თეთრი დედოფალი (მინისერიალი)
| თეთრი დედოფალი | |
|---|---|
| ჟანრი |
ისტორიული დრამა |
| ავტორი |
ემა ფროსტი ლიზა მაკჯი მალკოლმ კამპბელი ნიკოლ ტეილორი |
| ეფუძნება | ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს |
| მონაწილეობენ |
რებეკა ფერგიუსონი ფაიე მარსაი მაქს აირონსი ამანდა ჰეილი დევიდ ოაკსი |
| კომპოზიტორ(ებ)ი | ჯონ ლანი |
| ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
| ენა | ინგლისური |
| სეზონი | 1 |
| სერია | 10 |
| კომპანია | Czar Television |
| ეთერში | 16 ივნისი, 2013 — 18 აგვისტო, 2013 |
| რესურსები ინტერნეტში | |
| საიტი | |
თეთრი დედოფალი (ინგლ. The White Queen) — 2013 წელს გამოსული ბრიტანული ისტორიული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება ამერიკელი მწერლის, ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს „თეთრი დედოფალი“ და მოგვითხრობს ვარდების ომის პერიოდში ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებს. სერიალი გაერთიანებულ სამეფოში პირველად ეკრანებზე 2013 წლის 16 ივნისს გამოჩნდა[1], იმავე წლის 9 აგვისტოს კი მისი გაშვება დაიწყო აშშ-შიც[2][3].
სერიალის მთავარი გმირები არიან ნამდვილი ისტორიული პირები, სამი დედოფალი, რომლებიც ტახტისათვის იბრძოდნენ: ელისაბედ ვუდვილი, მარგარეტ ბეფორტი და ანა ნევილი[4]. ამ სერიალის გაგრძელებებს წარმოადგენს 2017 წელს გამოსული „თეთრი პრინცესა“[5] და 2019 წელს გამოსული „ესპანელი პრინცესა“.
სერიალს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის 71-ე დაჯილდოებაზე სამ კატეგორიაში, ასევე ნომინირებული იყო ემისა და ხალხის რჩეულის ჯილდოებზეც.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალის მოქმედება ვითარდება ვარდების ომის დროს ინგლისში. ამბავი იწყება 1464 წელს, როდესაც ინგლისის მეფე ედუარდ IV პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, დაქვრივებულ ელისაბედ. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება და მალევე ქორწინდება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ედუარდი პოლიტიკური და დიპლომატიუი მოზარებით უნდა დანიშნულიყო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ცოლისდაზე, პრინცესა ბონაზე. მასთან ნიშნობის ჩაშლის გამო ედუარდს სამუდამოდ გადაემტერა თავისი მთავარ მოკავშირე, რიჩარდ ნევილ უორვიკი, რომელიც მიზნად დაისახავს ედუარდისა და ელისაბედის დამხობას.
რიჩარდ ნევილი გადაწყვეტს, რომ ედუარდის ნაცვლად ტახტზე მისი ამბიციური ძმა, კლარენსის ჰერცოგი ჯორჯ პლანტაგენეტი დასვას, რომელსაც კავშირის შესაქმნელად თავის ქალიშვილ იზაბელ ნევილს შერთავს ცოლად. რიჩარდისა და ჯორჯის ამბოხება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც მათ სასწრაფოდ უწევთ ინგლისის დატოვება და საფრანგეთში გაქცევა. კალესაკენ მიმავალ გზაზე კი მათი გემი შტორმში მოყვება, ჯორჯის ორსულ ცოლს, იზაბელს სწორედ მაშინ ეწყება მშობიარობა და არასათანადო პირობების გამო მათი ბავშვი იღუპება. ყოველივე ამას ისინი აბრალებენ დედოფალ ელისაბედს, რომელსაც ედუარდის ოჯახის წევრები ჯადოქრად მიიჩნევდნენ.
