ზოფია სტრიენსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოფია სტრიენსკა
პოლ. Zofia Stryjeńska
დაიბადა 13 მაისი, 1891
დაბადების ადგილი კრაკოვი
გარდაიცვალა 28 თებერვალი, 1976
გარდაცვალების ადგილი ჟენევა
ეროვნება პოლონელი
სფერო მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი, სცენის დიზაიბერი
მიმდინარეობა არტ-დეკო

ზოფია სტრიენსკა (პოლ. Zofia Stryjeńska, ქალიშვილობის გვარი: ლუბანსკა; დ. 13 მაისი, 1891, კრაკოვი — გ. 28 თებერვალი, 1976, ჟენევა) — პოლონელი მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი და სცენის დიზაინერი, რომელიც არტ-დეკოს ჟანრში მოღვაწეობდა. ოლგა ბოზნანსკასა და თამარა დე ლემპიცკასთან ერთად ზოფია პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ყველაზე ცნობილ ქალ მხატვრებს შორის იყო. 1930-იან წლებში ის ნომინირებული იყო პოლონეთის ლიტერატურის აკადემიის ოქროს დაფნის ჯილდოზე, თუმცა მან პრიზზე უარი განაცხადა.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრიენსკა ფრანციშეკ ლუბანსკის ექვს შვილს შორის ყველაზე უფროსი იყო. ბავშვობაში ის ხშირად ხატავდა. იგი ჯერ ხელნაკეთობების სკოლაში, შემდეგ მასწავლებელთა სემინარიაში და 1909 წლამდე ლეონარდ სტროინოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1909 წელს მან დაიწყო ფერწერის შესწავლა მარია ნიძიელისკას ქალთა სახვითი ხელოვნების სკოლაში, რომელიც 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების განხრით. 1910 წელს ის მამამისს შეუერთდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის გავლით იტალიაში მოგზაურობაში, რომლის დროსაც მათ დაათვალიერეს მუზეუმები და გალერეები ვენეციასა და ვენაში. ახალგაზრდობაში ის ასევე მუშაობდა გაზეთებში, როგორებიცაა: „როლი“ (Role) და „ხალხის ხმა“ (Voice of the People).

1911 წლის 1 ოქტომბერს სტრიენსკა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში მიიღეს. აკადემიაში მოსახვედრად მან თავისი ძმის, თადეუშ გჟიმალა ლუბანსკის სახელი გამოიყენა და სწავლის პერიოდში მამაკაცივით იცვამდა, რადგან ამ დროს ქალები სასწავლებელში არ დაიშვებოდნენ.[1][2] ერთი წლის შემდეგ მისი ტყუილი გამომჟავნდა და ზოფია კრაკოვში დაბრუნდა. კრაკოვში ის ფერწერასა და ლიტერატურის განხრით მუშაობდა. მხატვრობაში მისი პირველი წარმატება 1912 წელს შედგა, როდესაც კრაკოვის სახვითი ხელოვნების მეგობართა საზოგადოებამ თავის გამოფენაზე წყლის საღებავებით შესრულებული სოფიას 18 ნახატი შეიტანა.

1916 წლის 4 ნოემბერს ზოფია არქიტექტორ კაროლ სტრიენსკიზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი, ქალიშვილი მაგდა და ტყუპები, იაცეკი და იანი ეყოლათ. 1921-1927 წლებში ის ცხოვრობდა ზაკოპანეში, სადაც მისი მეუღლე ხის სამრეწველო სკოლის დირექტორად მუშაობდა. დროის უდიდეს ნაწილს ზოფია ხატვას უთმობდა. ამის გამო, წლების განმავლობაში, იგი მეტად დაშორდა კაროლს, რამაც საბოლოოდ ღია კონფლიქტი და 1927 წელს განქორწინება გამოიწვია. კაროლი გარდაიცვალა 1932 წელს.

