც ერთად არ უცხოვრიათ. ბილის დაბადების შემდეგ, მამამ მალევე მიატოვა ოჯახი. კლარენს ჰოლიდეიმ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება როგორც ჯაზის გიტარისტმა. 19 წლის ასაკში სარა იძულებული იყო საცხოვრებლად გადასულიყო ფილადელფიაში. მშობლებმა დაორსულების შემდეგ ბილის დედას უარი უთხრეს სახლში დაბრუნებაზე.

სარამ გადაწყვიტა პატარა ბილი აღსაზრდელად ბალტიმორში საკუთარ ნახევარ-დასთან ეივა მილერთან დაეტოვებინა. წარმოშობით ბილი ჰოლიდეი იყო აფრო-ამერიკელი, ამასთან ერთად მას დედის მხრიდან ყავდა ირლანდიელი წინაპრები.

ბილი ჰოლიდეის ჰქონდა მძიმე ბავშვობა. სარა ფეიგანი მუშაობდა როგორც მომსახურე პერსონალი რკინიგზის ხაზზე. გამოსასვლელ დღეებში პატარა ბილის ძირითადად დეიდის დედამთილი მარტა მილერი უვლიდა. თავისი ცხოვრების პირველი ათი წელი პატრა გოგონა ძალიან განიცდიდა დედის გვერდით არყოფნას და „სხვა“ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებას.

ბილი ჰოლიდეის 1956 წელს გამოცემული პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი, „ლედი მღერის ბლუზს“ მაშინდელი ცხოვრების ამ დეტალებზე მხოლოდ ბუნდოვნად ლაპარაკობს. თუმცა ეს ყველაფერი ნათლად იქნა გადმოცემული სტიუარდ ნიკოლსონის 1995 წელს მომღერლის ცხოვრებაზე დაწერილ წიგნში.

ბილი ჰოლიდეის წარმოშობის შესახებ მისი ბევრი ბიოგრაფი კამათობს. ბალტიმორის არქივში დაცული დაბადების მოწმობაში, მომღერლის მამად მოხსენიებულია ვინმე ფრენკ დევიზი (Frank DeViese). თუმცა სხვა ბევრი ბიოგრაფი ფიქრობს, რომ ეს სამშობიარო სახლის ან სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომაა. მისტერ დევიზი ისევე როგორც ბილის დედა, ცხოვრობდა ფილადელფიაში. და სავსებით შესაძლებელია, რომ ფრენკ დევიზი თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების გამო იცნობდა სარა ფეიგანს.

გაუპატიურების მცდელობა და პროსტიტუცია[რედაქტირება]

1926 წლის 24 დეკემბერს სახლში დაბრუნებული სარა მათი მეზობელი უილბარ რიჩის მიერ პატარა ბილის გაუპატიურების მცდელობას შეესწრო. რიჩი დააპატიმრეს. სახელმწიფომ მომავალი მომღერალი, როგორც გაუპატიურების საქმის მოწმე ამჯერად დაცვით პატიმრობაში კვლავ "კეთილ მწყემსში" დააბრუნა. ბილი მხოლოდ 1927 წლის თებერვალში 12 წლის ასაკში "გაათავისუფლეს". ამის შემდეგ ის ქალაქის ერთ-ერთ ბორდელში კურიერად იწყებს მუშაობას.

ამ დროისთვის ბილი პირველად ეცნობა ლუი არმსტრონგის და ბესი სმიტის ჩანაწერებს. 1928 წლის ბოლოსთვის სარა ფეიგანი ნიუ-იორკის ჰარლემში მიემგზავრება საკუთარი ბედნიერების საძებრად. პატარა ბილი კვლავ მარტა მილერთან რჩება.

