შინაარსზე გადასვლა

ესპანელი პრინცესა (მინისერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანელი პრინცესა
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი ემა ფროსტი
მეთიუ გრაჰამი
ეფუძნება ფილიპა გრეგორის ნოველებს: „მეფის წყევლა“ და „სამუდამოდ პრინცესა“
რეჟისორი ანდრეა დიუსბერი
პეტ ტუკი-დიკსონი
მონაწილეობენ საი ბენეტი
ალისია ბორაჩერო
ენდრიუ ბუჩანი
ლაურა კარმიქაელი
დანიელ სერკიერა
აარონ კობჰემი
ელიოტ კოუენი
ფილიპ კამბუსი
ანტონიო დე ლა ტორე
პიტერ ეგანი
ალბა გალოჩა
ქლოი ჰარისი
ჯორჯი ჰენლი
შარლოტ ჰოუპი
ანგუს იმრიე
სტეფანია ლევი-ჯონი
გორდონ კენედი
ალან მაკკენა
ალექსანდრა მოენი
რუაირ ოკონორი
ნადია პარკსი
რიჩარდ პეპერი
ჯორდან რენსო
ოლი რიქსი
რეი სტივენსონი
ჰარიეტ უოლტერი
კომპოზიტორ(ებ)ი სამუელ საიმი
კრის ეგანი
ქვეყანა აშშ
გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სეზონი 2
სერია 16
წარმოება
ხანგრძლივობა 54-60 წუთი
ეთერში 5 მაისი, 2019 — 29 ნოემბერი, 2020
ქრონოლოგია
წინა თეთრი დედოფალი
თეთრი პრინცესა
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ესპანელი პრინცესა (ინგლ. The Spanish Princess) — ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაფუძნებული ისტორიული ჟანრის ამერიკულ-ბრიტანული მინისერიალი, რომელიც წარმოადგენს ორი სერიალის: „თეთრი დედოფლის“ (2013) და „თეთრი პრინცესის“ (2017) გაგრძელებას. მასში მოთხრობილია კატალინა არაგონელის ისტორია, თუ როგორ ჩადის იგი ინგლისში და რა გზას გადის, სანამ მეფე ჰენრი VIII-ზე დაქორწინდება.

სერიალი სულ ორი სეზონისაგან შედგება, თითოეულ მათგანში კი რვა ერთსაათიანი სერიაა. პირველი სეზონის გადაღებები 2019 წლის 11 მარტს დასრულდა, მისი პირველი სერია ეკრანებზე 2019 წლის 5 მაისს გამოჩნდა[1] და იგი იმავე წლის 3 ივნისს დასრულდა. მეორე სეზონის გაშვება 2020 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო[2] და დასრულდა იმავე წლის 29 ნოემბერს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალი „ესპანელი პრინცესა“ წარმოადგენს ასევე ფილიპა გრეგორის ნოველებზე გადაღებული ორი სერიალის: „თეთრი დედოფლის“ და „თეთრი პრინცესის“ გაგრძელებას. სერიალების ეს ტრილოგია ერთობლიობაში მოგვითხრობს XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დასაწყისის ინგლისში მიმდინარე მოვლენებზე. მისი გადაღებები ძირითადად სომერსეტში მიმდინარეობდა[3]. საკუთრივ სერიალში „ესპანელი პრინცესა“ მოთხრობილია კატალინა არაგონელის ისტორია, თუ როგორ ჩადის ინგლისში და რა გზას გადის დედოფლად გახდომამდე. ახალგაზრდა კატალინა ესპანეთიდან ინგლისში ჩადის თავის სეფექალებთან ერთად, 1501 წელს და ქორწინდება უელსის პრინც არტურზე, მეფე ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელისაბედის უფროს ვაჟზე. ქორწინებიდან სულ მალე არტური გარდაიცვალა, რითაც იწყება კატალინას პრობლემები. ვინაიდან მათი ქორწინება კონსუმირებული იყო, მას აღარ შეეძლო ინგლისის მეორე მემკვიდრეზე, ანუ თავის მაზლ ჰენრიზე დაქორწინება და უნდა დაბრუნებულიყო ესპანეთში, სადაც მას მონასტერში გამოკეტვა ელოდა. ამის გამო, კატალინა გადაწყვეტს უარი თქვას სამშობლოში დაბრუნებაზე და ჰენრიზე დაქორწინდეს, რისთვისაც იგი ამტკიცებს, რომ არტურთან სარეცელი არ გაუყვია.

