ანკარასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანკარასებრნი
ყავისფერ-ზოლიანი სამეფო გველი (Lampropeltis alterna)
ყავისფერ-ზოლიანი სამეფო გველი (Lampropeltis alterna)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ანკარასებრნი
ლათინური სახელი
Colubridae

ანკარასებრნი (ლათ. Colubridae) — ქვეწარმავლების ოჯახი გველების ქვერიგისა. აერთიანებს თანამედროვე გველების 60 პროცენტზე მეტს. ოჯახი აერთიანებს 1700 სახეობას, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებულნი მთელს პლანეტაზე პოლარული პოლუსებისა და ზოგიერთი კუნძულის გარდა. ოჯახი იყოფა 7 ან 8 ქვეოჯახად კბილების აღნაგობისა და საფარველის შეფერილობის მიხედვით.


სხეულის აგებულება[რედაქტირება]

ანკარებს შორის არიან როგორც დიდი (3,5 მეტრი), ისევე პატარა (15 სანტიმეტრამდე) სახეობები. მათი სხეული ზემოდან დაფარულია ერთფეროვანი, ბრტყელი ან ნეკნისმაგვარი ქერცლებით, რომლებიც განლაგებულია სწორ, განივ რიგებად. სხეულის ქვედა ნაწილი ზოგჯერ შესამჩნევად გაფართოებულია და დაფარულია წინწამოწეული მუცლის ფარებით. ზღვარი მუცელსა და გვერდებს შორის ხშირად მკვეთრად გამიჯნულია. თავი ზემოდან დაფარულია მსხვილი ფარებით, რომლებსაც, ხანდახან, აღენიშნება თავისებური ქერცლოვანი წანაზარდები, ძირითადად ცხვირთან განლაგებული. ამ წანაზარდების მნიშვნელობა ბოლომდე განსაზღვრული არაა, თუმცა ის კი ცნობილია, რომ მდედრებსა და მამრებს გასხვავებული გააჩნიათ. ანკარასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ მენჯისა და უკანა ფეხების რუდიმენტები, სწორედ ამიტომ მიეკუთნებიან ისინი ინფრაჯგუფს Cenophidia ანუ უმაღლესი გველები. აქვთ მხოლოდ ერთი, მარჯვენა ფილტვი და გრძელი, ჰორიზონტალურად მდებარე ზედა ყბის ძვალი. ანკარების თავი თითქმის შეუმჩნევლად გადადის სხეულში, ანდა პირიქით, საზღვარი მათ შორის მკვეთრადაა გამიჯნულია. განსხვავებულია კუდის სიგრძეც - ზოგს ძალიან გრძელი აქვს, ზოგს მოკლე, ზოგი სახეობის - მკვეთრადაა დამოკლებული, ზოგიერთის კი მკვეთრად წვრილდება სხეულის ბოლოში.

თვალების აგებულება[რედაქტირება]

ანკარა გველების უმეტესობას თვალები კარგად აქვთ განვითარებული. გააჩნიათ მრგვალი, ოვალური ან ვერტიკალური თვალის გუგები. ასევე ხშირად აღენიშნებათ მკვეთრად შეფერილი თვალის მინისებური გარსი, რაც ხშირად სხეულის საერთო ფონთან კარგადაა შეგუებული. გუგებს შეუძლია ვერტიკალურად შეკუმშვა და გაფართოება, რაც ზოგიერთი სახეობის ღამის ცხოვრების წესითაა განპირობებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ღამის ცხოვრებით მცხოვრებ სახეობათა თვალის გუგა სინათლეზე შესაძლოა იმდენად შევიწროვდეს, რომ წერტილის ფორმა მიიღოს. ხეზე მცხოვრები ანკარების გვარის Ahaetulla წარმომადგენლებს აქვთ სიგრძივად ჰორიზონტალური გუგა და ჰორიზონტალური თვალის ჭრილი, რაც განაპირობებს მათ ბინოკულარულ მხედველობას. ამგარი მხედველობა საშუალებას აძლევს გველს ახლო მანძილიდან შეუცდომლად დაიჭიროს მსხვერპლი. ანკარათა იმ სახეობებს, რომლებიც მსხვერპლს დაეძებენ და არა უსაფრდებიან, აღენიშნებათ მკვეთრად გადიდებული თვალების ჭრილი. ისინი კარგად აფიქსირებენ მოძრავი ობიექტის თითოეულ რეაქციას. მთხრელი ფორმების, ან ღამის ცხოვრების წესით მცხოვრები სახეობების თვალის ჭრილი კი დიდი არ არის.

