ფრედერიკ III (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრედერიკ III
Frederick III, Duke of Holstein-Gottorp by David Klöcker Ehrenstrahl (crop).jpg
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დაიბადა 22 დეკემბერი, 1597
გარდაიცვალა 10 აგვისტო, 1659, (61 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) მარია ელიზაბეთ საქსონიელი
შვილ(ებ)ი თექვსმეტი შვილი
მამა ჰანს ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა ავგუსტა დანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ფრედერიკ III ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Frederik 3. af Holsten-Gottorp; დ. 22 დეკემბერი, 1597 — გ. 10 აგვისტო, 1659) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ჰანს ადოლფისა და ავგუსტა დანიელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1616-59 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკი დაიბადა 1597 წლის 22 დეკემბერს გოტორპის სასახლეში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ჰანს ადოლფისა და მისი ცოლის, ავგუსტა დანიელის უფროსი ვაჟი. დედის ხაზით მისი ბაბუა ფრედერიკ II, ხოლო მამის ხაზით მისი დიდი ბაბუა ასევე დანიის მეფე ფრედერიკ I იყო.

1616 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ფრედერიკ III ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი გახდა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიძასთან, დანიის მეფე კრისტიან IV-თან, რომელმაც მას 1617 წელს ქ. გლუკსდატი უბოძა. ფრედერიკი ეძებდა გზას რუსეთისა და სპარსეთისაკენ, რომელიც არ გაივლიდა აფრიკაზე. ამ მიზნით, 1633 წლის 6 ნოემბერს, მან დააფინანსა ექსპედიცია ჰამბურგიდან მოსკოვამდე. 1634 წლის 14 აგვისტოს, მისი დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში. ეს ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ცარმა მიხეილ I-მა უარი განაცხადა ფრედერიკთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე და 1635 წელს დანიის დელეგაცია უკან გაისტუმრა. ამის გამო მან ახალი ექსპედიციისათვის დაიწყო მზადება. 1639 წელს მისი დელეგაცია სპარსეთის შაჰის წინაშე წარსდგა, რომელმაც ფრედერიკს საჩუქრად მხოლოდ ვირთხები გაუგზავნა და ვაჭრობაზე უარი უთხრა.

იგი ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა ოცდაათწლიან ომში ჩაბმაზე და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. მან უარი განუცხადა დანიის მეფეს ომში მასთან ერთად ჩაბმაზე, რის გამოც იგი შვედების მოკავშირედ შერაცხეს. ამან იგი გაანაწყენა და მართლა გადავიდა შვედების მხარეს. 1654 წელს იგი შვედეთში ჩავიდა, სადაც მამიდაშვილმა, დედოფალმა კრისტინამ უმასპინძლა. ამ დროს, ფრედერიკმა თავისი ასული ჰედვიგ ელეონორა შვედეთის მომავალ მეფე კარლ X-ზე დააქორწინა. მისმა პრო-შვედურმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა, რამაც დანიაში ჰოლშტაინ-გოტორპელების გავლენები ძლიერ შეარყია.

ფრედერიკ III ხელოვნებისა და კულტურის დიდი მფარველი იყო, ისევე როგორც დედამისი. იგი გარდაიცვალა 1659 წლის 10 აგვისტოს, 61 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1630 წლის 21 თებერვალს, დრეზდენში, ფრედერიკმა ცოლად შეირთო საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ I-ისა და მაგდალენა სიბილა პრუსიელის ასული მარია ელიზაბეთ საქსონიელი, რომელთანაც თექვსმეტი შვილი შეეძინა:

  1. სოფია ავგუსტა (1630-1680), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის პრინც იოჰან VI-ს. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დიდი ბებია;
  2. მაგდალენა სიბილა (1631-1719), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფს, რომელთა შვილი იყო დანიის დედოფალი ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი;
  3. იოჰან ადოლფი (1632-1633), გარდაიცალა ჩვილობაში;
  4. მარია ელიზაბეთი (1634-1665), ცოლად გაჰყვა ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ VI-ს;
  5. ფრედერიკი (1635-1654), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  6. ჰედვიგ ელეონორა (1636-1715), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე კარლ X-ს;
  7. ადოლფ ავგუსტი (1637), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  8. ჰანს გეორგი (1638-1655), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  9. ანა დოროთეა (1640-1713), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  10. კრისტიან ალბერტი (1641-1695), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრედერიკა ამალია დანიელი;
  11. გუსტავ ულრიხი (1642), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  12. კრისტინა საბინა (1643-1644), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  13. ავგუსტ ფრედერიკი (1646-1705), ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი, ცოლად შეირთო კრისტინა საქსენ-ვაიზენფელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  14. ადოლფი (1647), ელიზაბეთ სოფიას ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  15. ელიზაბეთ სოფია (1647), ადოლფის ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  16. ავგუსტა მარია (1649-1728), ცოლად გაჰყვა ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Granlund, Lis (2004). "Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 0-521-81422-7.
  • Georg Hille: Friedrich III. (Herzog von Schleswig-Holstein-Gottorp). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 8, Duncker & Humblot, Leipzig 1878, S. 15–21.
  • Hermann Kellenbenz: Friedrich III.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 583 f. (Digitalisat).
  • Dieter Lohmeier: Friedrich III., Herzog von Schleswig-Holstein-Gottorf. In: SHBL 12, S. 108–116.
  • C. R. Rasmussen, E. Imberger, D. Lohmeier, I. Mommsen: Die Fürsten des Landes – Herzöge und Grafen von Schleswig-Holstein und Lauenburg. Wachholtz Verlag, Neumünster 2008, S. 154–162.
  • Malte Bischoff: Die Amtleute Herzog Friedrichs III. von Schleswig-Holstein-Gottorf (1616-1659): Adelskarrieren und Absolutismus. Neumünster: Wachholtz 1996, zugl.: Kiel, Univ., Diss., 1992/93 ISBN 3-529-02205-5 (Quellen und Forschungen zur Geschichte Schleswig-Holsteins 105)