სინური მრავალთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინური მრავალთავი
სინური მრავალთავი
თარიღი 864 წელი
გადამწერი მაკარი ლეთეთელი
შემმოსველი იოანე-ზოსიმე
გვერდების რაოდენობა 354
განთავსების ადგილი სინას მთა

სინური მრავალთავიIX საუკუნეში შექმნილი თარიღიანი ხელნაწერი. იგი დაცულია სინის მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში[1]. იქაური ქართული ხელნაწერები პირველად აღწერაა პროფ. ალექსანდრე ცაგარელმა 1883 წელს. ამ დროისათვის წიგნს, რომელშიც თავდაპირველად 354 ფურცელი ყოფილა, უკვე ჰკლებია 79 ფურცელი. ხოლო გადარჩენილი 275 ფურცელი სამ ნაწილად ყოფილა დაშლილი. საბედნიეროდ, არ დაკარგულა ბოლო ფურცლები გადამწერის ანდერძით, რომელიც თარიღებსა და ხელნაწერის შექმნის შესახებ სხვა ძვირფას ცნობებს შეიცავს.

მაკალი ლეთეთელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალთავი

ანდერძში ვკითხულობთ:[2]

მე, მაკარი ლეთეთელი, ძჱ გიორგი გრძელისაჲ, ცოდვილი ფრიად, ღირს მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა თანა-შეწევნითა ძმისა ჩუენისა სულიერად პიმენ კახისაჲთა და ჴელთ-წერითა დედის ძმის წულისა ჩემისა ამონა ვახთანგ მოძარღულისა ძისაჲთა“. ცოტა ქვემოთ: „ამას შინა არს შემკობაჲ წელიწდისა დღესასწაულთა ყოველთაჲ, თქუმული წმიდათა მოძღუართაჲ.

როგორც ამ ანდერძიდან ჩანს, სინური მრავალთავი გადაუწერია თეთრმეტი საუკუნის წინათ იერუსალიმში, საბას ლავრაში, მოღვაწე ქართველ მწიგნობარს მაკარი ლეთეთელს, გიორგი გრძელის ძეს. გადაწერაში მაკარის დაეხმარნენ მისი სულიერი ძმა პიმენ კახი და ბიძაშვილი (დედის ძმისწული) ამონა, ძე ვახთანგ მოძარღულისა. მაკარი ლეთეთელი - გრიგოლ ხანძთელის მოწაფე იყო და მის შესახებ ორიოდე ცნობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“ მოიპოვება. ის იყო დიდგვაროვან აზნაურთა შთამომავალი, ნათესავი ეფრემ მაწყვერელისა, წარმოშობით სოფელ ლეთეთიდან. საქართველოში მოღვაწეობის შემდეგ მაკარი წავიდა პალესტინაში და საბას ლავრაში დამკვიდრებულა. სწორედ იქ მას ამონასა და პიმენ კახის დახმარებით გადაუწერია სინური მრავალთავი. მან გადაწერილი მრავალთავი შესწირა სინის მთაზე, სადაც ის დღემდე არის დაცული.

იოანე ზოსიმეს მიერ მრავალთავის შემოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროთა განმავლობაში ხმარებისაგან წიგნს ყდა შემოეცვითა, რის გამოც საჭირო გახდა გარეკანის შეცვლა (შემოსვა). გადამწერის ანდერძთან ერთად სინურ მრავალთავში დაცულია მისი მესამედ შემმოსელის — X საუკუნის ცნობილი მოღვაწის იოანე-ზოსიმეს ანდერძი და მისივე პატარა თხზულება „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. იოანე-ზოსიმეს ანდერძში ნათქვამია:

შეიმოსა მესამედ წმიდაი ესე წიგნი მრავალთავი ტყავითა ზროხისაითა სანაწმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმესითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულობისა ჩემისათა, ბრძანებითა და ფრიად მოსწრაფედ მოღუაწებითა მიქაელ და მიქაელ პატიოსანთა მღდელთაითა, დასაბამითგანთა წელთა ქართულად - ხფპესა და ქრონიკონსა სა-სა... ქრისტე, შეიწყალე მიქაელ და მიქაელ, გაბრიელ, კურიკე, გიორგი, იოანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტეანენი და უფროის ყოველთასა ყოველნი ქართველნი.