ამ პერიოდში მისი დედამთილი, დედოფალი ელისაბედი მშობიარობას გადაჰყვა, სიკვდილის წინ კი ქმარს დაუბარა, რომ კატალინაზე დაქორწინებულიყო. ჰენრიც გადაწყვეტს ცოლის თხოვნა შეასრულოს და გადაწყვეტს კატალინაზე ქორწინებას, თუმცა იგი ახერხებს მეფის დარწმუნებას, რომ მასზე კი არა, მის ვაჟზე, პრინც ჰენრიზე დააქორწინოს. მათ კავშირს მრავალი წინააღმდეგობა ხვდება, განსაკუთრებით მეფის დედის, მარგარეტ ბეფორტის მხრიდან, რომელსაც ახალგაზრდა კატალინა მისი „ესპანური ჩვევების“ გამო დიდად არ მოსწონდა. ამასთან, პრობლემები შეიქმნა ესპანეთიდან მისი მზითვის გამოგზავნასთან დაკავშირებითაც, რამეთუ კატალინას და, დედოფალი ხუანა I, რომელიც მასთან არც ისე კარგ ურთიერთობაში იყო, უარს ამბობდა დისთვის მზითვის გაგზავნაზე, მზითვის გარეშე კი კატალინა ვერ გათხოვდებოდა. როგორც გაირკვა, ხუანას სძულდა კატალინა, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა მის ესპანეთში დაბრუნებასა და მონასტერში გაშვებას. ამავე მიზნით ხუანა მოელაპარაკა მარგარეტ ბეფორტს, რომ კატალინას სანაცვლოდ მას თავის ქალიშვილ ელეონორას გაუგზავნიდა ჰენრიზე დასაქორწინებლად და მას მზითვსაც გააყოლებდა.

ამასობაში მეფე ჰენრი VII გარდაიცვალა და ტახტს ჰენრი VIII იკავებს, რამაც სიტუაცია საპირისპიროდ შემოატრიალა. თუმცაღა, ლედი მარგარეტი კატალინას სეფექალ ლინას მისი ქმრის, ოვიედოს ჩამოხრჩობით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ის არ აღიარებდა, რომ კატალინა უბიწო არ იყო. ლინამ არ აღიარა და ოვიედო ჩამოახრჩეს. იმავდროულად, ჰენრიმ უარი თქვა ელეონორაზე და პაპს წერილი გაუგზავნა, რათა კატალინაზე ქორწინების ნებართვა მიეღო. ამასობაში ლედი მარგარეტიც კვდება. კატალინა კი მისი და ჰენრის ქორწინების დღეს მამის, მეფე ფერდინანდ არაგონელისაგან იღებს წერილს, საიდანაც იგებს, რომ ჰენრის მის დასთან, ხუანასთან ეძინა. ბოლო სერიაში ჰენრი ამას აღიარებს, სანაცვლოდ კი კატალინაც აღიარებს, რომ არტურთან მისი ქორწინება კონსუმირებული იყო.

თავდაპირველად სერიალის მეორე სეზონის გამოშვება არ იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორებმა პირველი სეზონის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მეორეს გადაღებაც. აღსანიშნავია, რომ სეზონის გადაღებები 2020 წლის 11 მარტს დასრულდა[4], COVID-19-ის პანდემიის გამო კარანტინის გამოცხადებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე. მეორე სეზონის მოვლენები 1511 წლიდან იწყება, რა დროსაც კატალინას მამა ინგლისში ჩადის საფრანგეთის წინააღმდეგ ალიანსის შესაქმნელად. მეფე ჰენრი და დედოფალი კატალინა მას გენერალ ჰოვარდს ატანენ ინგლისური ჯარებითურთ, რომლის გამოყენებითაც ფერდინანდი ნავარას იპყრობს. ამ ამბიდან მალევე ჰენრისა და კატალინას ექვსი თვის ვაჟი იღუპება, რის შემდეგაც იგი მამისაგან წერილს იღებს რომ იგი პირველი იყო და მას შეუძლია ინგლისისთვის სხვა ვაჟების გაჩენაც.

ამის შემდეგ ჰენრი საფრანგეთში საბრძოლველად მიდის, ორსული კატალინა კი ინგლისში რჩება და უწევს თავისი მულის, მარგარეტის ქმრის, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ის შემოჭრის მოგერიება. კატალინას ხელმძღვანელობით ინგლისელები შოტლანდიელებს ამარცხებენ და აძევებენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ დედოფალი კატალინა იგებს, რომ მას ჰენრი ბესი ბლონტთან ღალატობს. საბოლოოდ კატალინა ჰენრის პრინცესა მერის უჩენს, ბესი კი ჯანმრთელ ვაჟს, ჰენრი ფიცროის, რამაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია. ამის პარალელურად ინგლისელები ფრანგებთან მარცხდებიან, ლონდონში კი შავი ჭირი ვრცელდება, ამ ყველაფერს კი მოსდევს ამბოხებათა სერიები. ამასთან, იგი იძულებული ხდება თავისი და, პრინცესა მერი ცოლად საფრანგეთის მოხუც მეფეს, ლუი XII-ს მიათხოვოს.

