ჰედი ლამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰედი ლამარი

ჰედი ლამარი (1939)
დაბადების სახელი ჰედვიგ ევა მარია კიესლერი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1914
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 2000
(86 წლის)
ორლანდო, ფლორიდა, აშშ
აქტიური 19301958
მეუღლე(ები) ფრიდრიხ მანდლი
(1933 - 1937)
(განქორწინებული)
ჯინ მარკი
(1939 - 1941)
(განქორწინებული, 1 შვილი)
ჯონ ლოდერი
(1943 - 1947)
(განქორწინებული, 2 შვილი)
ტედი სტოფერი
(1951 - 1952)
(განქორწინებული)
ვ. ჰოვარდ ლი
(1953 - 1960)
(განქორწინებული)
ლუის ჯ. ბოიზი
(1963 - 1965)
(განქორწინებული)
საიტი ოფიციალური საიტი

ჰედი ლამარი (ინგლ. Hedy Lamarr; დ. 9 ნოემბერი, 1914 — გ. 19 იანვარი, 2000) — ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობი, MGM-ის ოქროს ხანის პერიოდის ერთ-ერთი დიდებული ვარსკვლავი. ლამარი ასევე გამომგონებელიც იყო, იგი ერთ-ერთი მათგანია, ვინც განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, რაც კომპიუტერამდელი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უკაბელო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების საწყისია.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰედი ვენაში, ავსტია-უნგრეთში დაიბადა, როგორც ჰედვიგ ევა მარია კიესლერი. ის იყო ებრაელი მშობლების - ბუდაპეშტელ პიანისტ გერტრუდისა და ლემბერგში დაბადებული, წარმატებულ ბანკის მმართველ ემილ კიესლერის ერთადერთი შვილი.[2][3] მისი მამა ვენაში ჰოლოკოსტამდე გარდაიცვალა.

10 წლის ასაკში მან ბალეტი და პიანინოზე დაკვრა ისწავლა. როდესაც ბერლინში მაქს რეინჰარდთან მუშაობდა, ის მას მოიხსენიებდა როგორც „ყველაზე მშვენიერი ქალი ევროპაში“. მალე მოზარდმა გოგონამ ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ჰეინზ რუჰმანი და ჰანს მოსერი, გერმანულ ფილმებში აღსანიშნავი როლები შეასრულა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰედი ლამარი ფილმში "მოდი ჩემთან იცხოვრე" (1941)

ადრეულ 1933 წელს მან მონაწილეობა მიიღო გუსტავ მახატის გახმაურებულ ფილმში "ექსტაზი", რომელიც იყო პრაღაში გადაღებული ჩეხოსლოვაკური ფილმი და რომელშიც მან სიყვარულსმისწრაფებული ახალგაზრდა ცოლი განასახიერა, რომელსაც გულგრილი ხანში შესული ქმარი ჰყავდა. მისი სახის ე.წ. ქლოუზ-აფებმა და გრძელმა კადრებმა, სადაც ის ტყეში შიშველი დარბის ფილმს სკანდალური რეპუტაცია შესძინა. ეს იყო დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე, სანამ კინოში სიშიშვლე ჩვეული გახდებოდა.

1933 წლის 10 აგვისტოს ის ფრიდრიხ მანდლზე დაქორწინდა, რომელიც ქალაქ ვენის მკვიდრი და მასზე 13 წლით უფროსო იყო. თავის ავტობიოგრაფიაში „ექსტაზი და მე“ ლამარმა მანდლი დაახასიათა, როგორც ძლიერ კონტროლიორი მამაკაცი, რომელიც მას ხანდახან თავიანთ დიდ სახლში გამოკეტავდა ხოლმე. ის ყიდულობდა „ექსტაზის“ იმდენ ასლს, რამდენსაც კი იპოვნიდა და ამით პროტესტს უცხადებდა ჰედის მიერ ფილმში მონაწილეობის მიღებასა და „გამომეტყველებას მის სახეზე“ (მოგვიანებით ლამარმა აღნიშნა, რომ ფილმში ვნების გამომხატველობა იყო შედეგი იმისა, რომ რეჟისორი ქინძისთავს არსობდა).[4]