მომავალი მომღერალი დედასთან ნიუ იორკში 1929 წლის დასაწყისში ჩადის. მათი დიასახლისი ელეგანტურად ჩაცმული ფრლორენს უილიამსია. ქ-ნ უილიამი ასევე ბორდელის მფლობელიც იყო. სადაც ბილის დედა მეძავად მუშაობდა. ნიუ იორკში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში არასრული თოთხმეტი წლის ჰოლიდეიც უერთდება დედას, და კლიენტებს 5$-ად ემსახურება. 1929 წლის 2 მაისს ბორდელში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ბილი და დედამისი ციხეში ხვდებიან. დედას ივლისში, ჰოლიდეის კი ოქტომბერში ათავისუფლებენ.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

ჰარლემში უკვე იწყებს სხვადასხვა ღამის კლუბში გამოსვლას. სცენურ ფსევდონიმს იღებს მუნჯი კინოს მსახიობი ქალი, ბილი დავის და მამის კლარენს ჰოლიდეის სახელისგან. თავიდან 1929 - 1931 წლებში სცენაზე თავის მეზობელ საქსაფონისტ ქენეთ ჰოლანთან ერთად გამოდის. ამ პერიოდში მას მოუსმენს ბენი გუდმენი, რაც ხელს უწყობს მისი სახელის დამკვიდრებას. ამავე დროს ხვდება მამასაც, რომელიც ღამის კლუბების იგივე წრეში ტრიალებს.

ერთ-ერთ კლუბში ჯერ კიდევ ახალგაზრდა, შემდეგ ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი, პროდიუსერი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯონ ჰემონდი ერთ-ერთ ღამის კლუბში შემთხვევით ისმენს ბილი ჰოლიდეის. რის შემდეგაც სთავაზობს ბენი გუდმენთან ერთად სადებიუტო სიმღერის ჩაწერას. 1933 წლის ნოემბერს გაყიდვაში გამოდის 18 წლის მომღერლის ორი სიმღერა, "Your Mother's Son-In-Law" და "Riffin' the Scotch". ეს ბოლო ხდება მომღერლის პირველი ჰიტი, იყიდება რა 5.000 ფირფიტა. ახალგაზრდა ჰელმანი აღფრთოვანებულია დამწყები შემსრულებლით. შემდეგ იგი ამბობს, რომ ბილი ჰოლიდეიმ მთლიანად შეცვალა მისი მუსიკალური გემოვნება. 1935 წელს მომღერალს თავის მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმში, “სიმფონია შავებში" მონაწილების მისაღებად იწვევს დიუკ ელინგტონი.

შემდგომი კარიერა (1935-1938 წლები)[რედაქტირება]

ბილი ჰოლიდეი უკვე სისტემატურად თანამშრომლობს ბენი გუდმენთან და ტედი უილსონთან. ფაქტობრივად ისინი ერთად ხდებიან ახალი პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის "სვინგის" მნიშვნელოვანი შემსრულებლები. მუსიკალურ ლეიბელ, Brunswick Records-თან ჰოლიდეის გაფორმებული აქვს კონტრაქტი. კომპანია ბაზარზე უშვებს ჰიტებს, "What a Little Moonlight Can Do", "Miss Brown to You" და "I Cried for You". რასაც მოსდევს კრიტიკის დადებითი რეაქციები და საკმაოდ დიდი ფინანსური წარმატება.

1937 წლის ბოლოს მომღერალი მცირე ხნით გამოდიოდა ჯაზის პიანისტის, ორღანისტის და კომპოზიტორ ქაუნთ ბეისის ბიგ ბენდში. ამ პერიოდში ჰოლიდეი ირგებს სიყვარულში უბედური ქალის მუსიკალურ იმიჯს. მისი ჰიტებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა "Summertime", ჯორჯ გერშვინის სახელგანთქმული "აფრო-ამერიკული" ოპერიდან "პორგი და ბესი".

