ხორნაბუჯი
ხორნაბუჯი | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ინფორმაცია | |
მმართველი ქვეყანა |
ხოსროვიანები მახატლისძენი |
ისტორია | |
თარიღდება | V საუკუნე |
ხორნაბუჯი ვიკისაწყობში |
ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით — ჭოეთი, ხშირად უწოდებენ — „თამარის ციხეს“) — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ისტორიულ-არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ყარაღაჯის სამხრეთით, მიუვალ კლდოვან მთის წვერზე: „სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა“. ციხე-ქალაქი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე იყო გაშენებული და ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ხორნაბუჯი ძველ ირანულად „მზის საყრდენს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სახელში უძველესი ქართული ტომის საცხოვრებელია ნაგულისხმები. ხალხი კი მას თამარის ციხეს უწოდებს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორნაბუჯი და ხორანთა ჴუარან\\ხორნისაგან არის მიღებული. მკვლევარები ამ ფუძეში ხედავენ სპარსულ მზეს (ხუარან\\ხორან — „მზე“ და თა — „მთა“)[1][2]. ალექსანდრე ღლონტის[3] მიხედვით, ბუჯი ძნელი დასაკავშირებელია ღვთაება ბოჩ-ის სახელს, ბურჯი უფრო საგულვებელია. მაშინ ხორნაბუჯი კომპოზიტში გვექნება პირველ კომპონენტად მზე, მეორედ კი — ბურჯი, ე. ი. „მზის კერპის ბურჯი“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. ციხეს იხსენიებს შაჰ-აბასის მეისტორიე ისქანდერ მუნშიც: „ის დიდებული ციხე მდებარეობს ერთი მაღალი და მიუვალი მთის წვერზე... მისი სიმაღლე ისეთია, რომ კარის ზღურბლიდან იმ ადგილამდე, სადაც ციხის მცველები დგანან, 560 კიბის საფეხური უნდა აიაროს კაცმა... იმ ციხეს რომ, წვიმის წყლის ასავსები ამბრის გარდა, ერთი წყაროც ჰქონოდა, ვერც ერთი ხელმწიფე ვერ დაიპყრობდა“.
V საუკუნეში ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა სპარსთა შემოსევების შედეგად. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნეში ქალაქი გაათავისუფლეს და 70-იან წლებში ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ ბაგრატიონის ძმებმა ასამმა და ყარაზვარდმა მოკლეს სპარსთა სპასპეტი, დაიპყრეს კამბეჩოვანი, გახდნენ მისი მთავრები და ხორნაბუჯი თავის რეზიდენციად გამოაცხადეს. VII საუკუნის II ნახევრიდან ხორნაბუჯში არაბები გაბატონდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა. X საუკუნის დასაწყისში, კახეთ-კუხეთ-ჰერეთის გაერთიანების შემდეგ კახეთის სამეფოს საერისთავოს — კამბეჩოვანის ცენტრია. მისი ერისთავები კი ხორნაბუჯელებად იწოდებიან. XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-მ კახეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. სხვა ერისთავებთან ერთად მან ხორნაბუჯის ერისთავი — ვაჩე გურგენის ძეც შეიპყრო.
1068 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანმა ხორნაბუჯი, საქართველოს მთელ რიგ პუნქტებთან ერთად განძის ამირა ფადლონს გადასცა. გათამამებული ფადლონი მოსახლეობას მოსვენებას არ აძელვდა. თბილისის სანახებში მოთარეშე ამირას ბაგრატ IV თავისი მხედრიონით დაედევნა. დამარცხებული ფადლონი ჟალეთში შეიპყრეს. მესხმა აზნაურმა ისაკ თოლობელის ძემ, იგი ბაგრატის ნაცვლად, სულთანის მოკავშირე კახეთის მეფეს აღსართან I-ს მიჰგვარა თელავში, რომელმაც ფადლონი სასწრაფოდ ხორნაბუჯში გადაიყვანა.
XII საუკუნეში ხორნაბუჯი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოს ცენტრად იქცა. XII-XIII საუკუნეებში აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა (კოლონკელისძეთა) რეზიდენცია.
1193 წელს ხორნაბუჯის ერისთავმა საღირ მახატლისძემ, თავის სამ შვილთან ერთად, სასტიკად დაამარცხა გიორგი რუსი, რომელიც „კონსტანტინეპოლიდამ მოვიდა სპარსეთის ათაბაგისა თანა... მოარბია კამბეჩოვანის მინდორი და აღიღო ნატყუენავი დიდი“... მახატლისძემ „სამითა ძითა განწირა თავი, მიეწია მცირედითა სპითა, წარიქცივნა და მოსრნა მახვილითა, უკ-მოიხუნა ყოველნი ტყუენი და ნაალფევნი; გარნა რუსი ივლტოდა ორითა მონითა საძაგელი“.
