ჰრვოე ლუკატელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰრვოე ლუკატელა
Hrvoje Lukatela
ეროვნება ხორვატი
განათლება ზაგრების უნივერსიტეტი
პროფესია ინჟინერი, გეოდეზისტი

ჰრვოე ლუკატელა  —  ხორვატი ინჟინერი. ცნობილია იმით, რომ 1992 წელს კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით  გამოთვალა წერტილი ნემო — მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკატელა დაიბადა ხორვატიაში (იუგოსლავია). სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ზაგრების უნივერსიტეტის გეოდეზიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1971 წელს  ინჟინერ-გეოდეზისტის დიპლომით.

მან დაიწყო მუშაობა ზაგრების IBM-ში, სადაც კომპანიის კლიენტებს უწევდა მომსახურებას სისტემურ პროექტირებაში, ძირითადად სამეცნიერო და სისტემური პროგრამირების სფეროებში.

წერტილი ნემო
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი წყნარი ოკეანე
გეოგრაფიული კოორდინატები 48°52′32″ ს. გ. 123°23′33″ დ. გ. / 48.87556° ს. გ. 123.39250° დ. გ. / -48.87556; -123.39250

ლუკატელა 1973 წელს  გაემგზავრა კანადაში, სადაც მუშაობდა რამდენიმე საინჟინრო კომპანიაში საინჟინრო კვლევების, პროექტების მართვისა და ტექნიკური გამოთვლითი პროექტების სფეროებში. მისმა ერთ-ერთმა პროექტმა განაპირობა ონტარიოს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ჰორიზონტალური გეოდეზიური კონტროლის რეგულირების პროგრამის ავტომატური კოორდინაციის ბიბლიოთეკის შემუშავება. მისი კიდევ ერთი საინტერესო პროექტი იყო საველე ასტრონომიის პროგრამა მექასთან საორიენტაციო ბმულისთვის მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტის კამპუსის მაკეტისთვის.

1980 წლიდან ცხოვრობს კალგარიში. იქ ჰრვოემ მონაწილეობა მიიღო ალასკაზე მილსადენის მშენებლობის პროექტში, სადაც პასუხისმგებელი იყო დიზაინისა და პროექტების მართვის კომპიუტერული სისტემების მართვაზე. აქ მან მოიფიქრა და წამოაყენა ახალი მეთოდი გეორეფერენციაციისა და დამუშავების დიდი რაოდენობით მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ.

1991 წელს ლუკატელამ ჯონ რასელთან ერთად დააარსა კომპანია Geodyssey Limited.

ჰრვოე გახლავთ ონტარიოს პროფესიონალი ინჟინრების ასოციაციის და კანადის რუკების ასოციაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია გამოთვლითი გეოდეზიისა და სივრცითი მონაცემთა ბაზების შესახებ.

წერტილი ნემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ოკეანის ცენტრის გეოგრაფიულ მდებარეობას, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მისი დადგენა ვერ მოხერხდა — მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი, ოფიციალურად, მხოლოდ 1992 წელს აღმოაჩინა გეოდეზისტმა ჰრვოე ლუკატელამ. მან კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით გამოთვალა წერტილი ნემო, მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი. ასევე წამოაყენა წინადადება,  ამ პირობითი პუნქტისთვის  ჟიულ ვერნის რომანების გმირის, კაპიტან ნემოს სახელი ეწოდებინათ. პიროვნების, რომელმაც გადაწყვიტა კაცობრიობისგან მოშორებით ცხოვრება. Nemo ლათინურად „არავინ“-ს ნიშნავს,და ნამდვილად ერგება ადგილს, რომელსაც თითქმის არავინ სტუმრობს.  ეს წერტილი მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში.[2]

წერტილი ნემო უახლოესი სამი კუნძულიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით არის დაშორებული. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული დუსია (ერთ-ერთი პიტკერნის კუნძულებიდან),ჩრდილო აღმოსავლეთით მოტუ ნუი (აღდგომის კუნძლთა ჯაჭვი), ხოლო სამხრეთით კუნძული მაჰერი „ესაზღვრება“, ანტარქტიდის სანაპიროსთან ახლოს. უახლოესი დასახლებული ადგილია აღდგომის კუნძული, მოტუ ნუის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

წერტილი ნემო შეტანილია მიუწვდომლობის ხმელეთის პოლუსების სიაში, როგორც მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი.

ჰრვოე ლუკატელამ სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დაიწყო გამოთვლები. იგი მაქსიმალური სიზუსტისთვის, დედამიწის ელიფსოიდური მოდელით ახდენდა კალკულაციას. როგორც თავად თვლის, გამოანგარიშებული ლოკაცია  ნაკლებსავარაუდოა რომ ოდესმე შეიცვალოს. თავად ლუკატელამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„ამ სამი თანაბარი მანძლით დაშორებული წერტილის ადგილმდებარეობა სრულიად უნიკალურია და დედამიწაზე სხვა მსგავსი ადგილი, რომელსაც მისი ჩანაცვლება შეუძლია, არ არსებობს“

მიუხედავად იმისა რომ უკეთესი აზომვის ან რომელიმე სანაპირო ზოლის ეროზიის შედეგად წერტილი ნემოს დაშორების მანძილი შეიძლება შეიცვალოს, გეოდეზისტის თქმით:

ვიკიციტატა
„ეს სხვაობა მხოლოდ რამდენიმე მეტრი იქნება და შესაბამისად მის სტატუსზე ვერ იმოქმედებს.“

საინტერესო ფაქტია, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტას შეუძლია გაიაროს ნემოს წერტილზე, რადგან მისი დახრილობა უფრო დიდია ვიდრე ნემოს წერტილის გრძედი. ამგვარად, დროდადრო, კოსმოსური სადგური ხდება უახლოესი დასახლებული ადგილი ნემოს წერტილთან 400 კმ მანძილზე. იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა დედამიწიდან დაახლოებით 416 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ამ უკაცრიელი ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 2700 კილომეტრითაა დაშორებული, წერტილ ნემოს, ყველაზე ხშირად, ასტრონავტები უახლოვდებიან.[3]

კოსმოსური სააგენტოებს კარგად აქვთ შესწავლილი წერტილი ნემოს რეგიონი და მას „სამხრეთ წყნარი იოკეანის დაუსახლებელ არეალად“ მოიხსენიებენ. რუსული, ევროპული და იაპონური სააგენტოები, უკვე დიდი ხანია, უსაფრთხოების მიზნით თავიანთი კოსმოსური აპარატების სასაფლაოდ ამ რეგიონს იყენებენ, რადგან იგი მოშორებულია დასახლებულ ტერიტორიებსა და საზღვაო სავაჭრო გზებს.[4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hrvoje Lukatela
  2. Point Nemo
  3. « Point Nemo is the most remote Oceanic spot- yet it's still awash with plastic  » [archive], sur www.theguardian.com, 18 mai 2018 (consulté le 19 avril 2020).(ფრანგ.)
  4. Чем известна Точка Немо и где она находится (რუს.)
  5. «Point Nemo  » [archive], sur www.lukatela.com, 26 mars 2004 (consulté le 19 avril 2020).