მანდლი მას ხელს უშლიდა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაში და ამის მაგივრად ტექნიკოსებთან და ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრებზე დაჰყავდა. ამ შეხვედრებზე მათემატიკური ნიჭის მქონე ლამარმა სამხედრო ტექნოლოგია შეისწავლა. თუ ის შეხვედრაზე არ წავიდოდა, მაშინ სასახლეში უნდა დარჩენილიყო. მან მოგვიანებით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანდლი ნახევრად ებრაელი იყო, მას ნაცისტ მრეწველებთან შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც თავად ჰედი ბრაზობდა. „ექსტაზსა და მეში“ ლამარმა დაწერა, რომ დიქტატორები ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი მანდლის დიდ წვეულებებს ესწრებოდნენ ხოლმე. ჰედიმ აღნიშნა, რომ 1937 წელს მან თავის ერთ-ერთ მოახლედ გაასაღა თავი და პარიზში ჩაფრინდა, სადაც განქორწინება გააფორმა, შემდეგ კი ლონდონში გადავიდა. სხვა ვერსიის თანახმად, მან დაითანხმა მანდლი, რომ წვეულებაზე დასწრების ნება მიეცა, რომელზეც თავისი ყოველი ძვირადღირებული სამკაული ეკეთა. შემდეგ მოახლის დახმარებით მოწამლა და სამკაულებთან ერთად ის ქვეყნიდან გააქცია.

ჰოლივუდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ის პარიზში ჩავიდა, შემდეგ ლონდონში ლუის ბ. მეიერს შეხვდა. სამსახურში აყვანის შემდეგ მისი მოთხოვნით სახელი შეიცვალა, როგორც ჰედი ლამარი. გვარი მუნჯი კინოს მშვენიერ კინოვარსკვლავ ბარბარა ლა მარის პატივსაცემად აირჩია,[4] რომელიც 1926 წელს წამლების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.

ჰედი ლამარი და რობერტ ჰადსონ უოკერი ფილმში "მისი უდიდებულესობა და მეკორიდორე“ (1945)

ჰოლივუდის ფილმებში ის ჩვეულებრივ გლამურულ და მაცდურ ქალებს თამაშობდა. მისი ამერიკული დებიუტი ფილმში „ალგიერები“ (1938) შედგა. ასევე, მის ბევრ ფილმს შორისაა „ბუმის ქალაქი“ (1940), „თეთრი კარგო“ (1942) და „ბრტყელი ნამცხვარი“ (1942), რომელიც ჯონ სტაინბეკის რომანზეა დაფუძნებული. „თეთრი კარგო“ - ლამარის ერთ-ერთი დიდი ჰიტი MGM-ში, შეიცავს მის ყველაზე ცნობილ კინო-გამონათქვამს: „Tondelayo make tiffin“. 1941 წელს მან ჰოლივუდის სხვა ლამაზმანებთან - ლანა ტერნერთან და ჯუდი გარლანდთან ერთან ითამაშა მუსიკალურ ექსტრავაგანზაში „ზიგფილდის გოგონა“.