დავით ულუს მეფობისას კამბეჩოვანს კვლავ ხორნაბუჯელები განაგებდნენ. XIII საუკუნის 40-50-იან წლებში ერისთავია ბერი ხორნაბუჯელი, დავით ულუს კარის ერთგული მოხელე, მესტუმრე ჯიქურმა გაგზავნა კახეთის მმართველ თორღვა პანკელთან, როდესაც იგი განუდგა მეფეს. ხორნაბუჯელმა „წინაშე ალავერდის წმიდისა გიორგისა“ უვნებლობის ფიცი მისცა თორღვას და იგი მეფეს მიჰგვარა, მაგრამ ფიცი არ შეასრულა და თორღვა „გარდააგდეს კლდეკარსა ზედა“. ფიცის გატეხვისთვის არც ბერს დადგომია კარგი დღე — „ხორნაბუჯელი ერთს წელს მოსწყდა ორითა ძითა შურის-გებითა წმიდისა გიორგისითა“.
XIII საუკუნეშივე ხორნაბუჯი ხვარაზმელებმა ააოხრეს. 1265 წელს იგი დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. აყვავებული კამბეჩოვანი გავერანდა. მოისპო ხორნაბუჯიც. ამის შემდეგ იგი ქალაქად აღარ იხსენიება XV საუკუნის ბოლოდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, ხოლო ხრონაბუჯი — ჭოეთად.
XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფემ დავით I-მა მის წინააღმდეგ შეთქმული ძმა — გიორგი თორღის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების თვრამეტ მონაწილეთაგან კი ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგი კი ჭოეთის ციხიდან გადააგდეს.
XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები. რაც თავის მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ციხესიმაგრე არაერთხელ იყო რესტავრირებული. XIII საუკუნეში ბერქა ყაენის მიერ დანგრეულ ნაგებობას ვერც ფეიქარ ხანი და ვერც თეიმურაზ მეფე ვერ გამოიყენებდა.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორნაბუჯის ციხესიმაგრე კეტავს ალაზნის ველიდან მაღლობზე მომავალ გზას, რაც უშუალოდ იმ მთის ძირს გასდევს, რომელზედაც ციხეა გაშენებული. გზა სიმაგრის ქვემოთ — კლდეკარში გადის, რაც ნაწილობრივ მაინც ხელოვნურად უნდა იყოს გაჭრილი. გზის ორივე მხარეს მაღალი კლდეები საგანგებო კედლებითაცაა გამაგრებული. კლდეკარის ერთ მხარეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა — ციტადელიანი „თავადიციხეა“, მეორე მხარეს კი — მცირე სათავდაცვო შენობების ნანგრევები. აქვეა ქვედა ციხე გალავნით — „სახიზნოთი“. ძლიერ დანგრეულ ციტადელში სხვადასხვა ნაგებობის ნაშთებიცაა, მათ შორის კედლებშელესილი, გადახურული, მიწისქვეშა წყალსაცავის და სავარაუდოდ, კარის ეკლესიის კედლების წყობა აქ იმ პერიოდთან შედარებით გვიანდელია, როდესაც „ქალაქი კომბეჩოვანისა“ პირველად იხსენიება წერილობით წყაროებში.
ქვედა ციხე — „სახაზინო“ მდებარეობს „თავადი ციხის“ ჩრდილოეთით, შედარებით დაბალ ტერასაზე. იგი შექმნილია ორი ურთიერთპატალელური კედლისგან, რომლებიც კეტავს კლდის ორ დიდ მასივს შორის არსებულ მცირე მინდორს. კარგად შემონახული კედლები მიმართულია სამხრეთიდან, თავადი ციხის კლდოვანი ფუნდამენტიდან ჩრდილოეთით. ქვების წყობა აქ თარაზულია, სავარაუდოდ ვახტანგ გორგასლის თანადროული. აქედან ჰქონია ციხეს მთავარი შესასვლელი კარი (საურმე), რომელსაც ოთხკუთხა კოშკი იცავდა. ჩრდილოეთი მხრიდან პარალელურ კედლებს შორის მოქცეული სივრცე გადაკეტილია ასევე მაღალი კლდის მასივით, რომლის თხემზეც სათვალთვალო კოშკის ნაშთია. კოშკი ალაზნის ველს გადაჰყურებს.
არქეოლოგიური გათხრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.
ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლინდა და ნაწილობრივ გაითხარა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, მ. შ. „საოზაანო“, რომელიც ციხე-ქალაქის დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩნდა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვები გამოვლინდა ადგილ „ცივწყაროსა“ და „ორგმირზე“. კირქვის კარიერებზე ჩნდება ბრინჯაოს ხანის მასალა.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 501.
- კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 64
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 265-268.