ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა (1013 დეკემბერი, 1922, ბაქო) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით პირველი ყრილობა. ესწრებოდა 582 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 503, სოციალისტ-ფედერალისტი — 2, უპარტიო — 77; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 175, ქართველი — 160, სომეხი — 131, რუსი — 83 და სხვა — 12.

ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს ანგარიშში მომხსენებელმა დაახასიათა საბჭოს ღონისძიებები ამიერკავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების განსამტკიცებლად. ყრილობამ მოიწონა საბჭოს საქმიანობა საანგარიშო პერიოდში. ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობამ დაასაბუთა სსრ კავშირის შექმნის ისტორიული აუცილებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების გაერთიანება სსრ კავშირში ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით. ყრილობის დადგენილებით „ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კავშირი“ გარდაიქმნა „ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკად“ (ასფსრ). წითელი არმიისა და ფლოტის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ყრილობამ დასახა ამიერკავკასიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო და პოლიტიკური განმტკიცების ღონისძიებანი. სერიოზული ყურადრება დაეთმო სამეურნეო საკითხებსაც: მებამბეობის განვითარებას, ნავთობის მრეწველობის აღდგენას, საირიგაციო სამუშაოთა მიმდინარეობას.

ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 10 დეკემბერს ქალაქ ბაქოში გაიხსნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა[1]. ყრილობას ესწრებოდა რესპუბლიკებიდან წარგზავნილი 520 დელეგატი. ყრილობის საპატიო თავჯდომარედ აირჩიეს: ვ. ლენინი, ლ. ტროცკი, გ. ზინოვიევი, მ. კალინინი, მ. ცხაკაია და ყრილობაზე მყოფი უკრაინის ცაკის წარმომადგენელი დ. მანუილსკი. ყრილობის პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს: ნ. ნარიმოვი, ს. აღამალიოღლუ, ფ. მახარაძე, შ. ელიავა, ს. ორჯონიკიძე, ს. კიროვი, ა. მიასნიკოვი, მ. ორახელაშვილი და სხვა.

ყრილობაზე მიღებულ იქნე შემდეგი დღის წესრიგი:

  • ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს ანგარიში (ნ. ნარიმანოვი);
  • მოხსენებები:
    • საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო და საგარეო მდგომარეობა (ს. კიროვი),
    • სსრ კავშირის შექმნა (ს. ორჯონიკიძე),
    • წითელი არმია და ფლოტი (კ. ეგოროვი),
    • მებამბეობის განვითარება (დ. ბუნიათზადე და ა. ერზინკიანი),
    • ნავთობის მრეწველობის აღდგენა (ა. სერებროვსკი),
    • საირიგაციო სამუშაოთა მიმდინარეობა (ს. ბოგდატიევი),
    • ასფსრ კონსტიტუცია (შ. ელიავა);
  • ამიერკავკასიის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

10 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა ს. კიროვი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ[2].

11 დეკემბერს საღამოს სხდომაზე მოსმენილ იქნა ს. ორჯონიკიძის მოხსენება სსრ კავშირის შექმნის თაობაზე[3].

12 დეკემბერს დილის სხდომაზე წარმოებდა კამათი ს. ორჯონიკიძის მოხსენების თაობაზე. შემდგომ წითელ არმიასა და ფლოტზე სიტყვით გამოვიდა კ. ეგოროვი. მებამბეობის განვითარებაზე ისაუბრეს დ. ბუნიათზადემ და ა. ერზინკიანმა. დღის ბოლოს მოისმინეს ა. სერებროვსკის მოხსენება ნავთობის მრეწველობის აღდგენაზე და ს. ბოგდატიევის მოხსენება მუღანის საირიგაციო სამუშაოთა მიმდინარეობის თაობაზე[4].

13 დეკემბერს ყრილობამ დაამტკიცა ასფსრ-ის კონსტიტუცია. ამიერკავკასიის ფედერალური ცენტრალური სახელმწიფოთა დაწესებულებათა რეზიდენციად არჩეულ იქნა თბილისი. ყრილობამ აირჩია ასფსრ-ის ცაკი (150 წევრი და 50 კანდიდატი)[5], ხოლო საპატიო წევრებად ი. სტალინი და ენუქიძე. სხდომაზე ასევე აირჩიეს სსრ კავშირის საბჭოების I ყრილობის დელეგატები[6].

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის I მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ორი სესია:

ამიერკავკასიის ცაკის I სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 15 იანვარს[7] თბილისში საღამოს 7 საათზე (უნდა ჩატარებულიყო დილით და გადაიდო საღამოსთვის) შედგა ამიერკავკასიის ცაკის I მოწვევის პირველი სესია, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა მ. ცხაკაიამ.

