შინაარსზე გადასვლა

მარია ელიზაბეთ საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ელიზაბეთ საქსონიელი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
დაიბადა 22 ნოემბერი, 1610
გარდაიცვალა 24 ოქტომბერი, 1684, (73 წლის)
საგვარეულო ვეტინები
მეუღლე(ები) ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი თექვსმეტი შვილი
მამა იოჰან გეორგ I, საქსონიის კურფიურსტი
დედა მაგდალენა სიბილა პრუსიელი
რელიგია ლუთერანიზმი

მარია ელიზაბეთ საქსონიელი (გერმ. Maria Elisabeth von Sachsen, დან. Marie Elisabeth af Sachsen; დ. 22 ნოემბერი, 1610 — გ. 24 ოქტომბერი, 1684) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ I-ისა და მაგდალენა სიბილა პრუსიელის ასული. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ის მეუღლე.

მარია ელიზაბეთი დაიბადა 1610 წლის 22 ნოემბერს, დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ I-ისა და მისი მეორე ცოლის, მაგდალენა სიბილა პრუსიელის უმცროსი ქალიშვილი. 1627 წელს იგი ჯერ დანიშნეს, ხოლო 1630 წელს ცოლად შერთეს დანიის მეფე ფრედერიკ I-ის შვილთაშვილს, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ს. მათი ქორწინება მოაწყო დანიის ქვრივმა დედოფალმა სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველმა და მისმა რძალმა, საქსონიის კურფიურსტმა ჰედვიგ დანიელმა. მის მზითვში შედიოდა ლუკას კრანახ უფროსის ნამუშევრებიც.

1659 წელს იგი დაქვრივდა, ხოლო 1660 წელს ჰუზუმის სასახლეში გადასახლდა. მისი რეზიდენცია ჰუზუმში, კულტურის ცენტრად იქცა. 1664 წელს მან მოახდინა ბიბლიის ინტერპრეტაცია. იგი გარდაიცვალა 1684 წლის 24 ოქტომბერს, 73 წლის ასაკში.

  1. სოფია ავგუსტა (1630-1680), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის პრინც იოჰან VI-ს. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დიდი ბებია;
  2. მაგდალენა სიბილა (1631-1719), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფს, რომელთა შვილი იყო დანიის დედოფალი ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი;
  3. იოჰან ადოლფი (1632-1633), გარდაიცალა ჩვილობაში;
  4. მარია ელიზაბეთი (1634-1665), ცოლად გაჰყვა ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ VI-ს;
  5. ფრედერიკი (1635-1654), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  6. ჰედვიგ ელეონორა (1636-1715), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე კარლ X-ს;
  7. ადოლფ ავგუსტი (1637), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  8. ჰანს გეორგი (1638-1655), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  9. ანა დოროთეა (1640-1713), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  10. კრისტიან ალბერტი (1641-1695), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრედერიკა ამალია დანიელი;
  11. გუსტავ ულრიხი (1642), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  12. კრისტინა საბინა (1643-1644), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  13. ავგუსტ ფრედერიკი (1646-1705), ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი, ცოლად შეირთო კრისტინა საქსენ-ვაიზენფელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  14. ადოლფი (1647), ელიზაბეთ სოფიას ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  15. ელიზაბეთ სოფია (1647), ადოლფის ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  16. ავგუსტა მარია (1649-1728), ცოლად გაჰყვა ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ს;
  • Ute Essegern: Fürstinnen am kursächsischen Hof, Leipziger Universitätsverlag, 2007, S. 365 ff. (Digitalisat)
  • Otto F. A. Meinardus: Zur Schleswiger „Maria Elisabeth“-Bibel von 1664, in: Beiträge zur Schleswiger Stadtgeschichte, Heft 37, 1992, S. 97–103.
  • Ada Kadelbach: Das Husumer Hofgesangbuch (Schleswig 1676) – ein verloren geglaubtes Gesangbuch und seine Quellen, Kreisarchiv Nordfriesland 1983.
  • Fritz Juntke: Die Schleswiger Bibel von 1664 und ihre Einbände, in: Gutenberg-Jahrbuch 1980, S. 316–324.