ამ პერიოდში იწყება "გიგანტების ბრძოლა". ბილი ჰოლიდეის და ჯაზის მეორე დიდი ქალბატონი ელა ფიცჯერალდის შემოქმედებითი კონკურენცია ზენიტს აღწევს 1938 წლის 16 იანვარს. ამ დღეს ნიუ იორკის ლეგენდარულ კარნეგი-ჰოლში ტარდება ჯაზის კონცერტი ბენი გუდმენის ხელმძღვანელობით. სადაც ორივე მომღერალი თავის ბიგ ბენდთან ერთად გამოდის. მეორე დღეს პრესა ხან ერთს, და ხან მეორე ქალბატონს მიიჩნევს ამ კონცერტის გამარჯვებულად. მიუხედავად ამისა ჰოლიდეი და ფიცჯერალდი მთელი ცხოვრება მეგობრებად რჩებოდნენ.

"Strange Fruit" და მთავარი წარმატება (1939 წელი)[რედაქტირება]

გასული საუკუნის 30-იან წლების ბოლოს Columbia Records მომღერლის მთავარი მუსიკალური ლეიბლი ხდება. თუმცა სტუდია თემის სენსატიურობის გამო უარს ამბობს ჩაწეროს ჰოლიდეის ახალი სიმღერა. ამიტომ 1939 წელს მომღერალი თავის ერთ-ერთ უდიდესს ჰიტს, "Strange Fruit" ახალ ლეიბთან, Commodore recordings-თან უშვებს. სიმღერა დაწერა ებრაელმა სკოლის მასწავლებელმა აბელ მიროპოლმა. სიმღერას საფუძვლად უდევს მიროპოლის პოემა. სადაც ავტორის კრიტიკის მთავარი თემა აშშ-ს სამხრეთ შტატებში იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებული რასისტული ხასიათის ლინჩის წესით დასჯის ტრადიციაა. მომღერალი შემდგომ იხესებს, რომ ამ სიმღერამ მამის სიკვდილი გაახსენა. რამაც ჰოლიდეის ჰიტს უფრო მეტი საპროტესტო მუხტი შესძინა. “Strange Fruit“ წლების განმავლობაში მომღერლის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო.

წარმატება გრძელდება (1940-1947 წლები)[რედაქტირება]

ბილი ჰილიდეი თავის ძაღლ “მისტერთან" ერთად. დაახლ. 1946 წლის ივნისი

მომღერლის დედა, სარა ფეიგანი, მეტსახელად "ჰერცოგინია", ხსნის ახლ რესტორანს, რომლის მთვარი "ინვესტორი" მისი ქალიშვილია. თუმცა თვითონ დედა, ჰოლიდეის ბინგ ბენდის წევრებთან ერთად აზარტული თამაშებით არის დაკავებული. რესტორნის ფინანსურად გასამართად ფეიგანი დიდ თანხებს სესხულობს შვილისგან. ამ დროს მომღერალსაც უკვე საკუთარი ფინანსური პრობლემები ექმნება. დედა-შვილს შორის იმ დროს მომხდარ უსიამოვნებას ეხება ჰოლიდეის ახალი სიმღერა. რომელსაც ის პიანისტ და კომპოზიტორ არტურ ჰერცოგთან ერთად წერს. "God Bless the Child" მალევე იხვეჭს სახელს მუსიკის კრიტიკოსთა შორის. 1976 წელს სიმღერა დაჯილდოვდა გრემის დიდების დარბაზის ორდენით. ეს ჰიტი ასევე შეტანილია ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ ჩამონათვალში.

ამერიკის მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ილუსტრირებული გამოცემა "ლაიფი" (Life), 1943 წლის სექტემბრის ნომერში წერს: "ცნობილი ვოკალისტებიდან ჰოლიდეის ყველაზე გამორჩეული შესრულების მანერა აქვს, რის გამოც მას ხშირად ბაძავენ." ამ პერიოდში ჰოლიდეი წერს თავის მორიგ ნამუშევარს, "Lover Man". სიმღერამ მას კიდევ ერთი დიდი შემოქმედებითი წარმატება მოუტანა. "Lover Man" გახდა კომერციული ჰიტი. ამასთანავე სიმღერა იქცა მაშინდელი პოპ-კულტურის მისაბაძ მაგალითად. 1989 წელს გრემის დიდების დარბაზმა კიდევ ერთხელ აღიარა ბილი ჰოლიდეის ღვაწლი,"Lover Man" თავის მუსიკალური შედევრების სიაში შეიტანა.