სესიაზე მიღებულ იქნა დღის წესრიგი:

  1. ამიერკავკასიის ცაკის შედგენა;
  2. ამიერკავკასიის სფსრ-ის კონსტიტუცია;
  3. ამიერკავკასიის სფსრ-ს სახკომსაბჭოს არჩევნები;
  4. მიმდინარე საქმეები.

ყრილობამ მიიღო სხდომების წარმოების რეგლამენტი და დააწესა სესიის მუშაობის დრო დილის 11:00-15:00 და საღამოს 19:00-22:00 საათები.

შემდეგ ყრილობა შეუდგა ცაკის შედგენას. აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვით გამოსული იყო კახიანი, რომელმაც სხდომას შესთავაზა შექმნილიყო 13 წევრისგან და 6 კანდიდატისაგან შემდგარი ცაკის პრეზიდიუმი. ყრილობამ ერთხმად მიიღო ცაკის პრეზიდიუმის რაოდენობა და მისი შემადგენლობა.

ცაკის პრეზიდიუმი აირჩა შემდეგი შემადგენლობით:

  • თავჯდომარეები — აგამაღლი-ოღლი, მიხა ცხაკაია და ამბარცუმიანი;
  • მდივანი — ტალიბლი;
  • წევრები: მიასნიკოვი, შ. ელიავა, ვ. სტურუა, კიროვი, გეგეჭკორი, კრილოვი, გუსეინოვი, მოადგილედ იაკუბოვი, გინხურგი;
  • ცაკის პრეზიდიუმის წევრთა კანდიდატები: მ. კახიანი, კასიანი, ყურულოვი, კარაევი, ბუზიად-ზადე და ბაგდატიევი.

ამიერკავკასიის სფსრ-ის კონსტიტუციაზე სიტყვით გამოვიდა შ. ელიავა. მან სხდომას შეახსენა, რომ ამიერკავკასიის სფსრ-ს კონსტიტუცია მიღებული იყო ამიერკავკასიის პირველი ყრილობის მიერ და რომ მისი შემდგომი რედაქცია და გამოცემა ყრილობამ ამიერკავკასიის ცაკს მიანდო. კონსტიტუციის პროექტში შეიძლება შეტანილ იქნას შესწორებანი, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის ძირითად დებულებებს. პროექტი ექვსი ნაწილისა და 10 თავისაგან შედგებოდა. შ. ელიავა აქვეყნებს კონსტიტუციის პროექტის ტექსტს. მცირე კამათის შემდეგ სხდომამ დაიწყო კონსტიტუციის მუხლობრივი განხილვა, რომლის დროსაც კონსტიტუციის ტექსტში შეტანილ იქნა მთელი რიგი შესწორებები. შეტანილი შესწორებების შესათანხმებლად არჩეულ იქნა განსაკუთრებული კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა პროექტის საბოლოო ტექსტი და წარმოუდგინოს სესიას დასამტკიცებლად. სარედაქციო კომისიაში აირჩიეს: შ. ელიავა, ლუკაშინი, ორახელაშვილი, პადერინი, მიხაილოვი, გ. სულთანოვი და ღლონტი. ამის გარდა კონსტიტუციის პროექტის საბიუჯეტო უფლების განყოფილებისათვის რედაქციის გასაკეთებლად აირჩიეს განსაკუთრებული კომისია შემდეგი შემადგენლობით: გაჯინსკი, ელიავა, გრიშინი, იზმაილოვი, ღლონტი, ბიბინეიშვილი და კრილოვი. სხდომა დაიხურა საღამოს 10 საათზე[8]

16 იანვარს საღამოს 8 საათზე გაიხსნა მეორე სხდომა. სიტყვა მიეცა შ. ელიავას, რომელმაც წაიკითხა კონსტიტუციის შესწორებული ვარიანტი. შემდეგ სხდომა შეუდგა ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შედგენას. სიტყვით გამოვიდა კარასი, რომელმაც სხდომას წარუდგინა სახკომსაბჭოს კანდიდატთა სია. ორჯონიკიძის წინადადებით სესია შეუდგა პერსონალურ არჩევნებს და საბოლოოდ ამიერკავკასიის სახკომსაბჭო დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით:

  • ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავჯომარე — მამია ორახელაშვილი;
  • მოადგილეებად: მიასნიკოვი და გუსეინოვი;
  • საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი — გუსეინოვი;
  • სამხედრო-საზღვაო კომისარი — შალვა ელიავა;
  • შრომის სახალხო კომისარი — იაგუბოვი;
  • სახელმწიფო სასურსათო კომისარი — გუნიატ-ზადე;
  • ფინანსთა სახალხო კომისარი — თუმანოვი;
  • ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე — იზმაილოვი;
  • ფოსტა-ტელეგრაის სახალხო კომისარი — ათაბეგოვი;
  • საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი — ივანიანი;
  • საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე — გაჯინსკი;
  • მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი — ჟოჟიკაშვილი;
  • ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავჯდომარე — მოგილევსკი;
  • ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი — პოზდეევი.