ჰედიმ 1940-დან 1949 წლამდე 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ამ დროისათვის ორი შვილიც გააჩინა (1945-სა და 1947-ში). მან 1945 წელს MGM-ი დატოვა. ლამარს ყველაზე დიდი წარმატება დელილას როლმა მოუტანა სესილ ბ. დემილის ფილმში „სამსონი და დელილა“, რომელიც 1949 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია და რომელშიც ძლევამოსილ ბიბლიურ პერსონაჟს ვიქტორ მეტური ანსახიერებს. ბობ ჰოუპთან ერთად კომედიაში „ჩემი საყვარელი ჯაშუში“ (1951) თამაშის შემდეგ კი მისმა კარიერამ რატომღაც დაღმასვლა განიცადა. 1950 წლის შემდეგ ის ფილმებში სპორადულად ჩნდებოდა. მისი ერთ-ერთი ბოლო როლი იყო ჟანა დ'არკის განსახიერება ირვინ ალენის კრიტიკულ ქარცეცხლში გამოვლილ ფილმში „ადამიანთა მოდგმის ისტორია“ (1957).

ჰედი ლამარი ფილმში „შეთქმულები“ (1944)

მისი ავტობიოგრაფიის „ექსტაზი და მე“ (1967) გამოცემა მოხდა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ის მაღაზიის ძარცვაში დაადანაშაულეს და რაც ენდი უორჰოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჰედი“ (1966) გამოვიდა, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „მაღაზიის ქურდი“. მაღაზიის ქურდობის ჯარიმები დაემთხვა ეკრანზე დაბრუნების ჩავარდნილ მცდელობას, რაც ფილმით „დააფიქსირე დედიკო მკვდარი“ (1966) უნდა მომხდარიყო. როლი კი მის ნაცვლად ზა ზა გაბორს მისცეს. „ექსტაზი და მე“ დაღვრემილი განწყობით იწყება:

„ბოლოხან საღამოს სახლში მარტო ვზივარ, ვიტანჯები და ვფიქრობ პოლიციაში ჩემს განაჩენზე, იმ ინციდენტის გამო, რაც მაღაზიაში მოხდა და იმაზე, რომ ფილმში ზა ზა გაბორმა ჩამანაცვლა (წარმოიდგინეთ რამდენად ესიამოვნა ეს ეგოს!) მივხვდი, რომ ნაშოვნი მაქვს - და დახარჯული - რაღაც ოცდაათი მილიონი დოლარი. თუმცა ამ დღის დასაწყისში Schwab's-ის აფთიაკში სენდვიჩის თანხის გადახდა ვერ შევძელი“.

სიხშირის აჩქარების განფენილობის სპექტრის გამოგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორი ჯორჯ ანთეილი, რომელიც გერმანელი იმიგრანტების ვაჟი და ლამარის მეზობელი იყო, ცდებს ატარებდა მუსიკალური ინსტრუმენტების ავტომატურ კონტროლზე, რაც მის მიერ Ballet Mecanique-ისათვის დაწერილ მუსიკას შეიცავდა, რომელიც თავდაპირველად ფერნანდ ლეგერის 1924 წლის აბსტრაქტული ფილმისათვის დაიწერა. ამ მუსიკას რამდენიმე პიანინო სჭირდებოდა, რომლებიც ერთდროულად დაუკრავდნენ.

1941 წლის ივნისში ანთეილმა და ლამარმა ერთად წარმოადგინეს საიდუმლო კომუნიკაციის სისტემის (secret communication system) იდეა. 1942 წლის 11 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ 2,292,387-ე პატენტი უბოძეს ჯორჯ ანთეილსა და „ჰედი კიესლერ მარკის“ (რაც ლამარის იმდროინდელი საქორწინო სახელი იყო). ეს სიხშირის აჩქარების ადრეული ვერსია იყენებდა პიანინოს რულონს, რათა 88 სიხშირეს შორის შეცვლილიყო და იყო ნაგულისხმევი, რომ გაეკეთებინა რადიო-ორიენტირებული ტორპედები, რაც გაართულებდა მოწინააღმდეგეთათვის დეტექტირებასა და რადიოსიგნალის ჩახშობას.