1946 წლის სექტემბერში იწყება ჰოლიდეის ერთადერთი ცნობილი ფილმის New Orleans-ის გადაღებები. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობს ლუი არმსტრონგი და იმ დროის სხვა ცნობილი შემსრულებლები. New Orleans ეფუძნება ორსონ უელსის დაუმთავრებელ მუსიკალურ ფილმს ლათინურ ამერიკაზე, It's All True. ფილმის გადაღებებს პრობლემები შეუქმნა მაშინდელმა პოლიტიკურმა სიტუაციამ. ამის გარდა, გადასაღებ მოედანზე ჰოლიდეის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაც პროდიუსერების ერთგვარი თავსატეხი გახდა. მომღერალი იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, კვირაში ათას დოლარს იღებდა. თუმცა ფულის დიდი ნაწილი ჰეროინის შეძენაზე მიდიოდა.

პრობლემები იუსტიციასთან, კონცერტი კარნეგი ჰოლში (1947-1952 წლები)[რედაქტირება]

1947 წლისთვის ჰოლიდეის პოპულარობა პიკს აღწევს. რაც აისახა მის კომერციულ წარმატებაზეც. ბოლო 3 წლის განმავლობა მომღერალმა 250 000 დოლარი გამოიმუშავა. მისი სახელი სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების ჰიტ-პარადებში მუდმივად მაღალ ადგილზეა.

პოლიციაში (16 მაისი 1947)

1947 წლის 16 მაისს მომღერალს აპატიმრებენ თავის ნიუ იორკის ბინაში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ჰოლიდეის ამ დროისთვის საკმაოდ მძიმე ფიზიკური და მორალური მდგომარეობა აღენიშნებოდა. ის თვითონ ითხოვდა სამკურნალოდ საავადმყოფოში გაგზავნას. სასამართლომ ჰოლიდეის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომღერალი კარგი ქცევისთვის 1948 წლის 16 მარტს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

მომღერლის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰოლიდეის მენეჯერი ფიქრობდა კარნეგი ჰოლში მისთვის დაბრუნების კონცერტი გაემართა. თუმცა მომღერალი ეჭვობდა, რომ აუდიტორია მას დაჭერის ინციდენტის შემდეგ აღარ მიიღებდა. ჰოლიდეი ბოლოს მაინც დაიყოლიეს.

1948 წლის 27 მარტს კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. პრესტიჟულ კარნეგი ჰოლში ყველა ადგილი, 2,700 ბილეთი წინასწარ იქნა გაყიდული. ეს იმ დროის რეკორდი იყო. ჰოლიდეის ასეთი პოპულარობა უჩვეულო გახდა, რადგან მას ამ წელს არც ერთი ჰიტი აღარ ქონდა ჩაწერილი.

ბილი ჰოლიდეი. ნიუ იორკი, დაახლ. 1947 წ. თებერვალი

1949 წლის ოქტომბერში, ჰოლიდეი წერს მორიგ ჰიტს "Crazy He Calls Me". რომელიც მსგავსად მისი სხვა სიმღერებისა, ამჯერად უკვე 2010 წელს, შეტანილ იქნა გრემის დიდების დარბაზის ჩამონათვალში. მიუხედავად სირთულეებისა პირად ცხოვრებაში და იუსტიციასთან, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, ბილი ჰოლიდეი აგრძელებს წარმატებულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მომღერალი წერს ცნობილ არიას "I Loves You, Porgy", გერშვინის ოპერიდან. 1950 წელს ჰოლიდეი მონაწილეობს 15 წუთიან მუსიკალურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, "Sugar Chile" Robinson, Billie Holiday, Count Basie and His Sextet". სადაც ასრულებს ორ სიმღერას, "God Bless the Child" და "Now, Baby or Never".