განქორწინების შემდეგ იგი ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1929 წელს დაქორწინდა მსახიობ არტურ კლემენს სოჩაზე. ქორწინება მალე დასრულდა, რადგან არტურს სიფილისი აღმოაჩნდა. 1930-იანი წლების ბოლოს ის ურთიერთობაში იყო არქიტექტორ ახილეს ბრეზთან, მოგვიანებით კი მოგზაურ და მწერალ არკადი ფიედრელთან.[3].

ვარშავის ძველ უბანში მდებარე შენობა, რომელზედაც ზოფია სტრიენსკას ფრესკაა დატანილი

1930-იანი წლების პირველ ნახევარში მას რთული პერიოდი ჰქონდა. ზოფიას ასევე ძალიან სჭირდებოდა ფული, რის გამოც ის ნახატებს ყიდდა. მან მხოლოდ 1938 წელს მიიღო რამდენიმე შეკვეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრისგან, რომელთა შორის იყო ნახატი ხალიჩაზე (კილიმზე) იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოსთვის. 1930 წელს მას მიენიჭა პოლონეთის ხელმეორედ დაბადების ოფიცრის ჯვრის ორდენი.[4] პოლონეთის ლიტერატურის აკადემიის თხოვნით, 1936 წლის 7 ნოემბერს ის ნომინირებული იყო ოქროს დაფნის ჯილდოზე „ზოგადად პოლონურ ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“.[5].

ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კრაკოვში იმყოფებოდა. სტრიენსკამ 1943 წელს აღმოაჩინა, რომ მას სიფილისი ჰქონდა, რამაც მხატვარს მხედველობის ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა. 1945 წლის დასაწყისში, როდესაც ქალაქში რუსები შევიდნენ სტრიჟესკამ პოლონეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.[6] ის ჟენევაში თავის შვილებთან წავიდა. მხატვარი გარდაიცვალა 1976 წელს ჟენევაში და დაკრძალეს ადგილობრივ ჩენე-ბურგის სასაფლაოზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს[7] მან წარმოადგინა სლავური ტაძრის, ვიტეზონის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო „სლავური კეისრების სიმპოზიუმებისა და კონგრესების“, აგრეთვე სლავური სულიერი ცხოვრების აღორძინების ადგილი. ტაძრის ინტერიერი ჰგავს როგორც თეატრს, ასევე ეკლესიას, რომელშიც საკურთხევლი სლავური ღვთაების სტილიზებული ქანდაკებითაა ჩანაცვლებული.[8].

თავის ბევრ ნამუშევარში ზოფიას გამოყენებული აქვს წინაქრისტიანული სლავური ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ პოლონეთში. ამასთან, თავად მხატვარი ყოველთვის ქრისტიანად თვლიდა თავს. მისი გატაცება ძველი სლავების რწმენით მხოლოდ მხატვრულ ინტერესად უნდა ჩაითვალოს.

ლიტერატურული შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრიენსკას ლიტერატურული შემოქმედება ხასიათდება ენის თავისუფლებით და ლექსიკის სიმდიდრით. ის პროფესორი ჰილარის ფსევდონიმით წერდა. 1995 წელს გამოიცა მისი მემუარები სახელწოდებით: „პური თითქმის ყოველ დღეს“.[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dorota Marszałek, Zofia Stryjeńska – polska malarka art deco. Mapa kultury. Retrieved December 12, 2011.
  2. Włodzimierz Kalicki: Trzecia młodość Stryjeńskiej, Gazeta Stołeczna, 19 თებერვალი 2010, გვ. 14.
  3. Twarze – Zofia Stryjeńska.
  4. ჯვრის ორდენის გადაცემის ბრძანებულება.
  5. დაფნის ჯილდოს გადაცემის ბრძანებულება
  6. Blask i nędza życia Zofii Stryjeńskiej.
  7. „PAUza Akademicka 17-18/2008“ (PDF). pauza.krakow.pl. 29 ივლისი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 17 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 21 მარტი 2021.
  8. „Zofia Stryjeńska, „Bożki słowiańskie”, 1918 (kolejne teki 1922, 1934)“. culture.pl. 29 თებერვალი 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. Z. Stryjeńska, Chleb prawie że powszedni, Gebethner i Ska, 1995.