ანალური სექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანალური სექსის ილუსტრაცია

ანალური სექსი (ლათ. anus — ანალური ხვრელი, უკანა ტანი) — სქესობრივი აქტის ფორმა, როდესაც სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით ერეგირებული პენისი შედის ანალურ ხვრელში.[1] ანალური სექსის სხვა ფორმებს შორისაა თითაობა (ე.წ. „ფინგერინგი“), სექს-სათამაშოთი ანალური პენეტრაცია, ორალური სექსი ანუსზე (ანილინგუსი) და პეგინგი.[2]

ისტორია და გავრცელების არე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიანი და ანტონიუსი ედუარდ ანრი ავრილის ნახატში

ანალური სექსი ადამიანის განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზე გვხვდება. გათხრებისას ანტიკური ამფორები აღმოჩნდა, სადაც ანალური სექსია გამოსახული. არსებობს ნახატები და ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ანალური სქესობრივი აქტია აღწერილი. ფოტო და კინოინდუსტრიის განვითარებამ ანალური სექსის პორნოგრაფიაში ფართოდ გამოყენება მოიტანა.

ანალურ სექსს ძირითადად იყენებენ ვაგინალური სექსის შეუძლებლობის ან სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ფეხმძიმობა, ფეხმძიმობის შიში, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დაავადება ან საშოს განვითარების მანკი, ქალწულობის შენარჩუნების სურვილი და სხვა), აგრეთვე, სექსუალური შეგრძნებებისა და ჰორიზონტების გაფართოება.

ანალური სექსი მამაკაც ჰომოსექსუალებშიცაა გავრცელებული. ზოგიერთ იზოლირებულ ადგილებში (სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამხედრო ნაწილი) ანალური სექსი იერარქიის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ანალურ სექსს ზოგჯერ დასჯის მიზნითაც გამოიყენებენ ხოლმე (გაუპატიურება).

დღესდღეობით ანალური სექსისადმი არსებული დამოკიდებულება ერთი მხრივ, რელიგიურ მოტივებზეა დამყარებული, სადაც ასეთი კავშირი ცოდვასთან არის გაიგივებული, მეორე მხრივ, დასავლურ მენტალიტეტთან, სადაც უკანა ტანს სიბინძურესა და გულისამრევ ორგანოსთან აიგივებენ.

2006 წლის მონაცემებით, აშშ-ში 20-დან 39 წლამდე მამაკაცების 38,2% და 18-დან 44 წლამდე ქალების 32,6% ანალური სექსით არის დაკავებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ამ მონაცემებით დგინდება, რომ ანალური სქესობრივი აქტის მსურველთა რაოდენობა ოდნავ გაზრდილა 1992 წლის მონაცემების მიხედვით. იმხანად მამაკაცების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა მსგავსი კავშირი ქალთან, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 20,4%-ს არ აღემატებოდა.

საერთო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალურ სექსში არჩევენ აქტიურ და პასიურ პარტნიორს. აქტიურ პარტნიორად ის მამაკაცი მიიჩნევა, რომელიც თავის პენისს ათავსებს სექს-პარტნიორის ანუსში. პასიური კი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეწოდება, რომელიც აქტიურ პარტნიორს იღებს. ანუსის არე ადამიანთა უმეტესობას მეტად მგრძნობიარე აქვს და მნიშვნელოვან ეროგენულ ზონას წარმოადგენს. შესაბამისად, ანუსის სტიმულაციას შეუძლია სექსუალური აღგზნება გამოიწვიოს. პასიურ მამაკაცში ანალური სექსისას პროსტატაზე ხდება დაწოლა, შედეგად კი ორგაზმი, რაც დამატებით, უფრო ხანგრძლივ, მაგრამ, არა ინტენსიურ აღგზნებას იწვევს. ქალებში, ზოგიერთ პოზაში, დაწოლა ხდება ეგრეთ წოდებული გრაფენბერგის ზონაზე, რაც ასევე დამატებით აღგზნებას იწვევს. აქტიურ მამაკაცებს ანალურმა სექსმა შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭოს, რადგან სწორი ნაწლავი და ანუსის სფინქტერი უფრო მეტად ვიწროვდება პენისის შიგნით მოთავსებისას, ვიდრე ვაგინალურმა, რადგან, ვაგინა არც ისე მკვეთრად იკუმშება და პენისიც ნაკლებად განიცდის გარემოჭერას.

რისკფაქტორი და პრევენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრავმატიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალურმა კონტაქტმა შეიძლება საგრძნობი ტკივილი მიანიჭოს ადამიანს, თუკი ანუსის სფინკერი არასათანადოდ არის მოდუნებული ან პენისი შეჰყავთ ძალიან სწრაფად. რამდენადაც სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი არც თუ ტენიანია და სათანადო დანოტივებას ვერ ახდენს, ფრიქციამ წვისა და ტკივილის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში სწორ ნაწლავზე ბზარები (ნაკაწრები) ჩნდება და ანუსიდან სისხლდება იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ პენისი ძალიან გრძელია, სწორი ნაწლავი შეიძლება დაზიანდეს.