“ლედი ასრულებს ბლუზს" (1952-1959 წლები)[რედაქტირება]

50-იანი წლებისთვის ბილი ჰოლიდეის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ნარკოტიკებმა, სასმელმა და მოძალადე მამაკაცებთან ურთიერთობამ თავისი შედეგი გამოიღო. მისი გვიანი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გავლენას მომღერლის ხმაზე. ხმაში გამოერია უხეში ნოტები, დაიკარგა მისი გამორჩეული ვიბრაციის ძველებური სისუფთავე.

1954 წელს ბილი ჰოლიდეი პირველად ატარებს ტურნეს ევროპაში. მომღერალს წარმატებული გამოსვლები აქვს შვეციაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. გერმანიაში მისი ცოცხალი შესრულებით გამოსვლა, შემდეგში გაყიდვაშიც გამოდის, სახელწოდებით - "სიყვარულის ქალბატონი" (Lady Love - Billie Holiday.)

მომღერლის გვიანდელი სიმღერები უკვე სხვა მუსიკალურ ლეიბელ, Verve-თან იწერება. ეს ხმისჩამწერი კომპანია უშვებს დაახლოებით ჰოლიდეის მიერ შესრულებული სიმღერების საერთო რაოდენობის ერთ მესამედს. ბოლო ჩანაწერები ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც მისი ძველი ჰიტები. შემდგომ წლებში, მომღერლის ხმა კიდევ უფრო მყიფე ხდება, მაგრამ არ კარგავს ტემბრის იმ მომხიბვლელ ფერადოვნებას, რაც ჰოლიდეის სხვა შემსრულებლებისგან ყოველთვის გამოარჩევდა.

ბილი ჰოლიდეის ავტობიოგრაფია - "ლედი ასრულებს ბლუზს" (Lady Sings The Blues) გამოიცა 1956 წელს. სინამდვილეში წიგნის ავტორი გაზეთ, ნიუ იორკ პოსტის ჟურნალისტი და რედაქტორი უილიამ დაფთია. დაფთი საკუთარ სახლში აწარმოებდა მრავალრიცხოვან საუბრებს მომღერალთან. მან ჰოლიდეის საშუალება მისცა საკუთარი მანერით გადმოეცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მომღერალმა 1956 წლის ივნისში ასევე იგივე სახელწოდების ახალი ალბომი გამოუშვა. სადაც ოთხ ახალ სიმღერასთან ერთად შეტანილი იყო ძველი პოპულარული სიმღერებიც.

1956 წლის 22 დეკემბერს, მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მსოფლიოში უძველესი პროფესიული ყოველკვირეული "ბილბორდი", "Lady Sings The Blues"-ის გამოსვლასთან დაკავშირებით მიძღვნილ რეცენზიაში წერს. რომ ეს ალბომი ჰოლიდეის ავტობიოგრაფიული წიგნის ღირსეულ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს. ჟურნალი ამავე დროს განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის ჰოლიდეის ხმა კარგად აქვს შენარჩუნებული.

ჰოლიდეი ორი კონცერტით 1956 წლის 10 ნოემბერს კვლავ გამოდის კარნეგი ჰოლის სცენაზე. კვლავ სრული ანშლაგი, კვლავ მაყურებლით გადავსებული დარბაზი. ეს ყველა შემოქმედის ცხოვრებაში უდიდესი მიღწევის აღმნიშვნელია. განსაკუთრებით იმ პერიოდში მოღვაწე აფრო-ამერიკელი მომღერლისთვის.

კარნეგი ჰოლში ჩატარებული მეორე კონცერტის ცოცხალი ჩანაწერი დიდ ბრიტანეთში ცალკე ალბომადაც იქნა გამოცემული, სახელწოდებით - "ჭეშმარიტი ბილი ჰოლიდეი" (Essential Billie Holiday), სადაც შესულია მომღერლის ცამეტი სიმღერა.