ეს იდეა აშშ-ში 1962 წლამდე არ შესრულდა, ხოლო ამ წელს ის ამერიკის სამხედრო გემების მიერ იქნა გამოყენებული კუბის ბლოკადის დროს,[5] მას შემდეგ, რაც პატენტის ვადა გასული იყო. ამ გამოგონების შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი 1997 წლამდე, როდესაც ელექტრონულმა სასაზღვრო ფონდმა ლამარს ამ წვლილისათვის ჯილდო გადასცა.[1] ცნობილია, რომ 1998 წელს ოტავას უკაბელო ტექნოლოგიების დეველოპერმა Wi-LAN, Inc.-მა „ლამარისგან გაუმჟღავნებელი თანხის ოდენობით პატენტის 49 პროცენტიანი წილი შეიძინა“ (ელიზა შმიდკუნზი, „GNSS-ის შიგნით“),[6] თუმცა ვადაგასულ პატენტებს ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია. ანთეილი 1959 წელს გარდაიცვალა.

ლამარისა და ანთეილის სიხშირის აჩქარების იდეა თანამედროვე განფენილობის სპექტრის საკომუნიკაციო ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს, ისეთი როგორებიცაა COFDM, რომელიც გამოყენებულია Wi-Fi-ის ქსელურ კავშირებში და CDMA, რომელიც გამოყენებულია ზოგ უკაბელო ტელეფონებში.[7] ჩანს, რომ ბლექველის, მარტინისა და ვერნემის 1920 წლის პატენტმა - საიდუმლო კომუნიკაციის სისტემამ (Secrecy Communication System) საფუძველი დაუდო ლამარისა და ანთეილის პატენტს, რომელმაც გამოიმუშავა ტექნიკები ტორპედების ავტონომიურ კონტროლში.

ლამარს სურდა, რომ გამომგონებელთა ნაციონალური საკონსულოს წევრი გამხდარიყო, თუმცა მას უთხრეს, რომ ის უკეთ დაეხმარებოდა საომარ ძალისხმევას თავისი ვარსკვლავური სტატუსის გამოყენებით საომარი ობლიგაციების გაყიდვაში. ერთხელ მან მხოლოდ ერთ საღამოზე 7,000,000 დოლარის მოგროვება შეძლო.

1990-იანების დროს რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრამა CorelDRAW-ის კომპლექტის ყუთები გაფორმებული იყო ჰედი ლამარის დიდი დახატული სურათით, რაც მისი კომპიუტერამდელი მეცნიერული აღმოჩენების პატივსაცემად იყო გაკეთებული. სწორედ ამ სურათებმა გაიმარჯვეს CorelDRAW-ის წლიურ პროგრამების კომპლექტის გარეკანის დიზაინის შეჯიბრში. ლამარმა კი კორელს სურათის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის უჩივლა. კორელი კი შეეკამათა, იმ მოტივით, რომ ლამარი არ ფლობდა სურათის უფლებებს. 1999 წელს მათ გაუმჟღავნებელ მორიგებას მიაღწიეს.[8]

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო წლებში ლამარი საზოგადო ცხოვრებიდან წავიდა და ფლორიდაში დასახლდა.

კინო-ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისათვის ჰედი ლამარს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი აქვს, რომელიც ჰოლივუდის ბულვარის ნომერ 6247-ში მდებარეობს.[9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლის 10 აპრილს ლამარი ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი მოქალაქე გახდა.

ქორწინებები და რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის მცირე ხნით დანიშნული იყო გერმანელ მსახიობ ფრედ დოედერლეინზე და მოგვიანებით მსახიობ ჯორჯ მონტგომერიზე 1942 წელს.[10] მისი მეუღლეები კი იყვნენ:

