ამიერკავკასიის საბჭოების II ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების II ყრილობა (47 იანვარი, 1924, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მეორე ყრილობა. ესწრებოდა 574 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 549, უპარტიო — 25; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 151, ქართველი — 167, სომეხი — 148, რუსი — 66 და სხვა — 42.

ყრილობამ შეაჯამა მიღწევები ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარებასა და მშრომელთა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, მოიწონა მთავრობის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში; ყრილობაზე რატიფიცირებულ იქნა სსრკ კონსტიტუცია, ასფსრ სახელმწიფო დაწესებულებებს დაევალათ ეხელმძღვანელათ მისი დებულებებით. წითელი არმიის შესახებ მიღებულ დადგენილებებში აღინიშნა ამიერკავკასიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების დონის განუხრელი ზრდა. ყრილობაზე დიდი ყურადრება დაეთმო სამეურნეო საკითხების განხილვასაც. აღინიშნა ამიერკავკასიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამასთან ყრილობამ მიუთითა სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარების შემაფერხებელ ნაკლოვანებებზე და დასახა მათი აღმოფხვრის გზები, გააუქმა ამიერკავკასიის სასურსათო საქმეთა სახლახო კომისარიატი. ყრილობამ აირჩია ასფსრ-ის ცაკი (173 წევრი და 83 კანდიდატი) და სსრ კავშირის საბჭოების II ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის საბჭოების II ყრილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის 4 იანვარს საღამოს 6 საათზე თბილისში სახელმწიფო ოპერის შენობაში გაიხსნა ამიერკავკასიის საბჭოების მეორე ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა რესპუბლიკებიდან წარგზავნილი 574 დელეგატი. ყრილობა მისასალმებელი სიტყვით გახსნა მ. ცხაკაიამ. მან მოკლე სიტყვით მიმოიხილა ამიერკავკასიის ცაკის მიერ გაწეული სამუშაოები.

მ. ცხაკაიას გამოსვლის შემდეგ, ტალიბლის წინადადებით აირჩიეს ყრილობის პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: აზიზბეკოვი, აგა-მალი ოღლი, ამბარცუმიანი, ბუნიატზადე, ვრაჩევი, გეგეჭკორი, ჰუსეინოვი, მირზა-დავუტი, ჯატიევი, ეგოროვი, ესაიანი, კიროვი, კახიანი, ქართველიშვილი, კუზნეცოვი, კონუშკინი, კარაკოშოვი, ყაზარიანი, ლუკაშინი, ლაკობა, ლომინაძე, მირზოიანი, მახარაძე, მუსაბეგოვი, მიასნიკოვი, მოწყობილი, მაცკევიჩი, ორჯონიკიძე, ორახელაშვილი, ოსეფიანი, სტურუა, ვ. სუხიშვილი, სემკოვი, ტაიროვი, ხაიმუდალოვი, მ. ცხაკაია და ჩაპლინი; ხოლო ყრილობის საპატიო წევრებად ვ. ლენინი, კალინინი, ტროცკი, ზინოვიევი, სტალინი, კამენევი, კ. ცეტკინი და კაშენი, სამდივნოში — გუტინი, მამულია, კუსტამ ბეილი, ტალიბლი, ტაშიანი, სვანიძე და შჩუკმინი.

სამანდატო კომისიაში არჩეულ იქნენ: ივანოვ-კავკაზსკი, შავერდოვი, მამიკონიანი, ქურდაძე, პარფიონოვი, შაბანოვი, ჰუსეინ ყასიმოვი და რახმან ყასიმოვი.

სარედაქციო საბჭოში არჩეულ იქნენ: ლორთქიფანიძე, ჩაგინი, ბაკუნცი, კიკნაძე, ჯატიევი, კარონინი და ოლიმბედოვი.

ყრილობამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  • ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის ანგარიში (მ. ორახელაშვილი);
  • მოხსენებები:
    • სსრ კავშირის კონსტიტუციის რატიფიკაცია (მ. ცხაკაია),
    • ამიერკავკასიის სამეურნეო მდგომარეობა (ა. მიასნიკოვი),
    • საფინანსო მეურნეობა (მ.ჰუსეინოვი),
    • საგზაო მშენებლობა (შ. ელიავა),
    • წითელი არმია (კ. ეგოროვი);
  • ამიერკავკასიის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების II ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

მ. ორახელაშვილმა გააკეთა მოხსენება ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის — სახკომის მუშაობის შესახებ. იგი შეეხო საგარეო პოლიტიკას, საგარეო ვაჭრობასა და ასფსრ-ს ფინანსურ მდგომარეობას. დასასრულს, საღამოს 9 საათზე მ. ცხაკაიამ ყრილობის პირველი სესია დახურულად გამოაცხადა[1].

5 იანვარს დილით გაისხსნა მეორე სხდომა. თავჯდომარეობდნენ ამბარცუმიანი და ბუნიატზადე.

დაიწყო კამათი სახკომსაბჭოს თავჯდომარის მ. ორახელაშვილის მოხსენების გარშემო. კამათში მონაწილეობდნენ: ლომილავა, კასუმოვი, მუხტარ ალი-ზადე, გაბრიელიანი, პოზდევი, ყაზარიანი და ისმაილოვი. სხდომა ნაშუადღევს 3 საათზე მორჩა.

საღამოს გაიხსნა მესამე სხდომა. თავჯდომარეობდა მუსაბეკოვი. გაგრძელდა კამათი მ. ორახელაშვილის მოხსენების გამო. კამათში მონაწილეობდნენ: კიაზიმოვი, პაპანოვი, მუსაბეკოვი და ბოღდატიევი. ბოლოს გამოვიდა მ. ორახელაშვილი საპასუხო სიტყვით.

საკავშირო ხელშეკრულების რატიფიკაციაზე მოხსენებით წარსდგა მ. ცხაკაია. მან მოკლე ისტორიული ექსკურსით გაახსენა ყრილობას სსრ კავშირის შექმნისთვის გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები. დასასრულ, ორახელაშვილი გამოვიდა წინადადებით კენჭი ეყარა ყრილობას საკავშირო ხელშეკრულებაზე. ყრილობამ რეზოლუციით ერთხმად დაამტკიცა საბჭოთა კავშირის შეთანხმება.

6 იანვარს დილით გაიხსნა ყრილობის მეოთხე სხდომა. თავჯდომარეობდა მ. ცხაკაია. მიასნიკოვი მოხსენებით გამოვიდა და ისაუბრა ამიერკავკასიის სამეურნეო მდგომარეობის შესახებ[2]. მიასნიკოვის მოხსენების გამო კამათში მონაწილეობდნენ: ბუნიატ-ზადე და ყულიევი.

საღამოს გაიმართა მეხუთე სხდომა. თავჯდომარეობდა მ. ცხაკაია. გაგრძელდა კამათი მიასნიკოვის მოხსენების გამო. კამათში მონაწილეობდნენ: ალიევ თემური, ტალიბლი, შამედოვ-კარბანი და ერქომაიშვილი. დასასრულ საბოლო სიტყვით მიასნიკოვი გამოვიდა.

ამიერკავკასიის ფინანსებზე მოხსენებით გამოვიდა გუსეინოვი. მოხსენების ბოლოს სხდომა დაიხურა.

7 იანვარს დილით გაიმართა მეექვს სხდომა. თავჯდომარეობდა მუსაბეგოვი. გუსეინოვი თავის მოხსენებაში გადავიდა ამიერკავკასიის ბიუჯეტის განხილვაზე. მოხსენების გარშემო კამათი არ გამართულა.

წითელ არმიის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ეგოროვი. გამოსვლის შემდეგ დილის სხდომა დაიხურა.

საღამოს გაიმართა მეშვიდე სხდომა. თავჯდომარეობდა მ. ცხაკაია. შ. ელიავა გამოვიდა მოხსენებით ამიერკავკასიის ტრანსპორტის შესახებ. ყრილობა ელიავას მოხსენებას ცნობად ღებულობს და ავალებს ცაკს დაუყოვნებლივ შეუდგეს შარაგზებისა და ჯულფა-ბაქოს რკინიგზის ასაგები ფონდების შექმნის საკითხის გადაწყვეტას.