გარდაცვალება[რედაქტირება]

ჰოლიდეის 1959 წლის დასაწყისში დაუდგინდა ღვიძლის ციროზი. ექიმების კატეგორიული მოთხოვნით მომღერალმა შეწყვიტა სმა, თუმცა ალკოჰოლს კვლავ მალევე დაუბრუნდა. ჰოლიდეიმ მაისში წონაში ერთბაშად 9კგ დაიკლო. მეგობრები წარუმატებლად ეცადნენ მის საავადმყოფოში გადაყვანას.

1959 წლის 31 მაისს, ღვიძლის და გულის უკმარისობის დიაგნოზით ჰოლიდეი მოთავსებულ იქნა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი მომღერალი პოლიციამ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააპატიმრა. მის პალატაში ჩატარდა ჩხრეკვა. პალატის საყარაულოდ გამოყოფილ იქნა პოლიციის დაცვა. 15 ივლისს მომღერალმა აღსარება ჩააბარა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს. ორი დღის შემდეგ, 1959 წლის 17 ივლისს ბილი ჰოლიდეი ფილტვების შეშუპების და გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. ბოლო წლებში ჰოლიდეი სრულიად იქნა გაძარცვული. მომღერლის სიკვდილის შემდეგ მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 0.70, ხოლო ხელზე 750 დოლარი იყო დარჩენილი. ბილი ჰოლიდეი 1959 წლის 21 ივლისს დაკრძალეს ნიუ იორკის წმინდა რეიმონდის სასაფალოზე.

ხმა[რედაქტირება]

ბილი ჰოლიდეის სიმღერის შესრულების მანერა საყოველთაოდ ცნობილი იყო მთელი მისი კარიერის მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ მომღერალს არ ქონდა მუსიკალური განათლება მიღებული, იგი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარით. იგი ამბობდა რომ ყოველთვის სურდა მის ხმას მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ქონოდა. ჰოლიდეის თქმით მასზე, როგორც მომღერალზე, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ლუი არმსტრონგმა და ბესი სმიტმა.

ბილი ჰოლიდეის ღამის კლებებში გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა ფრენკ სინატრაზე. რომელიც შემდეგ აღნიშნავდა - "ბოლო ოცი წლის განმავლობაში "ლედი დეი" ამერიკულ პოპ-მუსიკაში უდავოდ ყველაზე გავლენიანი მომღერალი იყო."

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ბილი ჰოლიდეის სიმღერები ჩაწერილი აქვს ოთხ მუსიკალურ ლეიბლთან: Columbia Records, Commodore Records, Decca Records და Verve Records. ალბომების დიდი ნაწილი გამოშვებულია გრამფირფიტა-ზე. ბევრი კომპილაციური ალბომი გამოიცა მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, სადაც შესულია ჰოლიდეის საუკეთესო ჰიტები. დღესაც რეგულარულად გამოდის მისი სხვადასხვა სახის ალბომები და ცოცხალი ჩანაწერები.

სტუდიაში ჩაწერილი გრამფირფიტები[რედაქტირება]

  • მღერის ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday Sings) (1952)
  • საღამოს ბილი ჰოლიდეისთან ერთად (An Evening with Billie Holiday) (1952)
  • ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday) (1954)
  • დარჩი ჩემთან (Stay With Me) (1955)
  • ცეცხლოვანი მუსიკა (Music for Torching) (1955)
  • ხავერდოვანი განწყობა (Velvet Mood) (1956)
  • ლედი ასრულებს ბლუზს (Lady Sings The Blues) (1956)
  • სხეული და სული (Body and Soul) (1957)
  • სიმღერები გამორჩეული შეყვარებულებისთვის (Songs for Distingué Lovers) (1957)
  • ყველაფერი ან არაფერი (All or Nothing at All) (1958)
  • ქალბატონი ატლასში (Lady in Satin) (1958)
  • ბოლო ჩანაწერები (Last Recordings) (1959)

პოპ-კულტურაში[რედაქტირება]

1972 წელს მომღერლის ცხოვრებაზე ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი, "ლედი ასრულებს ბლუზს", უილიამ დაფთის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. მთავარ როლს თამაშობს დაიანა როსი. როსი აკადემიის მიერ ნომინირებული იყო როგორც მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი. ჰოლიდეიზე ასევე გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი.

