იდა ბაუერი
იდა ბაუერი | |
---|---|
იდა ბაუერი ძმასთან ოტოსთან ერთად | |
დაბადების თარიღი |
1 ნოემბერი 1882 ვენა ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი |
21 დეკემბერი 1945 (63 წლის) ნიუ-იორკი აშშ |
მოქალაქეობა | ავსტრია |
საქმიანობა | მწერალი |
იდა ბაუერი (დორა) (გერმ. Ida Bauer, გერმ. Dora; დ. 1 ნოემბერი, 1882, ვენა — გ. 21 დეკემბერი, 1945, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი პოლიტიკოსის, ავსტრიის მარქსისტული მოძრაობის წამყვანი წევრის, ოტო ბაუერის და. ცნობილი გახდა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზში "დორას" საქმის წყალობით.
ფსევდონიმი დორა იდა ბაუერს ზიგმუნდ ფროიდმა მისცა.[1] გოგონას ისტერიის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობდა დაახლოებით თერთმეტი კვირის განმავლობაში 1900 წელს. იდას ყველაზე აშკარა ისტერიული სიმპტომი იყო აფონია, ანუ ხმის დაკარგვა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდა ბაუერი გახლდათ ტექსტილის მრეწველის ფილიპ ბაუერის (1853–1913) და მისი მეუღლის „კეტე“ კატარინა ბაუერის (1862–1912) ქალიშვილი. რვა წლის ასაკიდან გოგონას აწუხებდა შაკიკი და ნერვული ხველა. შაკიკი 16 წლიდან გაქრა, მაგრამ მის ადგილას აფონია გაჩნდა. იდა 16 წლის იყო, როცა ფროიდს აჩვენეს. ამ დროს მეცნიერი იდას მამას მკურნალობდა. თუმცა, სიმპტომები სწრაფად გაუმჯობესდა და გოგონას აღარ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. თერაპიას მხოლოდ 18 წლის ასაკში მიმართეს, რასაც წინ უძღოდა განწყობის შეცვლა, მამასთან კამათის შემდეგ გონების დაკარგვა და წერილი მშობლებს, რომელშიც იმუქრებოდა თვითმკვლელობით. სეანსები გაგრძელდა მხოლოდ სამი თვე, რის შემდეგაც იდამ შეწყვიტა მკურნალობა, მაგრამ, როგორც ფროიდი აღწერს ეპილოგში, მეოთხედი წლის შემდეგ იგი კვლავ გამოჩნდა. ფროიდის თერაპია, რომელიც დაიწყო 1900 წელს, მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმატებული, მაგრამ დორას შემთხვევამ შთააგონა მას გადასვლის თეორიული კონცეფცია განევითარებინა.
1904 წელს იდა ბაუერი ცოლად გაჰყვა მეწარმესა და კომპოზიტორ ერნსტ ადლერს (1873-1932). მათი ვაჟი კურტ ჰერბერტ ადლერი დირიჟორი გახდა და სან-ფრანცისკოს ოპერის დირიჟორისა და ოპერის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 1939 წელს იდა ბაუერმა საფრანგეთის გავლით ნიუ-იორკში გაქცევა შეძლო, სადაც 1945 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.
„დორას“ საქმე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფროიდის „დორას“ საქმის აღწერა ხუთ ნაწილად იყოფა.