  • ფრიდრიხ მანდლი (1900 - 1977), ქორწინებაში იმყოფებოდა 1933-დან 1937 წლამდე. Hirtenberger Patronen-Fabrik-ის მმართველი, რომელიც მოწინავე შეიარაღების ფირმა იყო და რომელიც მისი მამის - ალექსანდრ მანდლის მიერ იქნა დაარსებული. მანდლი, რომელიც ნაწილობრივ ებრაული წარმოშობის იყო, მხარს უჭერდა ასტროფაშიზმს, თუმცა არა ნაციზმს.
  • ჯინ მარკი (1895 - 1980), სცენარისტი და პროდიუსერი, ქორწინებაში იმყოფებოდა 1939-დან 1941 წლამდე. ვაჟიშვილი (რომელიც განქორწინების შემდეგ, 1941 წელს იქნა აყვანილი) ჯეიმზ ლამარ მარკი (დ. 1939).[11] როდესაც ლამარი და მარკი განქორწინდნენ, ჰედი ირწმუნებოდა, რომ თავიანთ ქორწინებაში ყოფნის დროს მათ ერთად მხოლოდ ოთხი საღამო გაატარეს და მოსამართლემ მას ურჩია, რომ ნებისმიერ მომავალ მეუღლესთან უფრო დიდი დრო გაეტარებინა, ვიდრე მხოლოდ ოთხი კვირა, რომლის განმავლობაშიც მარკის იცნობდა.
  • ჯონ ლოდერი (1898 - 1988), მსახიობი, ქორწინებაში იმყოფებოდა 1943-დან 1947 წლამდე. ორი შვილი: ენტონი ლოდერი (დ. 1947) და დენის ლოდერი (დ. 1945). ლოდერმა ჰედის ვაჟი - ჯეიმზ ლამარ მარკი იშვილა და თავისი გვარი მისცა. ჯეიმზ ლამარ ლოდერმა 2000 წელს პრეტენზია გამოთქვა ჰედი ლამარის ანდერძზე, რომელიც მას არ იხსენიებდა. მოგვიანებით მან 50 000 დოლარის სანაცვლოდ საჩივარი გააუქმა. ენტონი ლოდერი ჩანს ევროპულ დოკუმენტურ ფილმში „ვეძახი ჰედი ლამარს“ (2004).[12]
  • ერნესტ (ტედი) სტოფერი (1909 - 1991), ღამის კლუბის მფლობელი, რესტავრატორი და ყოფილი ჯგუფის ლიდერი, ქორწინებაში იმყოფებოდა 1951-დან 1952 წლამდე.
  • ვ. ჰოვარდ ლი (1909 - 1981), ტექსასელი ნავთობმაგნატი, ქორწინებაში იმყოფებოდა 1953-დან 1960 წლამდე. 1960-ში ის კინოვარსკვლავ ჯინ ტაირნიზე დაქორწინდა.
  • ლუის ჯ. ბოიზი (დ. 1920), ადვოკატი (მისი განქორწინების ადვოკატი), ქორწინებაში იმყოფებოდა 1963-დან 1965 წლამდე.

საბოლოო რომანი, რომელიც ნახსენებია წიგნში „ექსტაზი და მე“, არის იმ დროს, როდესაც ლამარი 50 წლის ასაკშია და გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცთანაა, რომელიც მხატვარია და პიერი ჰქვია. მას ლამარი ახასიათებს, როგორც „ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი... ის მგრძნობიარე იყო, მე ის მაშინვე მომეწონა“. ამ რომანის პერიოდში ლამარი პიერთან ერთად მუშაობდა მის ნახატებზე და ერთგვარი ბოჰემური ცხოვრების სტილით ცხოვრობდა. „ახალ სახლში ელექტროენერგია ან გაზი არ გვქონდა და ყინვასავით სიცივე იყო. ვიპოვნიდით რამდენიმე სანთელს და გათბობის მცდელობაში მათ სიახლოვეს ვსხდებოდით... ჩვენ უბრალოდ ვხატავდით, ვსიყვარულობდით და ათასში ერთხელ ვჭამდით“.

სკანდალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს ლამარი ლოს-ანჯელესში მაღაზიაში ქურდობისათვის დააკავეს. საბოლოოდ დაკისრებული განაჩენი გაუქმდა. 1991 წელს ის იმავე მიზეზით ფლორიდაში დააკავეს, ამჯერად 21.48 დოლარის ღირებულების წამლებისა და თვალის წვეთების გამო. მან სასამართლოს "არავითარი გარჩევის" თხოვნით მიმართა, რათა მის წინაშე გამოჩენა თავიდან აერიდებინა, ხოლო იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ ერთი წლით ყოველგვარი კანონის დარღვევისაგან თავს შეიკავებდა, განაჩენი კიდევ ერთხელ მოუხსნეს.[13]

ავტობიოგრაფიის "ექსტაზი და მე" თანახმად, ერთხელ, როდესაც ფრიდრიხ მანდლისაგან გაქცევას ცდილობდა, საროსკიპოში შეიპარა და ცარიელ ოთახში დაიმალა. სანამ მისი ქმარი საროსკიპოს ათვალიერებდა, ოთახში კაცი შემოვიდა და მას მასთან სექსი ჰქონდა, რათა შეძლებოდა კვლავ დამალული დარჩენილიყო. საბოლოოდ გაპარვა მაშინ მოახერხა, როდესან ახალი მოახლე დაიქირავა, რომელიც მას წააგავდა. მან მოწამლა მოახლე და გამოიყენა მისი უნიფორმა, რათა გაქცეულიყო.[14] ლამარმა მოგვიანებით გამომცემელს უჩივლა და ირწმუნებოდა, რომ წიგნში ბევრი ამბავი (რომელიც მოსამართლემ აღწერა, როგორც "ბინძური, გულისამრევი და საზიზღარი") თავისი უჩინარი მწერლის - ლეო გილდის მიერ იყო მოგონილი.[15][16]

ინტერვიუში, რომელიც ფილმ "მხურვალე უნაგირების" (1974) DVD-ის გამოცემაშია შეტანილი, მელ ბრუკსი ირწმუნება, რომ ჰედი ლამარი პროდიუსერების მიმართ სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა. მისი თქმით მსახიობს სჯეროდა, რომ ფილმში განთავსებული "ჰედლი ლამარის" (Hedley Lamarr) ხუმრობა მისი პუბლიკაციის უფლებებს არღვევდა. ერთ სცენაში ბრუკსის გმირი ამბობს: "ჰედლი ლამარ, ეს 1874 წელია - შენ შეძლებ, რომ მას უჩივლო!". მელ ბრუკსი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მცირე თანხით მოგვარდა.

გარდაცვალება და შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰედი ლამარი და ჯონ ჰოდიაკი ფილმში "ქალბატონი პასპორტის გარეშე" (1950)

ლამარი 2000 წლის 19 იანვარს კასელბერიში, ფლორიდაში (ორლანდოსთან ახლოს) გარდაიცვალა. ჰედის სურვილის თანახმად, ვაჟმა ენტონი ლოდერმა მისი ფერფლი ავსტრიაში წაიღო და ვიენერვალდის ტყეში გააბნია.[12]

ჰედი ლამართან პაემანი არის ერთ-ერთი დაპირება, რითაც მიუზიკლში "საშინელებების პატარა მაღაზია" ოდრი სეიმურს აცდუნებს.

2003 წელს ბოინგის კორპორაციამ რეკლამების სერია გააკეთა, რომლებშიც ჩანდა ჰედი ლამარი, როგორც მეცნიერების ქალი. მის კინო-კარიერასთან დაკავშირებით რეკლამებში არანაირი კომენტარი გაკეთებულა.[17]

2004 წელს ვიდეო თამაშში Half-Life 2, რომელიც ცნობილ სახელებთან, ამბებთან და მეცნიერულ ფაქტებთან კავშირს შეიცავს, ექიმ კლაინერის საყვარელ შინაურ ცხოველს მსახიობის პატივსაცემად ლამარი დაარქვეს. თამაშში ექიმი კლაინერი შინაურ ცხოველს აღსანიშნავად იხსენიებს, როგორც ჰედი.

