შინაარსზე გადასვლა

კავკასიური რცხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რცხილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  რცხილა
სახეობა:  კავკასიური რცხილა
ლათინური სახელი
Carpinus betulus L., 1753
სინონიმები
სია
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194274
გავრცელება

კავკასიური რცხილა, ევროპული რცხილა (ლათ. Carpinus betulus) — ხე არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 35 აღწევს. აქვს გლუვი[1] ან ოდნავ დამსკდარი ქერქი. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოყვანილობით მოგრძოკვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა. კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერის. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგებული. მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფის საბურველი სამნაკვთიანია, თვითონ ნაყოფი კაკალია. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში.[2]

გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ყირიმში, ჩრდილოეთ ირანსა და მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში იზრდება დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 2000 მ-დე ტყის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე.[1]

ერთ-ერთი მთავარი ტყის ჯიშია. ქმნის როგორც წმინდა კორომებს (ძირითადად ზღვის დონიდან 1000 მ-მდე), ისე შერეულ ტყეებს ფოთლოვან (წიფელი, მუხა, წაბლი) და წიწვოვან (ნაძვი, სოჭი) ჯიშებთან. ჩრდილის ამტანი, ყინვა და ქარგამძლეა. მეზოფილურია, თუმცა მეტ-ნაკლებად ეგუება ჰაერის სიმშრალეს.[1]

მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ძალზე მაგარი და გამძლე თეთრი მერქანი აქვს, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. აშენებენ ცოცხალ ღობედ, ხეივნებად.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 312.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 86.