იოანე ზოსიმეს ხეზე გადაკრული საქონლის ტყავის ყდა გაუკეთებია (მესამედ) სინური მრავალთავისთვის. მისი ანდერძი დათარიღებულია 981 წლით.

მრავალთავში შესული თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, იოანე ზოსიმე

სინური მრავალთავი ისევ დაფურცლულა და სამ ნაწილად დაშლილა, 79 ფურცელი დაკარგულა კიდეც[3], მაგრამ იმის წყალობით, რომ წიგნი თავიდანვე მშვიდ ადგილას მოხვდა და რბევასა თუ მოპარვას გადაურჩა, ის დღემდე მაინც შედარებით კარგადაა დაცული. სინურ მრავალთავში მოთავსებულია 18 ავტორის 50 თხზულება. ავტორთაგან ყველაზე უხვად აქაც იოანე ოქროპირი წარმოგვიდგება (22 თხზულებით). ხუთი თხზულება ეკუთვნის კვირილე იერუსალიმელს, სამი გრიგოლ ნეოკესარიელს, ორ-ორი ამფილოქე იკონიელს, ეფრემ ასურსა და მელეტი ანტიოქელს, დანარჩენი ავტორები თითო თხზულებით არიან წარმოდგენილი. მრავალთავი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენიდან ნათარგმნ თხზულებებს შეიცავს. ამიტომ მასში გვხვდება როგორც ძველისძველი, ისე შედარებით გვიანდელი ლექსიკური მასალა. ხელნაწერში შეინიშნება ხანმეტობის კვალი, რაც იმას ადასტურებს, რომ მრავალთავში შეტანილი თხზულებები ხანმეტი დედნიდანაა გადმოწერილი. მთელი ტექსტი ნაწერია ძველი ქართული ხელით, მრგლოვანი ანბანით. ნუსხურად არის დაწერილი მხოლოდ ანდერძის ნაწილი. ეს არის ყველაზე ძველი ნიმუში ნუსხურისა.[4]

სინური მრავალთავის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინური მრავალთავის პირველი აღწერილობა ალექსნადრე ცაგარელს ეკუთვნის, მეორედ კი იგი და სხვა სინური ხელნაწერები აღწერა ნიკო მარმა, რომელიც ივანე ჯავახიშვილთან ერთად იყო სინის მთაზე 1902 წელს.

მესამე, უფრო ვრცელი აღწერილობა ეკუთვნის ცნობილ ბელგიელ ქართველოლოგს ჟერარ გარიტს. ის მონაწილე იყო 1950 წელს სინის მთაზე მოწყობილი ამერიკელთა ექსპედიციისა და ხელმძღვანელობდა ქართული ხელნაწერების მიკროფილმებზე გადაღებას. აღნიშნული მიკროფილმების თითო ეგზემპლარი ამერიკიდან მიიღო მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ 1956 წელს. მიკროფილმებიდან დამზადდა ფოტოსურათები, საიდანაც მრავალთავის ტექსტი გადმოწერეს და სასტამბოდ მოამზადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. ტექსტი აკაკი შანიძის რედაქციითა და ვრცელი გამოკვლევით დაიბეჭდა 1959 წელს, ცალკეული ნაწყვეტები კი ადრეც რამდენჯერმე იყო გამოცემული. სინურ მრავალთავს მონოგრაფიული გამოკვლევა უძღვნა ივანე იმნაიშვილმა. როგორც მან გამოარკვია, მრავალთავში წარმოდგენილი ზოგიერთი ნაწარმოების ცალკეული ადგილები ლექსად არის გაწყობილი. ამრიგად, ამ ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ლექსთწყობის ისტორიისთვისაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სინური მრავალთავი 864 წლისა. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 5. სასტამბოდ მოამზადეს კათედრის წევრებმა ა. შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით. 1959.
  • ი. იმნაიშვილი, სინური მრავალთავი. გამოკვლევა და ლექსიკონი. 1975.
  • რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]