2005 წელს გერმანულენოვან ქვეყნებში პირველი გამომგონებლის დღე ლამარის პატივსაცემად 9 ნოემბერს ჩატარდა, რაც მისი 92-ე დაბადების დღე იქნებოდა.

2010 წლის ნიუ-იორკის სახალხო ბიბლიოთეკის გამოფენა სახელწოდებით "ფოტოგრაფიის ოცდაათი წელი ნიუ-იორკის სახალხო ბიბლიოთეკაში" შეიცავს მკერდმოშიშვლებული ლამარის ფოტოს (დათარიღებული 1930 წლით), რომელიც ავსტრიაში დაბადებული ამერიკელი ფოტოგრაფის - ტრუდე ფლაიშმანის მიერაა გადაღებული.[18]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერტონი, რუთი. ჰედი ლამარი: ყველაზე მშვენიერი ქალი კინოში. ლექსინგტონი: University of Kentucky Press, 2010. ISBN 978-0-8131-2604-3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „კინო-ლეგენდა ჰედი ლამარს EFF-ის მეექვსე წლიურ პიონერთა დაჯილდოებაზე სპეციალური ჯილდო გადაეცემა“ (პრეს-რელიზი). ელექტრონული სასაზღვრო ფონდი. 11 მარტი, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-18. ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. HighBeam-ის გამოკვლევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2011-06-24.
  3. „ძიების შედეგები“.
  4. 4.0 4.1 „ექსტაზი“. ლონდონი: The Independent. 30 იანვარი, 2005. ციტირების თარიღი: 2008-02-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. IEEE - ჰედი ლამარი, 1914 - 2000
  6. დამკვრელი პიანინოები, სექს-სიმბოლო და პატენტი #2,292,387, GNSS-ის შიგნით სექტემბერი 2006 http://www.insidegnss.com/node/303 დაარქივებული 2016-08-27 საიტზე Wayback Machine.
  7. MicroTimes: განფენილობის სპექტრის დაბადება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-11. ციტირების თარიღი: 2011-06-24.
  8. UPI (7 აპრილი, 1998): „ჰედი ლამარი კორელს უჩივის“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2011-06-24.
  9. ჰოლივუდის კომერციის პალატა. ჰოლივუდის დიდების ხეივნის განყოფილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-23. ციტირების თარიღი: 2007-07-04.
  10. „ჰედი ლამარი დანიშნულია: 27 წლის ეკრანის ვარსკვლავი 25 წლის ჯორჯ მონტგომერის პატარძალი იქნება“, The New York Times, 25 მარტი 1942, გვ. 23
  11. „ჰედი ლამარმა პატარა ბიჭი იშვილა“, The New York Times, 5 ნოემბერი 1941, გვ. 30
  12. 12.0 12.1 ვეძახი ჰედი ლამარს დაარქივებული 2007-12-05 საიტზე Wayback Machine. , Mischief Films
  13. ორლანდო Sentinel (ოქტომბერი 24, 1991): "ჰედი ლამარს, თუ ის კანონმორჩილი დარჩება, განაჩენი არ ემუქრება" [1] დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 2010-6-10
  14. ჰედი ლამარი, ლეო გილდთან და საი რაისთან, ექსტაზი და მე: ჩემი ქალური ცხოვრება, ნიუ-იორკი: Bartholomew House, 1966
  15. "ჰედი ლამარი Halt Book-თან საქმეს აგებს", The New York Times, 27 სექტემბერი, 1966, გვ. 74
  16. "ლამარის ავტობიოგრაფია პლაგიატიზმის საქმის გარჩევას იწვევს", The New York Times, თებერვალი, 1967, გვ. 18
  17. აივენისი, 2003
  18. http://exhibitions.nypl.org/recollection/theme/women.html, წაკითხვის თარიღი: 19 ნოემბერი, 2010”

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]