ზღვის კატა
ზღვის კატა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Callorhinus ursinus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 3590 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ზღვის კატა (ლათ. Callorhinus ursinus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლფეხიანების რიგისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 2,25 მ-მდეა, წონა 380 კგ-მდე, დედლის სიგრძე 1,6 მ-მდე, წონა 71 კგ-მდე. სხეული დაფარული აქვთ ორგვარი ბალნით: უხეში ფიცახითა და ნაზი ხშირი თივთიკით. ზრდასრული ცხოველი მორუხოა, ახალშობილი — შავი. აქვთ ყურის ნიჟარები. უკანა ფარფლები სხეულის ქვეშ იხრება და ხმელეთზე სიარულის დროს საყრდენია.
ზღვის კატა გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთი განედის 32-38°-ზე, ზაფხულობით კი უფრო ჩრდილოეთით გადადიან. არსებობს ზღვის კატის 3 დამოუკიდებელი ჯოგი, რომლებიც გამრავლების დროს თავს იყრიან კომანდორის, ტიულენის, პრიბილოვისა და სან-მიგელის კუნძულებზე. თავშეყრის ადგილზე პირველები მიდიან მამლები, შემდეგ დედლები და ბოლოს ახალგაზრდა ზღვის კატები.
პოლიგამიური ცხოველებია — თითოეულ ჰარამხანაში 30-50 დედალია. მაკეობა 1 წელიწადს გრძელდება. ნაშიერი თვალხილული იბადება, 3 თვემდე რძით იკვებება. სქესობრივ სიმწიფეს დედალი აღწევს 3, მამალი 5-6 წლისა. იკვებებიან თევზითა და თავფეხიანებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. რეწვა შეიძლება ზაფხულში სათანადო მეცნიერული წესების დაცვით. 1957 წელს სსრკ-მა, კანადამ და იაპონიამ დადეს ხელშეკრულება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის კატის დაცვის, სამეცნიერო გამოკვლევების კოორდინაციისა და რეწვის წესების მოწესრიგების შესახებ. სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს Arctocephalus-ის გვარის 5 სახეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 549.