ინფექციური დაავადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალური სექსის დროს სხვადასხვაგვარი ინფექციური და ვენერიული დაავადების გადადების რისკი იზრდება. ამ დაავადებათა შორისაა: შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტი, გონორეა, ტრიქომონოზი და სხვა. ასევე მიჩნეულია, რომ ანალური სექსით უფრო იოლად ავადდება ადამიანი შიდსით, ვიდრე ვაგინალურით. გარდა ამისა, ჯანმრთელ ადამიანსაც კი სწორ ნაწლავში მიკროფლორა გააჩნია, რომელსაც საშარდე არხში მოხვედრისას ურეთრიტის გამოწვევა შეუძლია.

რეკომენდაცია, უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება.
  • რამდენადაც ნაწლავის მიკროფლორას არამხოლოდ ურეთრის ანთების გამოწვევა შეუძლია, არამედ ვაგინისაც, ანალურიდან ვაგინალურზე გადასვლის დროს პრეზერვატივი უნდა გამოიცვალოს, აქტის დასრულებისას კი სათანადო ჰიგიენური ღონისძიებები გატარდეს.
  • ანუსში პენისის უმტკივნეულოდ მოთავსებისათვის აუცილებელია შემზეთავი საშუალების, ლუბრიკანტის გამოყენება.
  • პრეზერვატივის გამოყენებისას შემზეთავი საშუალება წყალზე უნდა იყოს დამზადებული, რათა ლატექსი არ დააზიანოს.
  • იმ შემთხვევაში, თუკი პენისი მეტისმეტად გრძელია, შემზღუდავი რგოლების გამოყენებაა საჭირო.

ქართული სამართლის პრაქტიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული სამართლის მიხედვით, სქესობრივ დანაშაულის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა მამათმავლობა, ანუ სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან, ასევე გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი მამაკაცისა დედაკაცთან. იოანე მმარხველის თხზულებაში საუბარია „დედათაცა თანა მამათმავლობაი, რომელსა შთავარდებიან მამაკაცნი“, რომელნიც „ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ“ და არაბუნებრივად „აიძულებენ სიძუად უბადრუკთა მათ დედათა თანა“.

ქართული სამართალი არ იცნობს ცხოველთმავლობას, მაგრამ მოხსენებული და დაგმობილია სოდომური ცოდვები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებაში. ივანე ჯავახიშვილი ეხება ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ „სოდომური ცოდვა, როგორც ზემოთ დასახელებული კრების მოწმობიდან ჩანს, მოდებული ყოფილა და სამღვდელოება აფრთხილებდა ქართველ ერს: ასურელთა, სპარსელთა და სომეხთა შორისაც და რომშიაც მძვინვარებდა ეს ცოდვა და სწორედ მან დააუძლურა ეს ოდესღაც ძლიერი სახელმწიფოებიო, ამისათვის ვამცნეთ ყველასა: დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა და შუაკაცთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა წესსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისა“-განო, ხოლო „ვინ ამიერთგან სოდომურ ცოდვას არ გადაეჩვევა, იმას საშინელი, სოდომურივე სასჯელი მოელის საიქიოს, სააქაო სასჯელს კი კრება არ ასახელებს. ბიზანტიაში ამ დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული“[3].

კულტურულ/რელიგიური შეუთავსებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანულ ქვეყნებში ანალურ სექსს ხშირად ბუნების საწინააღმდეგო ცოდვად მიიჩნევენ (თომა აკვინელის Peccatum contra naturam) ან სოდომურ ცდუნებად (შარლემანის ერთ-ერთ განკარგულებაში Sodomitica luxuria). პავლე მოციქული წერს: ”სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი ნუცაღა სახელ-იდებებიან ჩვენს შორის” (ეფესელთა 5,3). ქრისტიანულ რელიგიათა უმრავლესობა ანალურ სექსს ცოდვად მიიჩნევს.

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივატი, ანუ ლოტის ხალხის ცოდვა, ოფიციალურად აკრძალულია ისლამურ სექტთა უმრავლესობაში. ყურანში არის ადგილები, სადაც მოხსენიებულია სოდომისა და გომორის ცოდვა, რასაც არაბუნებრივ სქესობრივ კავშირზე მინიშნებად მიიჩნევენ და შესაბამისად ისლამური კანონი კრძალავს მას. ანალური კავშირების მოყვარულ ადამიანებს უწოდებენ ლუტი-ს და ისინი ისეთივე კრიმინალებად მიიჩნევიან, როგორც ქურდები. ლივატი ქალთან ნაკლები ცოდვაა, ვიდრე ლივატი კაცთან.

იუდაიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორთოდოქსული იუდაიზმის სწავლებით ჰომოსექსუალური ანალური კავშირი ცოდვაა. იუდაიზმის კონსერვატიული, რეფორმისტული და რეკონსტრუქტივისტული განშტოებები ჰომოსექსუალობას მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ნაკლებად მიმღებია სოდომის. მიუხედავად ამისა, იუდაიზმი არ კრძალავს ჰეტეროსექსუალურ ანალურ კავშირს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wayne Weiten (2016). Psychology Applied to Modern Life: Adjustment in the 21st century. Cengage Learning, გვ. 349. ISBN 978-1305968479. „Anal intercourse involves insertion of the penis into a partner's anus and rectum.“ 
  2. Barry R. Komisaruk (2009). The Orgasm Answer Guide. JHU Press, გვ. 108–109. ISBN 978-0-8018-9396-4. 
  3. ივ. ჯავახიშვილი, თხზ. 12 ტომად, ტ VII, გვ. 221.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: