ლადო ბზვანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადო ბზვანელი
დაბადების თარიღი 12 (24) აპრილი, 1871
დაბადების ადგილი ბზვანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1953(1953-06-10) (82 წლის)
საქმიანობა პედაგოგი, მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
შვილ(ებ)ი დონი

ლადო ბზვანელი (ნამდვილი გვარი ნაცვლიშვილი; დ. 24 აპრილი [ძვ. სტ. 12 აპრილი], 1871 — გ. 10 ივნისი, 1953) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1939). ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1913 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და პედაგოგობის დაწყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ „ლადო“ ნაცვლიშვილი დაიბადა 1871 წლის 12 (24) აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ბზვანში, სახალხო მასწავლებლის ქრისტეფორე ნაცვლიშვილის ოჯახში, რომელიც ზედსიძედ იყო ჩხეიძეების ოჯახში, წარმოშობით სოფელ ბაშიდან. პირველდაწყებითი მომზადება მან ადგილობრივ სამრევლო სკოლაში მიიღო. 1880 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში, ამავე წლის ბოლოს ლადოს დედა გარდაიცვალა მამას მოსავლელად დარჩა ლადო და მისი მცირეწლოვანი და-ძმა. ოჯახური ხელმოკლეობის გამო ლადომ გიმნაზიის კურსი ვერ დაამთავრა. 1888 წელს მან ჩააბარა გამოცდები გიმნაზიის ექვსი კლასის დამთავრების მოწმობის მისაღებად და შეუდგა თვითგანვითარების გზით ცოდნის შეძენას. ორი წლის საგანგებო მეცადინეობის შემდეგ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მიიღო საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდება.

1890 წელს ლადო დაინიშნა მასწავლებლად შორაპნის მაზრის სოფელ მერევის სამინისტრო სასწავლებელში, სადაც სამი წელი იმსახურა ნაყოფიერად. 1893 წელს იგი გადაიყვანეს რაჭის მაზრის სოფელ ნიკორწმინდის სასწავლებელში. 1895 წელს მასწავლებლად დანიშნეს ქუთაისის მაზრის სოფელ ეწერში, ხოლო 1897 წელს სოფელ ტობანიერის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველად, სადაც სრული ათი წელი იმუშავა. აქვე დაქორწინდა გულენტი ზურაბის ასულ მაჭარაძეზე, რომელიც წარმოშობით ხონიდან იყო და შეეძინა ვაჟი დავით ნაცვლიშვილი (1899–1971), მომავალში ცნობილი მხატვარ-სატირიკოსი, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით „დონი“.

1907 წელს ლადო ბზვანელი, ვაჟის გიმნაზიაში შეყვანის გამო, სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა და შეუდგა მასწავლებლობას საქალაქო სასწავლებელში.

პედაგოგიური ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლადო ბზვანელი 1894 წლიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და მოურიდებლად ამხელდა საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერ მხარეებს, განსაკუთრებით ააშკარავებდა მთავრობის ყველა ცდას, რომელიც მიმართული იყო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისაკენ. იგი იმ დროსაც ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, როდესაც ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლებს ცნობილი რუსიფიკატორი ლევიტსკი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლადო ბზვანელი არამცთუ ემხრობოდა მის „მუნჯურ მეთოდს“, არამედ რამდენადაც შეეძლო, ებრძოდა კიდეც. ლადო ბზვანელი მოხდენილად იყენებდა კავკასიის სასწავლო ოლქის დებულებებსა და ინსტრუქციებს და თავის საყურადღებო წერილში „მწარე ფიქრები“ ულმობლად ამათრახებდა იმ პედაგოგებს, რომელთაც არავინ აძალებდა „მუნჯური მეთოდით“ მუშაობას, მაგრამ მაინც ნერგავდნენ მას. ასეთი პედაგოგების შესახებ იგი წერდა; „საკვირველია, მასწავლებლები ნეტავ რად იწუხებენ თავს და ძველებურის „მუნუჯური მეთოდით“ კიდევ რად აწვალებენ ბავშვებს?“ მან მკაცრად ამხილა ანტიპედაგოგიური „მუნჯური მეთოდის“ სამრევლო სკოლებში დანერგვის მოგვიანებული ცდაც, რომელსაც კონსტანტინე მკურნალი ამ სკოლების მასწავლებელთა ქუთაისის კურსებზე ახორციელებდა.