წინასიტყვაობაში ფსიქოანალიტიკოსი აღწერს ექიმის ვალდებულებას შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, განსაკუთრებით პაციენტის სექსუალურობისა და ფანტაზიების შესახებ საუბრის შინაარსის ინტიმურობის გათვალისწინებით და თავის მოსაზრებას იმით ამართლებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა პიროვნების იდენტიფიკაციის თავიდან ასაცილებლად. ფროიდს პუბლიკაცია 1901 წელს ჰქონდა დაწერილი, მაგრამ 1905 წელს გამოაქვეყნა კონფიდენციალურობის მიზნით მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვალა იდა ბაუერის ცხოვრების დეტალები, სავარაუდოდ მისი ქორწინების დეტალები და სახელი. ფროიდი თავის მიდგომაში ეყრდნობოდა მეხსიერების პროტოკოლებს, რადგან სჯეროდა, რომ პაციენტის მიღებისას ჩანაწერის გაკეთება ხელს შეუშლიდა. მეცნიერი ხაზს უსვამდა ძილის ინტერპრეტაციის მნიშვნელობას ამ კონტექსტში, როგორც „... შეუცვლელ პირობას ისტერიისა და სხვა ფსიქონევროზების ფსიქიკური პროცესების გასაგებად...“ (Studienausgabe, ტ. VI, გვ. 90). ფროიდი აღწერდა, რომ მან ძირეულად შეცვალა თავისი ტექნიკა ისტერიის შესახებ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ (ჯოზეფ ბრეიერი და ზიგმუნდ ფროიდი, 1895). მან შეცვალა იგი პაციენტების იდეების თავისუფალი ასოციაციებით, რათა მიეღო არაცნობიერი მასალა, რომელსაც შეეძლო გაეგო სიმპტომები.[2]
თავში იდას ავადმყოფობის მდგომარეობის შესახებ ფროიდი, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებდა ანგარიშების არასრულ ხასიათზე პაციენტის ცხოვრებისა და ავადმყოფობების შესახებ, რომელსაც ფროიდი ახასიათებდა, როგორც სიმპტომების „თეორიულად აუცილებელ კორელატორს“ (Studienausgabe, ტ. VI, გვ. 96). მკურნალობის მიზანი გახლდათ ნათელი და სრული ისტორიის მიღწევა. შესაძლებელია ითქვას, რომ ფროიდისთვის ანალიზის მნიშვნელოვანი მიზანი იყო ცხოვრების ისტორიის რეკონსტრუქცია. სიმპტომების გააზრებისას ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პაციენტის ოჯახურ და სოციალურ გარემოს, ასევე სომატურ ფაქტებს. ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, ფროიდი პირველ რიგში აღწერდა იდას მამას, როგორც მდიდარ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფ პიროვნებას. მას ჰქონდა ტუბერკულოზი, როდესაც იდა ექვსი წლის იყო, ბადურის ჩამოშლა, რასაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა დამბლა, დაბნეულობა და ფსიქოლოგიური პრობლემები. მას ასევე დაუსვეს სიფილისის დიაგნოზი. ავადმყოფობამ იგი მიიყვანა სამკურნალოდ ფროიდთან, რომელიც ხსენებულ პერსონაჟს ახასიათებდა, როგორც ნიჭიერს, აქტიურს და იდას ცხოვრების მნიშვნელოვან პიროვნებას. მეორეს მხრივ, ფროიდი აღწერდა მას, როგორც არა მთლად გულწრფელს. სავარაუდოდ, ეს იყო ამომავალი წერტილი, რომელიც შეიძლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო იდასათვის. მამა 45-დან 50 წლამდე იყო, როცა იდა სამკურნალოდ ფროიდთან მიიყვანა. ფსიქოანალიტიკოსი აღნიშნავდა, რომ გოგონას ურთიერთობა მამასთან მამის ავადმყოფობის გამო გართულდა.
იდა ბაუერმა ფროიდს ორი სიზმარი უამბო
პირველი სიზმარი: "სახლში ხანძარია", - ამბობს დორა, „მამაჩემი კი ჩემი საწოლის წინ დგას და მაღვიძებს. სწრაფად ვიცვამ. დედას მაინც სურს თავისი ძვირფასეულობის ყუთის გადარჩენა, მაგრამ მამა ამბობს, არ მინდა, რომ მე და ჩემი შვილები დავიწვათ შენი სამკაულების ყუთის გამო. ვჩქარობთ და როგორც კი გარეთ გავდივარ, მეღვიძება“ (ფროიდის მიხედვით: ისტერიის ანალიზის ფრაგმენტები, Studienausgabe, ტ. VI, გვ. 136).[3]
მეორე, გაცილებით ხანგრძლივ სიზმარში დორა მისთვის უცნობ ქალაქში დადის. შემდეგ ის შედის საკუთარ სახლში და ოთახში დედის წერილს აღმოაჩენს. დედა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქალიშვილმა მშობლების სახლი დაუკითხავად დატოვა, დედამ არ შეატყობინა მამის ავადმყოფობის შესახებ. ახლა მამა გარდაცვლილია და თუ ქალიშვილი მოინდომებს, მათთან მივა. დორა ჩქარობს მატარებლის სადგურისკენ, კითხულობს თუ სად არის სადგური და გამუდმებით იღებს პასუხს, რომ მისგან ხუთი წუთის სავალზეა. შემდეგ დორა უღრან ტყეში შედის და იქ შემხვედრ პიროვნებას ეკითხება, რომელიც პასუხობს, რომ რკინიგზის სადგურამდე ორსაათნახევარია და დორას გაყოლას სთავაზობს, მაგრამ დორა უარზეა. გოგონა ხედავს მის წინ სადგურის შენობას, მაგრამ თავს პარალიზებულად გრძნობს და იქამდე ვერ მიდის. ბოლოს, მშობლების სახლში, დორას კარს უღებს მოახლე და ეუბნება, რომ უკვე ყველა დაკრძალვაზეა წასული სასაფლაოზე.[4].[5]
ფროიდმა ეს სიზმრები ახსნა ბაუერის ოჯახში არსებული რთული ოჯახური მდგომარეობით.