საფრანგეთში გაქცეული რიჩარდი დანებებას არ აპირებს და ამჯერად იგი ლანკასტერების მხარეს გადადის. იგი უკავშირდება დამხობილი მეფის, ჰენრი VI-ის ცოლს, ვაჟთან ერთად ემიგრაციაში მყოფ დედოფალ მარგარიტა ანჟუელს (სერიალში იგი „ბოროტი დედოფლის“ სახელითაა ცნობილი) და ედუარდის დასამხობად სთავაზობს კავშირის შეკვრას, მოკავშირეობის გარანტად კი თავის მეორე ქალიშვილს, ანა ნევილს მარგარიტას ვაჟზე, უელსის პრინც ედუარდზე აქორწინებს. რიჩარდის ჯარი მოულოდნელად ესხმის თავს იორკებს, ედუარდ IV ფლანდრიაში გარბის, ორსული დედოფალი ელისაბედი კი უესტმინსტერის სააბატოს შეაფარებს თავს, სადაც იმშობიარებს და ვაჟს გააჩენს. სულ მალე ედუარდი ტახტს იბრუნებს და ბრძოლაში კლავს უორვიკსაც და პრინც ედუარდ ლანკასტერსაც, აპატიმრებს დედოფალი მარგარიტას და ანა ნევილს. პატიმრობიდან თავის დასახსნელად ანა ცოლად მიჰყვება ედუარდ IV-ის მეორე ძმას, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდს.
რამდენიმეწლიანი მშვიდობის შემდეგ არეულობა უკვე თავად იორკების ოჯახში იწყება. დედოფალ ელისაბედსა და დებ ნევილებს შორის ფარული მტრობა მძვინვარებს. მას შემდეგ, რაც იზაბელ ნევილი სრულიად მოულოდნელად დაიღუპება, მისი და და ქმარი მიიჩნევენ, რომ იგი დედოფალმა დაწყევლა და მოკლა, ამიტომაც ჯორჯი კვლავ ღალატს განიზრახავს და გადაწყვეტს მარია ბურგუნდიელთან ქორწინებით შეკრას კავშირი, რომლითაც ძმის დამხობას შეძლებს. მისი გეგმა ჩავარდა, მეფემ აღარ აპატია და ჯორჯს ედუარდი სიკვდილით სჯის. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში თავად ედუარდ IV-ც იღუპება და სიკვდილის წინ მისი მცირეწლოვანი ძის, ედუარდ V-ს, რეგენტად რიჩარდ გლოსტერის ჰერცოგს ნიშნავს.
დედოფალი ელისაბედი არ ენდობა თავის მაზლს, ამიტომაც ქალიშვილებთან ერთად შეიკეტება უესტმინსტერში და იქიდან ცდილობს ვაჟის ტახტზე აყვანას. იორკების დაპირისპირებით სარგებლობს ლედი მარგარეტ ბეფორტი, რომელსაც თავისი ვაჟის, ჰენრი ტიუდორის გამეფება სურს. იგი დეზინფორმაციას აწვდის ელისაბედსაც და რიჩარდსაც, რის გამოც ისინი გაერთიანებას ვერ ახერხებენ. რიჩარდ III მეფედ ეკურთხება. ანა ნევილი არაპირდაპირ გასცემს ედუარდ IV-ის ვაჟების დახოცვის ბრძანებას.