ამ მოვლენების შემდეგ ჰენრის პარანოია ეწყება და იწყებს უახლოესი პირების სიკვდილით დასჯას, კატალინა კი ცდილობს, რომ იგი შეაჩეროს. პარანოიასთან ერთად ჰენრის ჭკუიდან შერყევის ნიშნებიც უვითარდება, რასაც მოჰყვება მეფე-დედოფალს შორის გაუცხოების დაწყება. სწორედ აქ კი ჰენრი იცნობს ახალგაზრდა მერი ბოლეინსა და მის დას, ანას.

ლაურა კარმიქაელი, მარგარეტ პოლის როლის შემსრულებელი
ელიოტ კოუენი, ჰენრი VII-ის როლის შემსრულებელი
ანტონიო დე ლა ტორე, ფერდინანდ II არაგონელის როლის შემსრულებელი
ჰარიეტ უოლტერი, მარგარეტ ბეფორტის როლის შემსრულებელი
ალისია ბორაჩერო, ისაბელ I კასტილიელის როლის შემსრულებელი
  • შარლოტ ჰოუპი — კატალინა არაგონელი[5], ესპანეთის პრინცესა, პრინცი არტურის და შემდეგ მეფე ჰენრი VIII-ის პირველი ცოლი;
  • საი ბენეტი — პრინცესა მერი ტიუდორი, ჰენრი VII-ის ასული, შემდეგში საფრანგეთის დედოფალი;
  • ალისია ბორაჩერო — ისაბელ I, კასტილიისა და ლეონის დედოფალი, კატალინას დედა;
  • ენდრიუ ბუჩანი — თომას მური;
  • ლაურა კარმიქაელი — მარგარეტ პოლი, ჰენრი VIII-ის დედის, დედოფალ ელისაბედის ბიძაშვილი;
  • დანიელ სერკიერა — დე ფუანსალიდა, ესპანეთის ელჩი ინგლისში;
  • აარონ კობჰემი — ოვიედო, ინფანტა კატალინას დაცვის ერთ-ერთი წევრი;
  • ელიოტ კოუენი — ინგლისის მეფე ჰენრი VII, პრინცი არტურისა და ჰენრი VIII-ის მამა, კატალინას მამამთილი;
  • ფილიპ კამბუსი — თომას უოლსი;
  • ანტონიო დე ლა ტორე — ფერდინანდ II, არაგონის მეფე, ისაბელ I-ის ქმარი, კატალინას მამა;
  • პიტერ ეგანი — გენერალი თომას ჰოვარდი;
  • ალბა გალოჩა — ხუანა I, კასტილიისა და არაგონის დედოფალი, ისაბელ I-ის და ფერდინანდ II-ის უფროსი ქალიშვილი, კატალინას და და ფილიპ I ბურგუნდიელის ცოლი;
  • ქლოი ჰარისი — ელიზაბეთ „ბესი“ ბლონტი, ჰენრი VIII-ის საყვარელი;
  • ჯორჯი ჰენლი — პრინცესა მარგარეტ ტიუდორი, ჰენრი VII-ის ასული, შემდეგში შოტლანდიის დედოფალი;
  • ანგუს იმრიე — უელსის პრინცი არტური, ჰენრი VII-ის უფროსი ძე, კატალინას პირველი ქმარი;
  • სტეფანია ლევი-ჯონი — ლინა დე კარდონესი, კატალინას ერთ-ერთი სეფექალი;
  • გორდონ კენედი — ჯონ სტიუარტი, ოლბანის ჰერცოგი, შოტლანდიის მეფის ბიძაშვილი;
  • ალან მაკკენა — სირ რიჩარდ პოლი, დედოფალ ელისაბედის ბიძაშვილის, მარგარეტ პოლის მეუღლე;
  • ალექსანდრა მოენი — ელისაბედ იორკელი, ინგლისის დედოფალი, ჰენრი VII-ის ცოლი, კატალინას დედამთილი;
  • რუაირ ოკონორი — ჰარი ტიუდორი, იორკის ჰერცოგი, შემდეგში მეფე ჰენრი VIII, კატალინას მეორე ქმარი;
  • ნადია პარკსი — როსა დე ვერგასი, კატალინას ერთ-ერთი სეფექალი;
  • რიჩარდ პეპერი — თომას ბოლეინი, უილტშირის ერლი, მერი და ანა ბოლეინების მამა;
  • ჯორდან რენსო — ჩარლზ ბრანდონი, პრინცი ჰარის ახლო მეგობარი;
  • ოლი რიქსი — ედუარდ სტაფორდი;
  • რეი სტივენსონი — შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV, მარგარეტ ტიუდორის მეუღლე;
