არმაზციხე
არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: - „ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი“[1].
სახელწოდება „არმაზციხე“ (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.
გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. წ. IV - III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან).
არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.
არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, სტეფანოზ I (მთავრის) დროიდან „მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა“[2] 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.
2011 წლის 21 ოქტომბერს არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალურ ხელნაკეთი ნაკეთობები აღმოაჩინეს.[3]
არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლების და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.
არმაზის ციხე ქალაქო, ძველადგან გაოხრებულო,
ხალხითა სავსე ძლიერო, ყველასგან დიდათ ქებულო,
შენ ვიღამ გნახოს ნაშენი, მტერთა მახვილით მოსრულო!
- ხალხური
არსებული წარწერები[4]
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონგოლთა შემოსევების შემდგომ წარმართული ქალაქის ადგილას აუშენებიათ მონასტერი. XIX საუკუნის ბოლოსათვის აქ არსებობდა სამი ეკლესია, რომელთაც გარს ნანგრევები ერტყა. ერთ-ერთი ეკლესიის თავზე იდვა ქვის დიდი ლოდი წარწერით:
ქ. ჵ ყოვლად საგალობელო დედოფალო, ცათა დაუტევნელისა დამტევნელო, მტირთველო ღვთისა ქერაბინთაგან უტვირთველესაო, ღვთის მშობელო დედაო, მაწოვნებელო, მზრდელო ღვთისა ჭეშმარიტისაო; სიტყვისაებრ შენისა სანატრელო, მარადის ქალწულო მარიამ, პატიოსანო და ნათლისა მომცემელო ყოველთა შენდამი შემავედრებელთაო! მე უნდოჲ დედაკაცი ხათუნ, ყოფილი მარიამ, დედაჲ საბალთისი, ძმისწული სულდაისი, რომელი ღირს ვიქმენ ღვთივ წმიდასა მართლმადიდებელსა კათოლიკე ეკლესიასა სულისა შევედრებად შუამდგომლობითა სვეტისა ცხოველისათა, შემწეობითა საქართველოს კათოლიკოზის ნიკოლოზისათა და შეწევნითა ყოველთავე კათოლიკე ეკლესიისა შვილთათა, ხელ ვყავ მცირედითა მსახურებაჲ: ვიყიდე და აღვაშენე არმაზის ეგვტერი სრული ყოვლითა, საკურთხეველი განვაახლე და სიგელი, მწირველი სულისა ჩემისათვის და ვინც შემდგომით შემდგომათ წარედგინებოდეთ ქართლისა კათალიკოზობასა შეიწყალეთ უნდოჲ სული ჩემი და დაამტკიცეთ თქვენცა ღმერთმან მტკიცე გყვეს. ვინც შესცვალოს წადილი ჩემი, შემსცაიცვლების ქრისტეს სარწმუნოებისაგან და შენაზღვნინ ცოდვანი სულისა ჩემისანი. ამინ. ერთი გლეხი ტ. გელაჲსძე, ა ციხე-დიდს ლომინა უპაისძე, მცხეთას.
იქვე ყოფილა გატეხილი ქვა წარწერით:
ჵ, ყოვლად საგალობელო დედოფალო ცათა დაუტევნელისა... (დანარჩენი მომტვრეულია)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 239-241.
- მცხეთა, სერიიდან: საქართველოს ძველი ქალაქები, გვ. 78-79, თბ., 2000
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 265-266.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი [1];
- ფოტოგალერეა დაარქივებული 2013-08-11 საიტზე Wayback Machine. , მცხეთის მუნიციპალიტეტის საიტზე.
- მცხეთის მუნიციპალიტეტი დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine. , მცხეთა-მთიანეთის მხარის სამთავრობო ვებ-საიტი;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955, გვ. 8
- ↑ ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ტ., I, 1955, გვ. 223
- ↑ არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა უნიკალურ არქეფაქტებს მიაკვლიეს
- ↑ Натроев А. Мцхет и его собор Свэти-Цховели. Историко-археологическое описание. 1901