დედოფალი ელისაბედი შურისძიების მიზნით წყევლის თავისი ვაჟების მკვლელებს იმით, რომ მასაც გარდაეცვალოს ძეები. დაწყევლიდან მალევე ანასა და რიჩარდის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იწყება გაუცხოება მეფე-დედოფალს შორის. იმავდროულად ელისაბედი მარგარეტს ჰპირდება, რომ დახმარების შემთხვევაში მის ვაჟ ჰენრი ტიუდორს თავის ქალიშვილ ელისაბედს მიათხოვებს. როდესაც ამას რიჩარდი იგებს, გადაწყვეტს შეაცდინოს თავისი ძმისწული ელისაბედი, რათა ჩაშალოს მისი ქორწინება ტიუდორთან. დედოფალი ანა ტუბერკულოზით იღუპება, ჰენრი ტიუდორი კი ლაშქრით ჩადის ინგლისში, ბოსუორთის ბრძოლაში კლავს მეფე რიჩარდს და ინგლისის მეფე თავად ხდება ჰენრი VII-ის სახელით.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მთავარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რებეკა ფერგიუსონი — დედოფალი ელისაბედ ვუდვილი, ედუარდ IV-ის ცოლი;
- ამანდა ჰეილი — ლედი მარგარეტ ბეფორტი, ე. წ. წითელი დედოფალი, ჰენრი VII-ის დედა;
- მაქს აირონსი — მეფე ედუარდ IV;
- ჯულიეტ ობრი — ლედი ანა დე ბეშამპი, უორვიკის გრაფინია, რიჩარდ ნევილის ცოლი, იზაბელ და ანა ნევილების დედა;
- ვირლი ბაიტენსი — დედოფალი მარგარიტა ანჟუელი, მეფე ჰენრი VI-ის ცოლი;
- ენაირინ ბარნარდი — მეფე რიჩარდ III;
- ლეო ბილი — სერ რეჯინარ ბრი;
- ემილი ბერინგტონი — ჯეინ შორი, ედუარდ IV-ის საყვარელი;
- ეშლი ჩარლზი — თომას გრეი, დედოფალ ელისაბედ ვუდვილისა და მისი პირველი ქმრის, სერ ჯონ გრეის უფროსი ძე;
- არტურ დარვილი — ჰენრი სტაფორდი, ბაკინგემის ჰერცოგი
- შონ დული — სერ რობერტ ბრაკენბერი;
- ჯეიმზ ფრენი — რიჩარდ ნევილ უორვიკი, იზაბელ და ანა ნევილების მამა;
- კაროლინ გუდოლი — სესილი ნევილი, იორკის ჰერცოგინია, ედუარდ IV-ის, რიჩარდ III-ისა და ჯორჯ პლანტაგენეტის დედა;
- ენდრიუ გოუელი — ლორდი სტრენჯი, მარგარეტ ბეფორტის მეოთხე ქმრის, ლორდი სტენლის ვაჟი;
- რუპერტ გრეივზი — ლორდი სტენლი, მარგარეტ ბეფორტის მეოთხე ქმარი;
- ბენ ლამბი — ანტონი ვუდვილი, რივერსის მეორე ბარონი, დედოფალ ელისაბედის ძმა;
- მაიკლ მალონი — ჰენრი ტიუდორი, შემდეგში მეფე ჰენრი VII, მარგარეტ ბეფორტისა და მისი პირველი ქმრის, ედმუნდ ტიუდორის ვაჟი;
- ფაიე მარსაი — ანა ნევილი, რიჩარდ ნევილის ასული, უელსის პრინც ედუარდის ქვრივი და მეფე რიჩარდ III-ის ცოლი;
- ფრეია მავორი — ელისაბედ იორკელი, ედუარდ IV-ისა და დედოფალ ელისაბედის უფროსი ქალიშვილი;
- ლიზი მაკლერნი — ლედი სატკლიფი;
- ტომ მაკკეი — ჯასპერ ტიუდორი, მეფე ჰენრი VI-ის ნახევარ-ძმა, ჰენრი VII-ის ბიძა, მარგარეტ ბეფორტის მაზლი;
- ჯანეტ მაკტირი — ჟაკეტა ლუქსემბურგელი, რივერსის ლედი, დედოფალ ელისაბედის დედა;
- დევიდ ოაკსი — ჯორჯ პლანტაგენეტი, კლარენსის ჰერცოგი, ედუარდ IV-ის ძმა;
- ევა პონსონბი — მერი ვუდვილი, პემბროკისა და ჰანტინგტონის გრაფინია, დედოფალ ელისაბედის და;
- რობერტ პაგი — ბარონი რივერსი, დედოფალ ელისაბედის მამა;
