ნერვული ბოჭკოების ტიპები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნერვული ბოჭკოების ტიპები}} |
აგზნების გატარების სიჩქარის, მოქმედების პოტენციალის სხვადასხვა ფაზის ხანგრძლივობისა და აღნაგობის მიხედვით ნერვულ ბოჭკოებს სამ ძირითად ჯგუფან ჰყოფენ, რომლებიც აღინიშნება ლათინური ასოებით A, B და С. A ტიპის ბოჭკოები ოთხ ქვეჯგუფად იყოფა α, β, γ, და δ. ისინი მიელინის გარსითაა დაფარული. მათ შორის შედარებით მსხვილია α ბოჭკოები (Aα). თბილსისხლიან ცხოველებში და ადამიანებში მათი დიამეტრია 12-22 მკმ და ახასიათებთ აგზნების საკმაოდ დიდი სიჩქარით - 70-120 მ/წმ - გატარება. ასეთი ბოჭკოები აგზნებას ატარებენ ზურგის ტვინის მოტორული ნერვული ცენტრებიდან ჩონჩხის კუნთებისაკენ (მამოძრავებელი ბოჭკოები) და კუნთების გარკვეული რეცეპტორებიდან შესაბამისი ნერვული ცენტრებისკენ. Aα ბოჭკოს მოქმედების პოტენციალის პიკი თბილსისხლიანებში 0.4-0.5 მწმ გრძელდება. მისი დამთავრების შემდეგ ვითარდება კვალის დეპოლარიზაცია (მოვლენა 15-20 მწმ-იანი ჰიპერპოლარიზაციის შემდეგ, როდესაც მემბრანას არ აქვს რეაგირება გამღიზიანებელზე), რომელიც გადადის კვალის ჰიპერპოლარიზაციაში (მოვლენა 40-60 მწმ-იანი დეპოლარიზაციის შემდეგ, როდესაც მემბრანას არ აქვს რეაგირება გამღიზიანებელზე). A ტიპის ბოჭკოების დანარჩენ სამ ჯგუფს: Aβ, Aγ, და Aδ-ს ნაკლები დიამეტრი, აგზნების გატარების უფრო დაბალი სიჩქარე და ხანგრძლივი მოქმედების პოტენციალი ახასიათებთ. ეს უპირატესად მგრძნობიარე ბოჭკოებია, რომლებიც აგზნებას ატარებენ სხვადასხვა რეცეპტორიდან (შეხების, ზოგიერთი სახის ტკივილის, თერმორეცეპტორების (სითბო-სიცივეზე მორეაგირე) და შინაგანი ორგანოების რეცეპტორებიდან) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ γ ბოჭკოები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგზნებას ატარებს ცენტრიდანული მიმართულებით ზურგის ტვინის უჯრედებიდან ინტრაფუზური (კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც კუნთების რეცეპტორების, კერძოდ კუნთის თითისტარების შემადგენლობაში შედიან. B ტიპის ბოჭკოებს მიეკუთვნება მიელინიანი, უპირატესად, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ბოჭკოები. აგზნების გატარების სისწრაფე თბილსისხლიანი ცხოველების ამ ბოჭკოებში 2-18 მ/წმ-ია. B ტიპის ბოჭკოების მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობა (1-2 მწმ) დაახლოებით სამჯერ აღემატება A ტიპის ბოჭკოების მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას. ამ ბოჭკოების განმასხვავებელი თავისებურება ისაა, რომ მათ არ ახასიათებთ კვალის დეპოლარიზაცია. C ტიპის ბოჭკოებს მიეკუთვნება ძალზე მცირე დიამეტრის (დაახლოებით 1 მკმ) უმიელინო ბოჭკოები. აგზნების გატარების სიჩქარე ამ ბოჭკოებში 3 მ/წმ არ აღემატება. C ტიპის ბოჭკოთა უმეტესობა სიმპათიკური ნერვული სისტემის ბოჭკოებია. С ტიპის ბოჭკოებს მიეკუთვნებიან, ასევე, ის ნერვული ბოჭკოები, რომლებიც მონაწილეობენ აგზნების გატარებაში ტკივილის და ზოგიერთი სიცივის, სითბოსა და წნევის შემგრძნები რეცეპტორიდან. ამ ტიპის ბოჭკოების მოქმედების პოტენციალი ხასიათდება შედარებით მეტი ხანგრძლივობით (თბილსისხლიან ცხოველებში 1 მწმ). მათ კვალის დეპოლარიზაციის ხანგრძლივი ფაზა (50-80მწმ) გააჩნიათ, რომელსაც თან სდევს კიდევ უფრო ხანგრძლივი (300-1000 მწმ)კვალის ჰიპერპოლარიზაცია.