ლადო ბზვანელი სასტიკად იცავდა სკოლებში დედაენაზე სწავლების უფლებას. იგი წინ აღუდგა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორ კრუპსკისა და მისი ინსპექტორის გროზდოვის ცდას, რომელნიც არ იცნობდნენ მეფის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ხელახლა აღდგენილ 1881 წლის სასწავლო გეგმას, რომლითაც რუსული ენის სწავლება მხოლოდ სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. 1912 წელს მათ მოთხოვეს ქუთაისის ოთხივე პირველდაწყებითი სკოლის გამგეს ქართული ენის გაკვეთილების შევიწროების ხარჯზე ჩაესვათ რუსულის გაკვეთილები და წარედგინათ მათთვის ცხრილი. 6-7 დეკემბერს გამართული გაერთიანებული კრების მონაწილეებმა (ქალაქის მოურავი, სკოლების გამგე კომისია, სასწავლებელთა გამგეები და მასწავლებლები) გადაწყვიტეს, დასახმარებლად დეპეშით მიემართათ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ რუდოლფისთვის, ხოლო გამგეებს დალოდება ურჩიეს. მიუხედავად ერთსულოვანი შეთანხმებისა სამმა გამგემ სულმოკლეობა გამოიჩინა და ახალი ცხრილები წარუდგინა გროზდოვს. ლადო ბზვანელმა პრესაში საჯაროდ ამხილა როგორც დირექციის მოქმედება, ისე ქუთაისის სახალხო სკოლათა გამგეებიც, რომლებიც მასწავლებელთა დასტურის გარეშე დაეთანხმნენ ამ ანტიპედაგოგიურ განკარგულებას. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის რუდოლფის განკარგულებით ლადო ბზვანელი 1913 წლის 15 თებერვალს დაითხოვეს სამსახურიდან. მასთან ერთად ასევე გაანთავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის გამგე ანტონ ოდიშარიაც, რომელმაც ცხრილი არ წარადგინა.

მებრძოლი პედაგოგი მაინც არ დაცხრა. მან ახლა კიდევ უფრო ფართოდ გამოააშკარავა ქართული ენის მოძულე მტრების ფარული ზრახვები თავის სტატიაში „რა დავაშავე?“, რომელიც პირველად გამოქვეყნდა „სახალხო გაზეთში“ და უცვლელად გადმობეჭდა გაზეთმა „თემმა“. სახალხო მასწავლებლის ასე აბუჩად აგდებას მკაცრად გამოეხმაურა ჟურნალი „განათლება“, რომელმაც „შინაური მიმოხილვა“ მთლიანად მიუძღვნა „მასწავლებლების ვლ. ნაცვლიშვილისა და ა. ოდიშარიას თავგადასავალს“. სახალხო მასწავლებლებს რუსეთის პროგრესული პრესაც გამოეხმაურა. პეტერბურგის პედაგოგიურმა ჟურნალმა „Школа и Жизнь“ აღნიშნა ქართველ სახალხო მასწავლებელთა გააფთრებული ბრძოლა თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქმეში ჩაერია ქუთაისის ქალაქის გამგეობა, რომელსაც სკოლა ეკუთვნოდა, ქალაქის თავი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რვა თვის ბრძოლის შემდეგ სახალხო მასწავლებლები ისევ აღდგენილ იქნენ თავიანთ უფლებებში.

1914 წლის 1 ივლისის კანონით ქართულ ენას მეტი უფლება მიეცა ჩვენს სკოლებში, მაგრამ ლადო ბზვანელი ამითაც არ კმაყოფილდებოდა. მას სწავლა-განათლების მშობლიურ ენაზე განხორციელება სწადდა. თავის წერილში „ქართული ენის პროგრამა და საყმაწვილო ბიბლიოთეკები“ იგი წერდა, რომ „ქართული ენის სწავლების საქმე ჩვენში ჯერჯერობთ მეტად ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მთავრობისა და უფლებიან კერძო სასწავლებლებში. ამ საგანს დათმობილი აქვს თითოეულ კლასში კვირა ორჯერ მეხუთე და მეექვსე 40-წუთიანი გაკვეთილები, როდესაც მოსწავლეები ფიზიკურად დაქანცულნი არიან და სახლში გაქცევა ეჩქარებათ... სწავლების ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ნორმალურად წარმართვას და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას სხვა საგნებშიაც, რადგან გამოცდილ და მეცნიერ პედაგოგთა აზრით, ბავშვის გონება თავისუფლად მაშინ განვითარდება, როდესაც ის სამშობლო ენას კარგად შეისწავლის, მაშინ დედაენის საშუალებით უცხო საგნებსაც უფრო კარგად ითვისებს“.

