შინაარსზე გადასვლა

ცხვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის ცხვირი
ტაპირის დინგი ცხვირთან ერთად

ცხვირი — პირამიდის ფორმის რთული ძვლოვან-ხრტილოვანი შემაღლება ადამიანის სახის შუა ადგილზე. ცხვირი წარმოადგენს სასუნთქი გზის დასაწყისს და შედგება გარეთა ცხვირისა და ცხვირის ღრუსაგან. ცხვირის ჩონჩხს ქმნის ცხვირის ძვლები და ხრტილები. ხრტილებს შორის ჩამჯდარია ცხვირის ღრუს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად გამყოფი ძგიდე, რომლის შემადგენლობაში შედის ძვლოვანი, ხრტილოვანი და შემაერთებელ-ქსოვილოვანი ნაწილები. გარედან ცხვირი დაფარულია კანით. კანქვეშა შემაერთებელი შრე მოკლებულია ცხიმს, სამაგიეროდ კანი მდიდარია ცხიმის ჯირკვლებით. ცხვირის სიგანისა და სიგრძის შეფარდების მიხედვით განარჩევენ მაღალ და ვიწრო, საშუალო, დაბალ და განიერ ცხვირს, ხოლო ცხვირის ზურგის მოყვანილობის მიხედვით — სწორ, არწივისებრ (კეხიანს), ქორისებრ, პაჭუა, უნაგირა ფორმის და ეგრეთ წოდებულ რომაულ და ბერძნულ ცხვირს. ცხვირის სიგრძე საშუალოდ უნდა უდრიდეს სახის სიგრძის 1/3-ს. ცხვირის ზურგის ხაზი შუბლის ხაზიდან ოდნავ წინ უნდა მიდიოდეს, ისე რომ ცხვირის ფესვთან განივი ღარი შეიქმნას. ცხვირის დაავადებებს შეისწავლის ოტორინოლარინგოლოგია.

ანთროპოლოგიაში ცხვირის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეისწავლიან ცხვირის როგორც მეტრულ ნიშნებს — სიგანეს, სიმაღლეს, კუთხეს და სხვა, ისე ვიზუალურ (აღწერილობითი) ნიშნებს — ცხვირის ზურგის ფორმას, წვეტის და ფუძის მდგომარეობას, ნესტოების ფორმას, ზურგის ვერტიკალური და ჰორიზონტული პროფილის თავისებურებებს, უნაგირის სიმაღლეს და სხვა. სახის ქალაზე შეისწავლიან ცხვირის ძვლის კუთხეს პროფილის ხაზთან, უნაგირის სიმაღლეს, მსხლისებური შესავლის სიგანეს, წინა წვეტის გამოსახულებასა და სხვა. ყველა ამ ნიშანს საკმაოდ დიდი, რასობრივად მადიფერენცირებული ტაქსონომიური ღირებულება აქვს. მაგალითად, თუ ეკვატორული რასისათვის ცხვირის სიგანე 40-50 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, ევრაზიული რასისათვის იგი 34-35 მმ-ით განისაზღვრება და ა.შ.

ცხვირი ასრულებს სუნთქვით, ყნოსვით, რეზონატორულ და დამცველობით ფუნქციებს. შესუნთქული ჰაერი გაივლის რა ცხვირის სავალებს, ნესტიანდება და თბება. თმების ფილტრის საშუალებით მტვრის ნაწილაკები და ბაქტერიები კავდებიან ცხვირის შესასვლელში, ილექებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ნაწილობრივ მოციმციმე ეპითელიუმის მეშვეობით ხვდებიან ცხვირხახაში, საიდანაც შემდგომ ხდება მათი მოცილება ყლაპვის, დაცემინების და ამოხველების გზით. იმ ბაქტერიების გაუვნებელყოფა ხორციელდება ცხვირის ლორწოს ლიზოციმების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება.

ამფიბიებსა და ორგვარადმსუნთქავნს ნესტოები გახსნილი აქვთ პატარა ჩანთაში. ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ცხვირის ღრუს შიგა ხვრელებს ქოანებს უწოდებენ. მაგალითად, დათვისებრნს ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად. სპილოსებრნს ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად უვითარდებათ გრძელი და მოქნილი ხორთუმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]