1988 წელს ირლანდიულმა ჯგუფმა U2-მ მომღერალს მიუძღვნა სიმღერა Angel of Harlem.

პრიზები და საპატიო წოდებები[რედაქტირება]

გრემის დიდების დარბაზი[რედაქტირება]

ბილი ჰოლიდეი გარდაცვალების შემდეგ შეიყვანეს გრემის დიდების დარბაზის ჩამონათვალში. ის 1973 წელს სპეციალურად შეიქმნა, რათა პატივი მიეგოთ იმ მუსიკოსებისთვის და მუსიკალური ნაწარმოებებისთვის, რომელიც მინიმუმ 25 წლის ან უფრო ადრეა შექმნილი და განსაკუთრებული მნიშვენელობა აქვს ქვეყნის მუსიკალური კულტურის განვითარების საქმეში.

ბილი ჰოლიდეი: გრემის დიდების დარბაზი
ჩაწერის წელი სახელწოდება ჟანრი ლეიბლი შეტანის წელი შენიშვნა
1949 Crazy He Calls Me ჯაზი (სინგლი) Decca 2010
1944 Embraceable You ჯაზი (სინგლი) Commodore 2005
1958 Lady in Satin ჯაზი (ალბომი) Columbia 2000
1945 Lover Man (Oh, Where Can You Be?) ჯაზი (სინგლი) Decca 1989
1939 Strange Fruit ჯაზი (სინგლი) Commodore 1978
1941 God Bless the Child ჯაზი (სინგლი) Okeh 1976

გრემის პრიზი საუკეთესო ადრინდელი ალბომისთვის[რედაქტირება]

გრემის პრიზი საუკეთესო ადრინდელი ალბომისთვის შემოღებულ იქნა 1979 წელს.

წელი სახელწოდება ლეიბლი შედეგი
2002 ლედი დეი: ბილი ჰოლიდეის სრული ალბომი Columbia 1933–1944 გამარჯვებული
1994 ბილი ჰოლიდეის სრული ალბომი Verve 1945–1959 გამარჯვებული
1992 ბილი ჰოლიდეი - Decca-ს პერიოდი Verve 1944–1950 გამარჯვებული
1980 ბილი ჰოლიდეი - ჯაზის გიგანტები Time-Life გამარჯვებული

აღიარება და პატივისცემა[რედაქტირება]

  • 1972 წელს კინოაკადემიამ დაიანა როსი ფილმში "ლედი ასრულებს ბლუზს" ბილი ჰოლიდეის როლის შესრულებისთვის წარადგინა ოსკარზე მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
  • მომღერალმა მიკი ჰოუარდმა 1993 წელს ჩაწერა ალბომი: "მიკი მღერის ბილის სიმღერებს - ეძღვნება ბილი ჰოლიდეის". ჰოუარდი დენზელ ვაშინგტონთან ერთად ასევე თამაშობს მსახიობის პერსონაჟს სპაიკ ლის 1992 წლის ფილმში ""Malcolm X".
  • ბილი ჰოლიდეი (2006), სპლიტის ხორვატიის ეროვნული თეატრი, რეჟისორები: A.Ostojić & Ksenia Prohaska
  • არგენტინელმა კომიკოსებმა Carlos Sampayo-მ და José Antonio Muñoz-მა მომღერლის ცხოვრებაზე შექმნეს კომიქსი - Billie Holiday (1991).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]