ჰომილეტიკა
ჰომილეტიკა (ბერძ. ὁμιλητική — საუბრის ხელოვნება) — რიტორიკის ნაწილი, საეკლესიო-საღვთისმეტყველო მწერლობის დარგი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „ჰომილეტიკის“ მონათესავე ძველბერძნული სიტყვებია: ὁμιλητής, ჰომილეტეს — მოსაუბრე, მსმენელი, მოწაფე და ὁμιλeo, ჰომილეო — ვსაუბრობ, ვასწავლი.
ჰომილეტიკის საგანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰომილეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მჭერმეტყველების ისტორიისათვის, ის განსაზღვრავდა საეკლესიო ქადაგებათა შედგენის წესებს, ეხებოდა ქრისტიანული მორალისა და ზნეობის საკითხებს. ქართულ ენაზე არსებობს როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური ქადაგებათა კრებულები, რომლებიც ცნობილია მრავალთავის სახელწოდებითაც. X საუკუნემდე თარგმნილი იყო მსოფლიოს ჰომილეტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კრებული, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სინური მრავალთავი (864) — უძველესი თარიღიანი ქართული ხელნაწერი. X საუკუნემდე ჰომილეტიკური თხზულებანი მარტივი და სადა ენით ითარგმნებოდა. XI საუკუნის II ნახევრიდან, მეტაფრასული ჰაგიოგრაფიის კვალდაკვალ, განვითარდა მეტაფრასული ჰომილეტიკაც (დავით ტბელი, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე). ორიგინალური ქართული ჰომილეტიკის აღმოცენება სავარაუდებელია VIII-IX საუკუნეებიდან. მისი უსაჩინოესი წარმომადგენელია იოანე ბოლნელი. XVII-XVIII საუკუნეებში ორიგინალური ჰომილეტიკა კვლავ ააღორძინეს ნიკოლოზ რუსთველმა, სულხან-საბა ორბელიანმა, გაიოზ რექტორმა, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა და სხვებმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 684.