შინაარსზე გადასვლა

ვალერიან კანდელაკი (დრამატურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ვალერიან ლაზარეს ძე კანდელაკი (დ. 19 ივლისი, 1918, სუფსა, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 აპრილი, 1983, თბილისი) — ქართველი დრამატურგი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

1925 წელს შეიყვანეს პირველდაწყებით სკოლაში, ბათუმში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1936-1938 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჯერ მათემატიკის, ხოლო შემდეგ ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში მეოთხე კურსამდე. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1940-1944 წლებში მუშაობდა ბათუმში ქალაქის საბჭოს იურისტად, 1944-1958 წლებში იყო აჭარის ადვოკატთა კოლეგიის წევრი, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ. იმ პერიოდში ბათუმის თეატრს სათავეში ედგა არჩილ ჩხარტიშვილი, რომლის სპექტაკლების გამო კანდელაკმა დაიწყო პიესების წერა. თეატრმა მოიწონა და 1945 წელს დადგა მისი რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი პიესა „ბაბუა თევდორე“, რომელიც ასევე წარმატებით იდგმებოდა ჭიათურის თეატრის სცენაზე. ამის შემდეგ კანდელაკის ნაწარმოებები სისტემატურად იდგმებოდა ქართულ თეატრებში.

1952 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი „ამაღლებული სოფელი“. ამას მოჰყვა პიესები „სარეველა“ (1953), „მაია წყნეთელი“ (1955), „ქართლის ჩირაღდნები“ (1960), „ნაკრძალში“ (1966), „დრო-24 საათი“ (1970), „გრძელი დღე“ (1974), „ოქროს საწმისი“, „აიეტი“ (1975) და სხვა. დრამატურგს ეკუთვნის „მაია წყნეთელის“ (1959) კინოსცენარი, რომელიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისივე სცენარით განხორციელდა სატელევიზიო დადგმები „მოლოდინი“ (1967) და „იხატებოდა სურათი“ (1968).

დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]