ყრილობის წინაშე მოხსენებით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავჯდომარე შავერდოვი. მისი განცხადებით ყრილობას ესწრებოდა 574 დელეგატი, აქედან გადამწყვეტი ხმით 533 (92.3%), ხოლო სათათბირო ხმით 41 დელეგატი (7.7%). გენდერული შემადგენლობა: 560 კაცი და 14 — ქალი; ეროვნული შემადგენლობა: ქართველი — 167, თათარი — 151, სომეხი — 148, რუსი — 66, დანარჩენი — 42; სოციალური შემადგენლობა: მუშა — 192, გლეხი — 107, სახელმწიფო და პარტიულ აპარატში მომუშავე — 276; პარტიულობის მიხედვით: კომუნისტი — 549, უპარტიო — 25.

სამანდატო კომისიის მოხსენების შემდეგ მიღებულ იქნა რეზოლუციები გუსეინოვისა და მიასნიკოვის მოხსენების გარშემო.

შედგა ამიერკავკასიის ცაკის არჩევნები. სულ არჩეულ იქნა 178 წევრი და 83 წევრობის კანდიდატი.

შედგა სსრ კავშირის ყრილობის დელეგატების არჩევნები. სულ არჩეულ იქნა 62 დელეგატი და 17 კანდიდატი. ასევე 7 დელეგატი არმიასა და ფლოტისაგან[3].

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის II მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ორი სესია:

ამიერკავკასიის ცაკის I სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის 8 იანვარს დილით 1 საათზე, თბილისში, სასახლის წითელ დარბაზში გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის II მოწვევის პირველი სესია. სხდომას ხელმძრვანელობდა მ. ცხაკაია.

სხდომამ დაამკიცა დღის წესრიგი:

  1. ამიერკავკასიის ცაკის პრეზიდიუმის არჩევა;
  2. ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს არჩევა.

მცირე განმარტებითი მოხსენების შემდეგ მიღებულ იქნა კომფრაქციიდან წარმოდგენილი ცაკის პრეზიდიუმისა და სახკომსაბჭოს კანდიდატთა სია შემდეგი შემადგენლობით:

  • პრეზიდიუმის თავჯდომარეები: მ. ცხაკაია, აღამალი ოღლი და ამბარცუმიანი;
  • მდივანი — ალი ისკანდერი;
  • პრეზიდიუმის წევრები: ცხაკაია, აღამალი ოღლი, ამბარცუმიანი, კასუმოვი, ჰუსეინოვი, ვ. სტურუა, კახიანი, კასიანი, ბაღდატიევი, ბუნიად-ზადე, გეგეჭკორი, ელიავა, შავერდოვი და ისკანდერი;
  • პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატები: იაკუბოვი, ყურულოვი, სუხიშვილი, ბაგიროვი, ინასიანი და კონუშკინი.

ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

  • ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავჯომარე — მამია ორახელაშვილი;
  • მოადგილეებად: მიასნიკოვი და გუსეინოვი;
  • ფინანსთა სახალხო კომისრისა და საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის რწმუნებული — გუსეინოვი;
  • საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის რწმუნებული — ივანიანი;
  • შრომის სახალხო კომისარი — იაგუბოვი;
  • მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი — ოკუჯავა;
  • გზათა სახალხო კომისრის რწმუნებული — შალვა ელიავა;
  • ფოსტა-ტელეგრაის სახალხო კომისარი — ათაბეგოვი;
  • ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავჯდომარე — მოგილევსკი.

არჩევნების დასრულების შემდეგ, მუსაბეკოვი გამოვიდა წინადადებით ნახიჩევანის ავტონომიური ოლქის სტატუსის ავტონომიურ რესპუბლიკად ცვლილების თაობაზე აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ. მუსაბეკოვის წინადადება სხდომამ ერთხმად მიიღო, რის შემდეგადაც სხდომა დაიხურა შუადღის 2 საათზე[3].

ამიერკავკასიის ცაკის II სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის 2 სექტემბერს დილით, თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის II მოწვევის მეორე სესია. სხდომას ხელმძრვანელობდა მ. ცხაკაია. ყრილობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი საბჭოთა ბელადის ვ. ლენინის ხსოვნას.