  • ჰარიეტ უოლტერი — ლედი მარგარეტ ბეფორტი, ჰენრი VII-ის დედა;
  • მამადუ დუმბია — ჯონ ბლანკი;
  • მორგან ჯონსი — ედმუნდ დადლი;
  • ნიკ ბარბერი — ედმუნდ დე ლა პოლი;
  • მიმი დე უინტონი (თავიდან) და ამელია გეტინგი (შემდეგ) — ურსულა პოლი, მარგარეტ და რიჩარდ პოლების ასული;
  • არტურ ბეიტმენი (თავიდან) და კლარკ ბატლერი (შემდეგ) — რეჯი პოლი, მარგარეტ და რიჩარდ პოლების ვაჟი;
  • მეტ კარი (თავიდან) და თეო ენშენტი (შემდეგ) — ჰენრი პოლი, მარგარეტ და რიჩარდ პოლების ვაჟი;
  • ლუკ მალინზი — უილიამ კომპტონი;
  • მარკ როული — ალექსანდრე სტიუარტი, მორის ეპისკოპოსი და შოტლანდიის მეფის ბიძაშვილი;
  • ენდრიუ როტნი — ანგუს დუგლასი, შოტლანდიელი დიდებული, მარგარეტ ტიუდორის მეორე ქმარი;
  • ბრაიან ფერგიუსონი — გევინ დუგლასი, შოტლანდიელი დიდებული, დანკელდის ეპისკოპოსი;
  • ელის ნოკსი — ანა ბოლეინი;
  • ბესი კოატსი — მერი ბოლეინი;
  • კრისტოფერ კრეგი — საფრანგეთის მეფე ლუი XII, მერი ტიუდორის პირველი ქმარი;
  • მილო კოლაგანი — ჰენრი სტაფორდი;
  • თორენ ფერგიუსონი — ჰოლ სტიუარტი;
  • ბილი გადსონი — პრინცესა მერი, კატალინასა და ჰენრის ქალიშვილი;
  • ლევის რასელი — პრინცი ჯეიმი, მარგარეტ ტიუდორისა და ჯეიმზ IV-ის ვაჟი;
  • კენეთ კრანჰემი — ეპისკოპოსი ჯონ მორტონი;
  • პატრიკ გიბსონი — რიჩარდი, იორკის ჰერცოგი, დედოფალ ელისაბედის განსვენებული ძმა;
  • ლუკა პეროსი — ქრისტეფორე კოლუმბი;
  • ნორმან ბოუმენი — უილიამ დანბარი;
  • ფილიპ ენდრიუ — ფილიპე I ბურგუნდიელი, ნიდერლანდების მმართველი, კასტილიის მეფე, ხუანა I-ის ქმარი, კატალინას სიძე;
  • ფილიპ მაკგინლი — ჯორჯ ნევილი;
  • სემ ჯონი — კარლ ბურგუნდიელი, შემდეგში ესპანეთის მეფე კარლოს I, ფილიპე I-ისა და ხუანა I-ის ვაჟი, კატალინას დისწული;
  • იან პირიე — ჯორჯ დუგლასი;
  • ტესა ბონჰემი — ანა ჰასტინგსი, ჰანტინგდონის გრაფინია;
  • მოლი ვევერსი — ჯეინ სტიუარტი;
  • პოლ ფორმანი — ფრანსუა დე ვალუა, მერი ტიუდორის გერის, მეფე ლუი XII-ის ასულ კლაუდიას ქმარი და ტახტის მემკვიდრე;
  • ჯიმი უოლკერი — ჯონ ლინკოლნი;
  • ნათანიელ ჯონსი — ჰენრი ფიცროი, ჰენრი VIII-ისა და ელიზაბეთ ბლონტის უკანონო ვაჟი;
  1. "The Spanish Princess: Philippa Gregory Adaptation to Debut in May on Starz". TVline.
  2. "The Spanish Princess Prepares For Battle In The First Trailer For Season 2" elle.com. Retrieved September 10, 2020.
  3. "Photos show film crews invading Somerset town for new movie" Somerset Live. Retrieved May 19, 2018.
  4. Frost, Emma (February 15, 2020)."Emma Frost's Twitter". Twitter. Retrieved February 2, 2020.
  5. "The Spanish Princess: Charlotte Hope To Star In The White Princess Follow-Up On Starz" Deadline Hollywood. Retrieved May 19, 2018.