ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′36″ ჩ. გ. 46°01′50″ ა. გ. / 41.84333° ჩ. გ. 46.03056° ა. გ. / 41.84333; 46.03056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ხოშატიანში. ეკლესია დგას სასაფლაოზე. ტაძარი სამრეკლოსთან ერთად აშენებული უნდა იყოს XVI საუკუნეში. თუმცა, ჯერ ეკლესიაა აგებული, ხოლო შემდეგ მასზე მიდგმულია ორსართულიანი კარიბჭე-სამრეკლო.

მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემით, ტაძრის კარიბჭეში, გმირი ხოშატია დაკრძალული, რომელიც როგორც აღინიშნა, თქმულების მკვლევარს შაჰ-აბასის ლაშქრობებს შეწირული რეალური პიროვნება ჰგონია, რომლის საფლავზეც აიგო ხოშატის ეკლესია თუმცა, ეკლესიის სტილისტური ანალიზი ამ მოსაზრებას ნაკლებ დამაჯერებელს ხდის, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ გაღმა მხრის ამ ნაწილში მშენებლობას ადგილი აღარ ჰქონია. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით და აგურით დუღაბზე. ქართული აგური გამოყენებულია კუთხეებში, არმირებისთვის, კარ-სარკმელთა გამოსაყვანად და კარნიზში.

დასავლეთიდან დაბალ და ფართო ცოკოლისებრ საფეხურზეა შემდგარი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის გარედან არქიტრავითაა დასრულებული შიგნიდან კი თაღოვანია. ყველა კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ნაგებობა აგურის ხერხულა ლავგარდნით სრულდება. გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის ქვეშ აგურის ტრაპეზია კედელზე მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა და ღრმა ნიშაა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის მხრებთან აგურის კანკელის ფრაგმენტია შემორჩენილი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში აგურის ფართო პილასტრია, რომელზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. დასავლეთი კედლის კუთხეებში, იატაკის დონეზე საფეხურია გაკეთებული. იატაკი აგურისაა.

ტაძარში დაცულია XVI-XVII საუკუნეების მხატვრობა, რომელიც ე.წ. ხალხურ სტილს განეკუთვნება. მხატვრობა სამ რეგისტრადაა შესრულებული. კონქში გამოსახულია დეისუსი — ტახტზე დაბრძანებული უფალი, მარცხენა ხელში წიგნი უჭირავს, მარჯვენათი აკურთხებს. მის აქეთიქით ღვთისმშობლისა და მახარებლის ფიგურები უკვე აღარ იკითხება, ისევე როგორც აღარ იკითხება ქვედა რეგისტრის გამოსახულებები. დარბაზის მხატვრობიდან ჯერ კიდევ ჩანს პირველ რეგისტში მოცემული ჯვარცმის, ფერისცვალებისა და შობის სცენები, რომლებიც პილასტრებით დანაწევრებულ გრძივ კედლებზეა მოცემული.

ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვედა რეგისტრში კი ორი ქტიტორის წელსქვევითა სილუეტია შემორჩენილი. ისინი საკურთხევლისკენ არიან მიმართულნი. პირველ რიგში მამაკაცია, მეორე კი ქალბატონი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები, მეორე სართული კი მთლიანად აგურისაა. სამრეკლო ტაძართან ჩაშენებული კედლებითაა გადაბმული. პირველი სართული კარიბჭისა და ეკვდერის როლს ასრულებს, ამიტომ ის კვადრატული კი არაა, არამედ ოდნავ წაგრძელებული დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ფართო და სწორკუთხა შესასვლელები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა.

დასავლეთ კედელში კარის თავზე, შეისრული სარკმელია დატანებული. გადახურვა კამაროვანია. იატაკის ცენტრალურ ნაწილში აგურის აკლდამაა გამართული, რომლის აგურისავე კამარის კეხი მთელს სიგრძეზეა ამოზიდული. სამრეკლოს მეორე სართული ექვსწახნაგა თაღოვანი ფანჩატურია. ნახევარწრიული თაღების კამარები დადაბლებულ არეშია ჩასმული. თაღების თავზე თითო ლაჟვარდისფრად მოჭიქული შორენკეცებია ჩასმული. ფანჩატური აგურისავე ხერხულა ლავგარდნით და ექვსწახნაგა პირამიდული სახურავით სრულდება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 62-64 ISBN 978-9941-8-3699-2