კბილების აგებულება[რედაქტირება]

გააჩნიათ უძრავი შხამიანი კბილები. მრავალრიცხოვანი, უძრავი კბილები განლაგებული აქვთ ზედა ყბის ფრთისებრ და სასის ძვლებზე. განსხვავებულ სახეობებს კბილები, როგორც სიდიდის, ისევე განლაგების ნიშნის მიხედვით, განსხვავებული აქვთ. ხშირად ზედა ყბის უკანა კბილები წინაზე დიდია, გვერდებიდანაა შევიწროებული და წინა კბილებისაგან გამოყოფილია დიდი შუალედებით. ზოგიერთ სახეობას ზედა ყბის წინა ნაწილში გააჩნია წანაზარდი, შხამის გამოსაყოფად. სახეობებს, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ჩიტების კვერცხებით (კვერცხიჭამია გველისებრნი) გააჩნიათ ძალიან წვრილი და მრავალრიცხოვანი კბილები. სახეობებს, რომლებიც ”მაგარი” საკვებს მიირთმევენ (ხვლიკები, ამფიბიები და სხვ.) კბილები ზედა ყბაზე მყარად აქვთ განლაგებული, რაც პირით მსხვერპლის ძლიერ ჩაჭიდებაში ეხმარებათ მათ.

სხეულის შეფერილობა[რედაქტირება]

წითელი სამეფო გველი (Lampropeltis triangulum syspila)

ანკარა გველების სხეულის შეფერილობა მკვეთრად მრავალფეროვანია: არსებობენ მუქი ლურჯი, ყავისფერი, მურა ან მკვეთრად შავი შეფერილობის ეგზემპლარები. ზოგიერთი სახეობის ჭრელი, მეტად მკვეთრი შეფერილობა მართლაც განსაცვიფრებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან სამეფო გველები (Lampropeltis), რომელთა სხეულზეც ერთმანეთთანაა შეხამებული მკვეთრი წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ზოლები. სხეულის ამგვარი შეფერილობა ერთგვარი დამცავი მექანიზმია, ვინაიდან ისინი ემსგავსებიან ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველებს ასპიტებს. ზოგიერთ სახეობას შეფერილობა მკვეთრად ეცვლება ტემპერატურისა ან სინათლის ცვლილების დროს.

ცხოვრების წესი[რედაქტირება]

ანკარების საცხოვრებელი ადგილი მრავალფეროვანია. ზოგიერთი სახეობა მჭიდროდაა დაკავშირებული წყალთან, კარგად ცურავს, ყვინთავს (მაგ: ჭაობის გველი), ზოგი მშრალ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში ცხოვრებას ამჯობინებს, ზოგი სახეობა ცხოვრობს ხეებზე. არსებობენ მთხრელი ფორმების, რომლებიც მიწაში დაძვრებიან, ცხოვრობენ ქვების, ხეების ქვეშ და მიწის ნაპრალებში.

საკვები[რედაქტირება]

ჩვეულებრივი კვერცხიჭამია გველი Dasypeltis scabra

ანკარათა საკვები მეტად მრავალფეროვანია: მატლები, მოლუსკები, კიბოსნაირები, თევზები, ჩიტები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, მღრღნელები და სხვ. ნადავლს ჩაეჭიდებიან კბილებით, სხეულით რამდენიმე რგოლად შემოეხვევიან და ყლაპავენ ცოცხლად. ზოგიერთი სახეობა ადამბლავებს მსხვერპლს თავის მიწაზე დარტყმით. ზოგიერთი ნადავლის პარალიზების მიზნით იყენებს შხამს. მცირე ზომის ნადავლს, მაგ: მწერებს, იჭერენ ენის საშუალებით. არსებობენ სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთი ტიპის საკვებს მიირთმევენ. მაგალითად დიდთავა, ანუ ლოკოკინაჭამია გველი Dipsas გვარიდან იკვებება მხოლოდ ლოკოკინებით, რომლებიც ქვედა ყბის მოხრილი კბილების საშუალებით გამოყავს ნიჟარიდან. სამხრეთ აზიური გვარი Fordonia-ს წარმომადგენლები იკვებებიან ზღვის კიბორჩხალებით. ძაღლისთავა გველები (Cerberus) - თევზებით. კვერცხიჭამია გველისებრნი კი მხოლოდ ჩიტების კვერცხებით, ზოგჯერ ქვემძრომებითაც. მათ გააჩნიათ ე.წ. ”კვერცხის ხერხი”, რაც წარმოადგენს ხერხემლის წინა მალების ქვედა წანაზარდებს. მისი საშუალებით ხდება კვერცხის ნაჭუჭის ”გახერხვა”. მსგავსი ”იარაღი” გააჩნიათ სხვა გველებსაც, რომლებიც კვერცხების გარდა სხვა საკვებსაც მიირთმევენ. ანკარასებრთა ოჯახში გვხვდება ისეთი სახეობებიც, რომლებიც შხამიან გველებზე ნადირობენ. უმეტეს წილად ამ გველების შხამის მიმართ მათ იმუნიტეტი გააჩნიათ.