მ. ცხაკაიამ სესიის წინაშე მიმოიხილა და შეაფასა ცაკის მიერ გაწეული სამშაოები. შემდეგ საინფორმაციო მოხსენებით გამოვიდა სახკომსაბჭოს თავჯდომარის მოადგილეს ლ. ღოღობერიძეს. ცაკის პრეზიუმის ანგარიში სესიას მოახსენა ცაკის პრეზიდიუმის თავჯდომარემ ამბარცუმიანმა. იგი შეეხო ორგანიზაციულ და ოკონომიკური ხასიათის საკითხებს[4]

სესიის წინაშე მოხსენებით იყო გამოსული შავერდოვი. იგი შეეხო ამიერკავკასიის ცაკის, სახკომსაბჭოსა და კომისარიატების უფლებამოსილების საკითხებს. მან სესიას აცნო მორიგი და საგანგებო მოსაწვევი სესიების წესი, დებულება ქვორუმის შესახებ, საკითხების გარჩევისა და კენჭისყრის წესი. მომხსენებლმა აღნიშნა საკითხები, რომლის გადასაწყვეტად უფლებამოსილია ამიერკავკასიის ცაკი და სახკომსაბჭო. მან ასევე ახსნა სახალხო კომისართა და კოლეგიის წევრთა დანიშვნის და გადაყენების წესები, ასევე მათი უფლებები.

შავერდოვის მოხსენების შემდეგ დილის სხდომა დახურულად გამოცხადდა.

საღამოს 6 საათზე გაიმართა ამიერკავკასიის ცაკის მეორე სხდომა.

ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მუშაობაზე მოხსენებით გამოვიდა კ. ჩხენკელი. მან მოხსენებაში ისაუბრა ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო ბანკის საკრედიტო მოქმედებაზე, ქვედა საფეხურის საკრედიტო სისტემაზე, პურის დასაწინდებელ ოპერაციებზე და მუშა საქონლის და სასოფლო სამეურნეო იაეაღების მიწოდების საკითხებზე.

საძოვრების საკითხზე მოხსენებით გამოვიდა კასიანი. დასასრულ მომხსენებელმა წაიკითხა თეზისები საძოვრის საკითხების შესახებ.

კასიანის მოხსენების შემდეგ საღამოს 9 საათზე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

3 სექტემბერს დილით გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის მესამე სხდომა. სხდომა გაიხსნა კასინანის მოხსენების გარშემო კამათით. კამათში მონაწილეობდნენ: აღამაღლი-ოღლი, გაჯიევი, მამედ-ხანოვი და ჩახუნაშვილი.

სესიის წინაშე მოხსენებით წარსდგა მ. ორახელაშვილი. მან ისაუბრა ამიერკვაკასიის სფსრ-ის კონსტიტუციის, სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შეთანხმების აუცილებლობაზე. მან განმარტა, რომ ამიერკავკასიის კონსტიტუცია არ უნდა ყოფილიყო ბუნდოვანი და მუხლობრივად გაიარა იგი. დასსრულს, კონსტიტუციის საბოლოო განხილვისათვის ცაკმა აირჩია 9 კაცისაგან შემდგარი სპეციალური კომისია.

სესიის წინაშე მოხსენებით გამოვიდა მარიამ ორახელაშვილი. მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ორგანოებში ქალთა განსაზღვრულ მინიმუმის არჩევაზე. მოხსენების შემდეგ სხდომამ დებულების განსახილველად აირჩია კომისია.

სხდომა დასრულდა შუადღის 1 საათზე[5].

საღამოს გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის მეოთხე სხდომა. თავჯდომარეობდა აღამალი ოღლი.

სხდომის წინაშე ამიერკავკაიის სფსრ-ის ბიუჯეტზე მოხსენებით გამოვიდა ჰუსეინოვი.

ჰუსეინოვის მოხსენების შემდეგ საღამოს სესია დაიხურა.

4 სექტემბერს დილით გაიხსნა ამიერკავკასიის ცაკის მეხუთე სხდომა. თავჯდომარეობდა ამბარცუმიანი.

კრილოვი წინადადება შეიტანა, ბიუჯეტის განსახილველად არჩეულიყო კომისია, რომლის განხილვის შემდეგ ბიუჯეტი წარედგინება ცაკის პრეზიდიუმს. სესიამ მიიღო კრილოვის წინადადება კომისიის შექმნის თაობაზე.

სხდომის დასასრულს წაკითხულ იქნა მოხსენებები კომისიათა მუშაობის შესახებ. შემდეგ კი სესია დახურულად გამოაცხადა მ. ცხაკაიამ[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 387.
  • Второй Закавказский съезд Советов., Стенографический отчет, Тифлис, 1924

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]