სამშობლოს ენის უფლების დასაცავად იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდა „დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა დამხმარე საზოგადოების“ დაარსებაში, რაც განხორციელდა 1915 წელს. ამავე მიზნით ჩაუდგა იგი სათავეში ამ საზოგადოების ორგანოს ჟურნალ „სკოლა და ოჯახს“, რომელიც მისი რედაქტორობით გამოდიოდა 1916 წელს (სულ გამოვიდა ექვსი ნომერი).

ღვაწლი და ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა სკოლების ნაციონალიზაცია და ლადო ბზვანელი კი ჯერ პირველი საქალაქო სასწავლებლის ეროვნული საგნების მასწავლებლად, მალე კი გამგედ დანიშნეს. 1921 წლიდან საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ იგი მუშაობდა ქუთაისის მესამე შვიდწლიანი სკოლის გამგედ, საიდანაც მალე გადაიყვანეს მეოთხე სკოლის გამგედ,1925-1936 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საშუალო სკოლების მასწავლებლად, 1936 წლიდან სერგო ორჯონიკიძის სახელობის 25-ე საშულოლო სკოლის მასწავლებლად. სახალხო განათლების დარგში 50 წლის ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საბჭოთა სკოლის წინაშე დამსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ლადო ბზვანელს მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება და დაენიშნა პერსონალური პენსია. 1940 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში ვაჟიშვილთან, უკვე ცნობილ მხატვარ-სატირიკოსთან, დონი ნაცვლიშვილთან. თბილისში გადასვლის შემდეგაც არ წყვეტდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ლადო ბზვანელი გარდაიცვალა 1953 წელს.

ლადო ბზვანელი 1933 წლის დეკემბერში

ლადო ბზვანელის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პროზაული ესკიზი, ლექსი და სტატიები სახალხო განათლების თემაზე. მნიშვნელოვანია ლადოს ლექსი „სალამი ვაჟა-ფშაველას (ყოფილ სახალხო მასწავლებელს)“, რომელშიც ავტორი გულწრფელად გადმოგვცემს სახალხო მასწავლებლის განცდას. დიდმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ მას უპასუხა ლექსით „ლადო ბზვანელს“, რომელშიც აღნიშნა სახალხო მასწავლებლის მწარე ხვედრი და უუფლებობა, მაგრამ მაინც ანუგეშა ისინი:

„რა უყოთ, მასწავლებელი
დღეს თუ არ ფასობს ჩვენშია.
თუმცა ხსნა ჩვენის ერისა
მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია:
სული გასუქდეს ბევრად სჯობს,
ვიდრე გასუქდეს ლეშია.“

ლადო ბზვანელი სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1894-1904 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ მუდმივი თანამშრომელი იმერეთიდან, 1905-1906 წლებში კი განახლებული „ივერიის“ ფილიპე გოგიჩაიშვილის რედაქტორობით. „ივერიის“ დახურვის შემდეგ 1909-1920 წლებში თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო ფურცელთან“, მანვე "სახალხო ფურცელის" რედაქციის დავალებით აღწერა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც შემდეგ ცალკე წიგნადაც დაიბეჭდა. ამავდროულად თანამშრომლობდა თბილისის და ქუთაისის თითქმის ყველა ლიტერატურულ გამოცემასთან, სადაც აქვეყნებდა თავის პროზაულ ნაწარმოებებს.

1917-1920 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ქუთაისში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება. როგორც პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობით, ისე პედაგოგიკურ-მეთოდიკური სტატიებითა და ნარკვევებით ყოველთვის დროულად ეხმარებოდა სკოლის აქტუალურ საკითხებს. მას ეკუთვნის მრავალი საყურადღებო სტატია, რომლებიც საბჭოთა პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებშია მოთავსებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]