ჭიჭიკო ბეგალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ალექსანდრე ბეგალიშვილი.

ალექსანდრე (ჭიჭიკო) ბეგალიშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1910, ქუთაისი — გ. 1982) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1965).[1]

დაიბადა ქუთაისში 1910 წელს, დაამთავრა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1928 წელს.

1928 წელს სწავლობდა ქუთაისის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში. 1933 წელს ამავე თეატრის მსახიობი, ხოლო 1942 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამირანი, სერაფიონ ბრეგაძე (დავით კლდიაშვილის „უბედურება“, „სამანიშვილის დედინაცვალი“); პაჭუტია (მ. გოგოლაშვილის „გულსუნდა“); თავადი გუბაზი (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“); ხახული, ვატა (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ვარლამ სარჯველაძე (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“); ყოჩაღი აშუღი (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“), ხაფიჩია (პ. სამსონაძის „სალტე“); სოსანა (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“); სპირიდონ მცირიშვილი, გერვასი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“, „ნაპერწკლიდან“); ტუხა, მუხრან ბატონი (სანდრო შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“); ლუილაჟი (ნ. ზარხის „ჯოი სტრიტი“); რადისტი, მოცეკვავე (ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“), მეფე (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“). ივანე (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), რაბინი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ბიონდელო (უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“) და სხვა. 1959 წელს მუშაობდა კინოთეატრ „ოქტომბრის“ დირექტორად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]