იდა ბაუერი რეგულარულად უვლიდა კ.-ს ოჯახის (ნამდვილი სახელი ჩელენკო) ბავშვებს. მათ დედას (პეპინა ჩელენკა) ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ფილიპ ბაუერთან. ამავე დროს, იდას გადმოცემით, ბატონი კ. (ჰანს ჩელენკა) გოგონას 14 წლის ასაკიდან ავიწროვებდა გოგონას სექსუალურად.
საბოლოოდ, ფროიდმა სიზმრები განმარტა, როგორც იდას დათრგუნული სექსუალური ლტოლვების გამოხატულება საკუთარი მამის, ბატონი და ქალბატონი კ.-ს მიმართ. მისი ინტერპრეტაცია ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.[6]
იდა ბაუერმა 11 კვირის შემდეგ შეწყვიტა თერაპია, რომელიც 1900 წელს დაიწყო, რამაც ფროიდში იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან მოინახულა ფროიდი და განაცხადა, რომ მისი სიმპტომების უმეტესობა გაქრა მას შემდეგ, რაც აცნობა მამას, მამის საყვარელს და თავის მეუღლეს საკუთარი გამოცდილების შესახებ. თუმცა, ფსიქოანალიტიკოსმა ფელიქს დოიჩმა – იდას ოჯახის ექიმმა გავრცელებული ინფორმაციით, 1923 წელს იდაში კვლავ აღმოაჩინა თითქმის პარანოიდული ქცევა და ზოგადი სიძულვილი მამაკაცების მიმართ.[7]
შემდგომ წლებში პეპინა ჩელენკა იყო იდას საყვარელი პარტნიორი ბრიჯის თამაშის დროს.
ლიტერატურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წელს გამოჩნდა რომანი „იდა“, რომელშიც იდა ბაუერის შვილთაშვილი კატარინა ადლერი ყვება იდა ბაუერის ისტორიას, როგორც გამოგონილ ნაწარმოებს ისტორიული კვლევების დამატებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sigmund Freud: Bruchstücke einer Hysterie-Analyse (1905) mit einem Nachwort von Stavros Mentzos. Fischer Taschenbuch, 2. Aufl. 2007.
- Charles Bernheimer, Claire Kahane: In Dora's Case: Freud-Hysteria-Feminism: Freud, Hysteria, Feminism. Second Edition, Columbia University Press, 1990.
- Hannah S. Decker: Freud, Dora, and Vienna 1900. The Free Press, 1991.
- Robin Tolmach Lakoff, James C. Coyne: Father Knows Best: The Use and Abuse of Power in Freud's Case of Dora, Teachers' College Press, 1993.
- Patrick Mahoney: Freud's Dora: A Psychoanalytic, Historical, and Textual Study. Yale University Press, 1996, ISBN 0-300-06622-8.
- Günter Rebing: Freuds Phantasiestücke. Die Fallgeschichten Dora, Hans, Rattenmann, Wolfsmann. Athena Verlag Oberhausen 2019, ISBN 978-3-7455--1044-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sigmund Freud, The Psychopathology of Everyday Life, Standard Edition, Vol. VI, pp. 240-41.
- ↑ Ernest Jones, The Life and Work of Sigmund Freud (1961) p. 383
- ↑ Sigmund Freud, Fragment of an Analysis of a Case of Hysteria, Standard Edition, Vol. VII, p. 64.
- ↑ Sigmund Freud, Fragment of an Analysis of a Case of Hysteria, Standard Edition, Vol. VII, p. 94.
- ↑ Janet Malcolm, Psychoanalysis: The Impossible Profession (1988) p. 96
- ↑ Freud, Sigmund (1925). Fragment of an Analysis of a Case of Hysteria[მკვდარი ბმული] (PDF). pp. 26–27.
When the first difficulties of the treatment had been overcome, Dora told me of an earlier episode with Herr K., which was even better calculated to act as a sexual trauma. She was fourteen years old at the time.
- ↑ Chapman, D. (2010), The Postmodern Malady ISBN 978-1477645062