ელენა სედინა
ელენა სედინა, 2012 წელი, კარლსრუე | |
ქვეყანა (სპორტი) | სსრკ, უკრაინა, იტალია |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 1 ივნისი, 1968 |
დაბადების ადგილი | კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (1999) |
ფიდე რეიტინგი | 2258 (თებერვალი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2502 (აპრილი 2003) |
ელენა სედინა (უკრ. Оле́на Се́діна; დ. 1 ივნისი, 1968, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― წარმოშობით უკრაინელი, ამჟამად კი, იტალიელი მოჭადრაკე. 1996 წელს გახდა დიდოსტატი ქალთა შორის, 1999 წელს ― საერთაშორისო ოსტატი. არის უკრაინის ქალთა ჩემპიონი, ავსტრალიის ტურნირის გამარჯვებული, ქალთა ოლიმპიადაზე გუნდური ოქროს მომგები და მიტროპას თასის მფლობელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელენამ ჭადრაკის თამაში 7 წლის ასაკში ისწავლა და მალევე კიევის 11-წლამდელ გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა.
1984 წელს ჩერნიგოვში 16 წლისამ სსრკ-ს 18 წლამდელ გოგონებში მოიგო ოქროს მედალი. 1988 და 1990 წელს უკრაინის მანდილოსნებში გახდა ჩემპიონი. 1990 წელს ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო.
1994 წელს უკრაინის ქალთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მოსკოვში ქალთა ოლიმპიადაზე სარეზერვო დაფაზე გამოვიდა, 12 პარტიაში 10,5 ქულა დააგროვა და ინდივიდუალური ოქროს მედალი აიღო[1].
1995 წელს იტალიაში გადაბარგდა და 2001 წლის აპრილში ამ ქვეყნის სახელით გააგრძელა ასპარეზობა[2].
2000 წელს შვეიცარიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, მომდევნო წელს კი ოქრო.
2001 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსკოვში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 27-ე იყო. პირველ ტურში ოლგა ალექსანდროვა დაამარცხა 2:0, თუმც მეორეში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ქართველ მაია ჩიბურდანიძესთან დამარცხდა 0,5:1,5.
2004 წელს ელისტაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე ტურში ელენა დანიელიანთან გამოვარდა 1,5:2,5.
2005 წლის იანვარში ავსტრალიაში მამაკაცთა შორის საჭადრაკო ჩემპიონატში მოიგო, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით და გახდა პირველი ქალი ვინც ეს შეძლო.
2006 წელს ქუშადასში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე იასპარეზა, 11 პარტიაში 7,5 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილს დასჯერდა.
2007 წელს სუსიში ხმელთაშუა ზღვის ჩემპიონატზე ბრინჯაო მედალი მოიგო, ხოლო 2008/2009 წელს ანთალიაში ვერცხლი[3].
2008 წელს ნალჩიკში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ეტაპამდე მივიდა.
თამაშის დაწყებამდე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია, რის გამოც ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატის სხვაგან გამართვა მოითხოვეს. ფიდემ უარი უთხრა შეთავაზებაზე და პრეზიდენტი კირსან ილუნჟინოვი მათ უსაფრთხოებას დაჰპირდა. ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. ქართველ მოჭადრაკეებს მხარი ამერიკელმა ირინა კრაშმა, პოლონელებმა ივეტა რაიკიხმა, ანა გასიკმა, მონიკა სოჩკომ, არგენტინელმა კლაუდიო ამურმა, გერმანელებმა პენცმა, ქეთინო გერშინკა-კახიანმა და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თეა ლანჩავამ დაუჭირეს, რის გამოც ტურნირმა 11 ძლიერი მოჭადრაკე დაკარგა.
პირველში ტურში მეტოქედ ირინა კრაშის ბარიერი უბრძოლველად გაიარა, მეორეში ვიეტნამელი ნგუენ თჰი თჰან ანი დაამარცხა 3:1, მესამეში კი ჩინელ ჰოუ იფანთან გამოვარდა 1:3.[4]
სედინამ 2008-2015 წლებში მიტროპას თასზე იასპარეზა. აქედან ორჯერ 2008 და 2011 წლებში ინდივიდუალურ ოქროს დაეუფლა. გარდა ამისა გუნდური ოთხი ოქრო (2008, 2010, 2011, 2014), ერთი ვერცხლი (2015) და სამი ბრინჯაო(2009, 2012, 2013) აქვს მოგებული.[5]
უკრაინის ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკრებში პირველად 1994 წელს უხმეს, ოლიმპიადაზე წაიყვანეს და სარეზერვო დაფაზე მოთამაშემ ინდივიდუალური ოქრო მოიგო. 1996 წლის ოლიმპიადაზე მესამე დაფაზე ინდივიდუალურ ბრინჯაოს დასჯერდა, ნაკრები კი მეოთხეზე გავიდა. უმედლოდ დაასრულა მომდევნო ორი ოლიმპიადა 1998 და 2000 წლებში. 1998-ში მეორე დაფაზე იყო, 2000-ში კი სარეზერვოში.
იტალიის ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიის ნაკრებში 2001 წლიდან ასპარეზობს და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 7-ჯერ იასპარეზა, აქედან 5-ჯერ (2001, 2003, 2009, 2011, 2013) პირველ დაფაზე გამოვიდა, ერთხელ მეორეზე (2015) და ერთხელ მესამეზე (2017) ოლიმპიადაზე 2004 წლიდან გამოდის და 2012 წლამდე პირველ დაფაზე თამაშობდა, 2014-ში კი მესამეზე გადაინაცვლა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. 1994 წელს კიევის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ჭადრაკის მომზადების მეთოდები“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://ratings.fide.com/profile/812153
- https://www.365chess.com/players/Elena_Sedina
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=51128
- http://www.olimpbase.org/playersw/5f9f1npd.html
- http://www.olimpbase.org/playersu/5f9f1npd.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 31st Chess Olympiad (women): Moscow 1994 - Medals OlimpBase
- ↑ Player transfers in 2001 FIDE. Retrieved 12 December 2015
- ↑ Mediterranean Chess Association. ციტირების თარიღი: 2013-11-19
- ↑ World Chess Championship for Women Mark Weeks
- ↑ Mitropa Cup - Elena Sedina OlimpBase