- ფრენსის ტომელტი — ლედი ბეშამპი, მარგარეტ ბეფორტის დედა;
- ელეანორ ტომლინსონი — იზაბელ ნევილი, კლარენსის ჰერცოგინია, ჯორჯ პლანტაგენეტის ცოლი, ანა ნევილის და;
- რუპერტ იანგი — სერ უილიამ ჰერბერტი, პემბროკის ლორდი;
ეპიზოდური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სონი ოშბორნი — მეფე ედუარდ V, ედუარდ IV-ისა და ელისაბედ ვუდვილის ვაჟი;
- ჯოუი ბატი — უელსის პრინცი ედუარდ უესტმინსტერელი, ანა ნევილის პირველი ქმარი, მეფე ჰენრი VI-ისა და დედოფალ მარგარიტას ვაჟი;
- ელინორ კროული — სესილი იორკელი, ედუარდ IV-ისა და ელისაბედ ვუდვილის შუათანა ქალიშვილი;
- ოტო ფარანტი — ტომას გრეი, დედოფალ ელისაბედის და მისი პირველი ქმრის უმცროსი ვაჟი;
- ოსკარ კენედი — ჰენრი VII ბავშვობაში;
- ჰუგო მიჩელი — რიჩარდ უელესი, მარგარეტ ბეფორტის ნახევარ-ძმა;
- ანდრეას პერშევსკი — საფრანგეთის მეფე ლუი XI;
- დევიდ შელი — ინგლისის მეფე ჰენრი VI;
გაგრძელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდებების მქონე ნოველებზე დაყრდნობით სულ სამი მინისერიალია გადაღებული[6]. სამივე მათგანი ერთმანეთის გაგრძელებაა და საერთო ჯამში მოგვითხრობს 1464-1509 წლებში ინგლისში მიმდინარე მოვლენებს, საკუთრივ „თეთრ დედოფალში“ კი გადმოცემულია მხოლოდ 1464-1485 წლების მოვლენები. ამის პირდაპირი გარძელებაა სერიალი „თეთრი პრინცესა“, რომელშიც ვითარება 1485-1499 წლებში ხდება, როდესაც ჰენრი VII ქორწინდება ელისაბედ იორკელზე და ხდება ტიუდორების ხელისუფლების განმტკიცება იორკთა მოკავშირეების ამბოხებების ფონზე, უკვე „ესპანელ პრინცესაში“ კი ვითარება ხდება მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ინფანტა კატალინა არაგონელი ჩადის ინგლისში, რათა დაქორწინდეს მომავალ მეფეზე და გახდეს დედოფალი[7].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Media Centre – Programme Information – The White Queen" დაარქივებული 2015-09-25 საიტზე Wayback Machine. BBC. Retrieved 23 June 2013.
- ↑ "Breaking News – Starz to Air Advance Screening of "The White Queen" Following "Magic City" Season Two Finale on Friday, August 9 at 10PM ET/PT The Futon Critic. 26 July 2013. Retrieved 9 August 2013.
- ↑ "'The White Queen' advance screening on Starz TV" RedEye Chicago. 31 July 2013. Retrieved 9 August 2013.
- ↑ "Media Centre – The White Queen, a new ten-part drama for BBC One" დაარქივებული 2017-11-24 საიტზე Wayback Machine. BBC. 31 August 2012. Retrieved 23 June 2013.
- ↑ Walker-Arnott, Ellie (10 August 2015). "A sequel to The White Queen is definitely in the works". Radio Times. Retrieved 7 February 2016.
- ↑ Walker, Tim (17 October 2013). "The White Queen is to make a comeback". The Telegraph. Retrieved 6 October 2014.
- ↑ "Starz Greenlights Limited Series Spanish Princess Based on Philippa Gregory Novels" Variety. Retrieved 16 March 2018.