მ. ორახელაშვილი გამოვიდა წინადადებით რათა არჩეულ იქნას სსრ კავშირის საერთო ხელშეკრულების განსახილველად. წინადადება ერთხმად იქნა მიღებული და აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: ელიავა, ჰუსეინოვი, კირინიანი, მიხაილოვი და ლაკობა.

ამის შემდეგ სხდომა შეუდგა მელიორაციისა და ბამბის მეურნეობის საკითხის განხილვას. სიტყვით გამოსული იყო ბაგდატიევი. საკუთარი აზრი გამოთქვეს ბუნიატზადემ და იზმაილოვმა.

თბილისში ბაქოს 26 კომისრის სახელობის ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე სიტყვით გამოვიდა მ. ორახელაშვილი. სხდომამ მოიწონა ორახელაშვილის წინადადება და ერთხმად მიიღო აღნიშნული რეზოლუცია პარტიული უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე.

მუღანის სამელიორაციო სამმართველოს მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა ბაგიროვმა.

სესიის დასასრულს სიტყვით გამოვიდა მ. ცხაკაია, რომელმაც განაცხადა, რომ ამიერკავკასიის ცაკი და სახკომსაბჭო, რომლებიც აერთიანებენ 3 საბჭოთა რესპუბლიკას იქნებიან მუშათა დ და გლეხდა ინტერესების სადარაჯოზე. სესია დახურულად გამოცხადდა საღამოს 10 საათზე[9];

ამიერკავკასიის ცაკის II სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 28 ივნისს საღამოს 7 საათზე თბილისში სასახლის წითელ დარბაზში გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის მეორე სესია. სხდომას ხელმძღვანელობდა მ. ცხაკაია. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ყრილობის მნიშვნელობა და მიმოიხილა საერთაშორისო მდგომარეობა.

ყრილობამ მიიღო პრეზიდიუმის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი:

  1. მოხსენება ამიერკავკასიის სახკომსაბჭოსი;
  2. ამიერკავკასიის ფედერაციის ფინანსური მდგომარეობა;
  3. კონსტიტუციები (ხელშეკრულებები და დეკლარაციები) სსრ კავშირისა;
  4. მოხსენებანი: ასფსრ-ის სასურსათო სახკომის, შრომის სახკომისა და მუშურ-გლეხური ინსპექციის სახკომის;
  5. ნაციონალური მომენტი ამიერკავკასიის ფედერაციის სახელმწიფო აღმშენებლობაში;
  6. მიმდინარე საქმეები.

სესიამ დამატებით დაადგინა მოესმინა ბოგდატიანის მოხსენება მელიორაციის შესახებ.

ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს მუშაობის შესახებ სიტყვით გამოვიდა სახკომსაბჭოს თავჯდომარე მ. ორახელაშვილი. მან ყრილობას მოახსენა საბჭოს 5 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები. მან მიმოიხილა საკითხები: ფინანსებზე, ვაჭრობაზე, შრომის დაცვაზე, რკინიგზაზე, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაზე და წითელ ჯვარზე.

სსრ კავშირის კონსტიტუციაზე (ხელშეკრულება და დეკლარაცია) მოხსენებით გამოვიდა გუსეინოვი. პირველ საკავშირო საბჭოს სესიაზე არჩეულ კომისიის მიერ ხელშეკრულების პროექტში შესატანად გამომუშავებული შესწორებების წაკითხვის შემდეგ სესიამ მიიღო კონსტიტუციის ტექსტი.

29 ივნისის დილის სხდომაზე ამიერკავკასიის ფინანსურ მდგომარეობაზე მოხსენებით გამოვიდა თუმანოვი. შემდეგ მოხსენება მელიორაციის შესახებ წაიკითხა ბოგდატიანმა[10].

ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ მოხსენებით გამოვიდა გუსეინოვი. გუსეინოვის განცხადებით „ყარსში დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია ერთხელ კიდევ ამტკიცებს ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას ოსმალეთთან“. სესიამ ერთხმად მიიღო ხელშეკრულება და საფოსტო-სატელეგრაფო კონვენცია ოსმალეთთან.

საბჭოთა მშენებლობაში ნაციონალურ მომენტზე ისაუბრა ელიავამ. მისი მოხსენების შემდეგ სესიამ მიიღო კომფრაქციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია. სესიამ ასევე მიიღო ელიავას წინადადება შრომის, სასურსათო და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რეორგანიზაციის შესახებ.

დასასრულს, მოკლე სიტყვით გამოვიდა მ. ცხაკაია და სესია დახურულად გამოცხადდა[11].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 387.
  • Первый Закавказский съезд Советов., Стенографический отчет, Тифлис, 1923

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]