შინაარსზე გადასვლა

ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი.

ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი სადგური[1] — დიდ სიღრმეზე მდებარე მეტროსადგური, რომელიც წარმოადგენს ერთიან დარბაზს, კუნძულოვანი ბაქნით, ლიანდაგებითა და ბაქნის ქვეშ არსებული დამხმარე სათავსებით.

ერთთაღიანი სადგურის პროექტი ყოფილ საბჭოთა კავშირის მეტროპოლიტენებს შორის, პირველად შემუშავდა და განხორციელდა 1975 წელს, პეტერბურგის მეტროპოლიტენში.

სადგური შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: ზედა გუმბათოვანი თაღი, აგებული დამონოლითებული რკინაბეტონის ასაწყობი ბლოკებისგან, საყრდენი გვირაბები ბეტონის ბალიშებით და ქვედა შებრუნებული თაღი. საერთო ჯამში, იგი წარმოადგენს დიდ ერთიან დარბაზს, ყოველგვარი სვეტებისა და პილონების გარეშე, რაც უზრუნველყოფს მაღალ მგზავრგამტარუნარიანობას.

ამ სახის სადგური საჭიროებს მნიშვნელოვან მექანიზებულ სამუშაოებს მშენებლობამდე. თავდაპირველად, გვირაბგამყვანი კომბაინი (TBM) გადასარბენი გვირაბით მიდის ასაშენებელ სადგურამდე, სადაც მთავარი ღერძიდან გადაადგილდება ქვემოთ და მარჯვნივ, რომ გაიყვანოს სადგურის საყრდენი გვირაბი, შემდეგ კი ისევ უბრუნდება გადასარბენ გვირაბს, უკვე მომდევნო სადგურისკენ გზის გასაკვალავად. ორ საყრდენ გვირაბს შორის კი მუშავდება კამაროვანი ფორმის გამაგრება, მომავალი თაღის მთელ პერიმეტრზე. რკინაბეტონის სამაგრები ქმნის რკალისებურ თაღს, რომელიც გრუნტს აწვება სპეციალური ჰიდრავლიკური დომკრატების მეშვეობით. თაღი საბოლოო ჯამში ებჯინება ბეტონის ბალიშებს, განთავსებულს საყრდენ გვირაბებზე. მისი სრულად აწყობის შემდეგ კი სამუშაოები გრძელდება სადგურის შიგნით არსებულ ნიადაგზე.

ერთთაღიანი სადგურის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს ორიარუსიანი გადასაჯდომი სადგური. ამ სახის ერთადერთი სადგური აშენდა ასევე პეტერბურგში — სადგური „სპორტივნაია“, მაგრამ ამჟამად არ გამოიყენება გადასაჯდომ სადგურად.

მსგავსი სახის სადგური პეტერბურგის მეტროპოლიტენში სულ თოთხმეტია. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სადგურის მშენებლობა საჭიროებს სამუშაოების უწყვეტ მიმდინარეობას, ხოლო სამშენებლო თანხების რეგულარული მოძიება რთულია, ბოლო ორი ათეული წელია, არჩევანი ძირითადად კეთდება კოლონური და პილონური სადგურების სასარგებლოდ, რადგან ასეთი სადგურების მშენებლობის დროებით დაკონსერვება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ამგვარი დიზაინის მქონე სადგურები უმეტესად წარმოდგენილია ვაშინგტონისა და მონრეალის მეტროპოლიტენებში, ხოლო მოსკოვისა და პრაღის მეტროპოლიტენებში, მხოლოდ თითო-თითოა. ასევე გვხვდება ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკისა და ფხენიანის მეტროპოლიტენებშიც.

1970-იან წლების ბოლოს, თბილისში შემუშავდა ერთთაღიანი სადგურის ნაირსახეობა, რომელიც განკუთვნილი იყო ადგილობრივი კლდოვანი ქანებისთვის.1979 წელს, საბურთალოს ხაზზე გაიხსნა პირველი ორი ასეთი სადგური, ვაგზლის მოედანი-2 და პოლიტექნიკური. 1985 წელს კი მათ დაემატა სამი მსგავსი სახის სადგური დიდუბე-სამგორის ხაზზე — ვარკეთილი, ღრმაღელე და გურამიშვილი. ხოლო 2017 წელს, გაიხსნა კიდევ ერთი ერთთაღიანი ღრმა ჩაწოლის სადგური — უნივერსიტეტი. ჯამში თბილისის მეტროპოლიტენში, ასეთი სახის ექვსი სადგურია[2].

თბილისური ტიპის პროექტის მიმსგავსებული ვარიანტი იყო გამოყენებული დნეპრის მეტროპოლიტენშიც, სადაც მაღალი ნაპრალოვნების მქონე ადგილობრივი გრანიტის ქანებში აშენდა ოთხი ერთთაღიანი ღრმა ჩაწოლის სადგური, მონოლითური ბეტონის გამოყენებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]