შინაარსზე გადასვლა

კოლხური ბაძგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური ბაძგი

ფოთლები და ნაყოფი (გადაღებულია ნაქერალაზე)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაძგისნაირნი
ოჯახი:  ბაძგისებრნი
გვარი:  ბაძგი
სახეობა:  კოლხური ბაძგი
ლათინური სახელი
Ilex colchica Pojark., 1947

კოლხური ბაძგი,[1] კოლხური ჭყორი (ლათ. Ilex colchica) — მცენარე ბაძგისებრთა ოჯახისა. 2–6 მეტრის სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა. აქვს ძირიდანვე დატოტვილი ღერო. ვიწროლანცეტისებურიდან კვერცხისებურ-ელიფსურამდე ცვალებადი ფორმის ფოთლები, რომლებიც კიდეებამოკვეთილია, თითო გვერდზე 3–9 კბილიანი ნაკვთით, ფერად — მუქი მწვანე, ტყავისებური. ყვავილედი იღლიური ქოლგა ან მტევანია. გვირგვინი მომწვანო-თეთრი ფერისაა, მცირე ზომის, თითქმის ბორბლისებური. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიასა და სამხრეთ ევროპაში. გვხვდება მთელ დასავლეთ საქართველოსა და კახეთში.[2] ველურად გავრცელებულია აგრეთვე ლაზეთში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია).[3] წარმოადგენს კოლხური ფლორის რელიქტს.[2] მეზოფილურია.[3] იზრდება ფართოფოთლოვან და მუქწიწვოვან ტყეებში, ასევე სუბალპურ სარტყელში.[2] სხვა მარადმწვანე ბუჩქებთან (წყავი, შქერი და სხვ.) ერთად ქმნის ქვეტყეს დაჩრდილულ ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარში), ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან-ტყეებში. ძვირფასი მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ღერო და ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ქერქს, ფოთოლსა და ნაყოფს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ. დეკორატიული მცენარეა, კარგად იტანს კრეჭას, აშენებენ ბაღებსა და პარკებში. მრავლდება თესლით და ამონაყრით.[3]

  1. სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 253.
  2. 2.0 2.1 2.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 52.
  3. 3.0 3.1 3.2 სახოკია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 381.