შეწყვილება და გამრავლება[რედაქტირება]

შეწყვილებას წინ უძღვის თავისებური საქორწინო ცეკვები, რომლის დროსაც მამრი დიდხანს დასდევს მდედრს. შეწყვილების დროს კი ხშირად ”იჭერს” მას კისერზე ყბების მოჭერით. ანკარათა შორის არიან როგორც კვერცხისმდებელი, ისე ცოცხლადმშობი ფორმები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარემო პირობების შეცვლის დროს კვერცხმდები ფორმები - ცოცხლადმშობებად გადაქცეულან. დებენ 1-3-დან რამდენიმე ათეულ კვერცხს. კვერცხებს დებენ მიწაში, ფოთლების გროვაში, ხის ფუღუროებში, მიწაზე დაყრილ ტოტების გროვაში, სოროებში, იშვიათად სპეციალურად ამოთხრილ სოროებში. ფორმით კვერცხი ოვალურია, ზოგჯერ კალბასის ფორმისაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთ ადგილას ნახულობენ ბევრი მდედრის მიერ დადებულ ასეულობით კვერცხს. ზოგჯერ განაყოფიერებული კვერცხი შეიძლება დაიდოს შეწყვილებიდან 3-4 წლის შემდეგ.

მტრები და თავდაცვის საშუალებები[რედაქტირება]

მტრები ბევრი ჰყავთ - ქვეწარმავლებიდან დაწყებული (მსხვილი ხვლიკები, სხვა გველები), ჩიტებითა და ძუძუმწოვრებით დამთავრებული. საფრთხის დროს ცდილობენ თავს გაქცევით უშველონ - ხის გველები სწრაფად ადიან ხეებზე და ტოტის ფორმას იღებენ. ზოგიერთი სახეობის ბლაგვი კუდი ძალიან ჰგავს თავს. ეს ხშირად აბნევს მტერს. ზოგიერთი სახეობა საფრთხის დროს ძლიერ აგრესიულად იქცევა - ბერავს სხეულს, იწყებს სისინს და ეცემა მსხვერპლს. საფრთხის შემთხვევაში ზოგიერთი სახეობა იწყებს მიწაზე კუდის დარტყმას, გამოსცემს სპეციალურ ხმას, რაც აფრთხობს მტაცებელს. არსებობენ ისეთი სახეობებიც, რომლებიც თავს იმკვდარუნებენ: ბრუნდებიან ზურგზე, აღებენ პირს და გარეთ აგდებენ ენას.

შხამი[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ანკარების უმეტესობა უშხამოა, ეს არ შეიძლება გავიგოთ იმგვარად, რომ ისინი სრულებით არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანისათვის. სინამდვილეში უმეტესობის შხამი და ნერწყვი ტოქსიურია: იწვევს მსხვერპლის პარალიზევას და სიკვდილს. ცნობილია არა ერთი შემთხვევა, როცა ამ ოჯახის წარმომადგენლის ნაკბენს ადამიანში გამოუწვევია როგორც ძლიერი მოწამლის ნიშნები, ასევე სიკვდილიც. განსაკუთრებული ტოქსიურობითა და შხამის სიძლიერით გამოირჩევიან აფრიკული გვარები: Dispholidus და Thelotornis.

საქართველოში გავრცელებული სახეობები[რედაქტირება]

სპილენძა (Coronella austriaca)

საქართველოში გავრცელებულია ანკარათა 14 სახეობა:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 467, თბ., 1975