ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია
ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიკაანის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI საუკუნით.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია გუმბათიანია, ჩახაზული ჯვრის ტიპის. ნაგებია აგურით. შიგნიდან და გარედან შეთეთრებულია.
1982 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ. ინტერიერში მოიხსნა გვიანდელი ბათქაში. აღდგა ლავგარდნის და აქა-იქ კედლების ჩამოშლილი ნაწილები. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
შენობას სამი შესასვლელი აქვს. დასავლეთიდან და სამხრეთიდან - ჯვრის მკლავებში, ჩრდილოეთიდან კი დასავლეთ კუთხის ნაწილში. კარები შიგნით თარაზული კარითაა, გარედან კი - შეისრულთაღოვანი.
აღმოსავლეთით გეგმით არასწორი ნახევარწრის აფსიდია, რომლის წინაც არის მოკლე ბუმა. აფსიდში გაჭრილია ნახევარწრიულაფსიდიანი სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელი ჯვრის დანარჩენ მკლავებშია. თითო-თითო კი - დასავლეთ კუთხის ნაწილების დასავლეთ კედელში. რვა მაღალი, თაღოვანი სარკმელი კი გუმბათის ყელშია გაჭრილი.
საკურთხევლის კედლებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსო აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით და დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით ეკლესიის ძირითად სივრცეს უკავშირდება. საკმვეთლო სწორკუთხა კარით ბუმასთანაცაა დაკავშირებული. სათავსოებს შეისრული კამარა ხურავს.
ეკლესიის შიდა სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები გადახურულია შეისრული კამარებით. თითოეული მკლავის კამარას შუაში აქვს საბჯენი თაღი. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თაღები კონსოლებზეა დაყრდნობილი, აღმოსავლეთ მკლავში კი - პილასტრებზე.
დასავლეთ კუთხის ნაწილები შეისრული კამარებითაა გარახურული, რომელთა ქუსლები კედლის ზედაპირიდან ოდნავ გამოშვერილია. ორივე ნაწილი მიმდებარე მკლავებს თოთო შეისრული თაღით უკავშირდება.
ეკლესიის ჯვრის მკლავებიდ გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგა გუმბათი, რომელიც საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგომ ორდაბალ, უკვარცხლბეკო, მრგვალ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა ოთხივე თაღი შეისრულია. საკურთხევლის კუთხეებთან თაღები ეყრდნობა პილასტრებს.
გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით.
ეკლესიის თითოეული ფასადი, შეღრმავებული თაღოვანი არეებით, შიდა აღნაგობის შესაბამისად, დაყოფილია სამ-სამ ნაწილად. შუა არეები ოთხივე ფასადზე, ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, ხოლო გვერდითები, გარეთ ფასადებზე - შეისრულთაღოვანია, გრძელ ფასადებზე კი - სწორკუთხა. აღმოსავლეთ ფასადის შუა არეში, ქვემოთ, საკურთხევლის სარკმელია, ზემოთ კი, წყობის შეღრმავებით, გამოსახულია მოზრდილი ჯვარი. გვერდით არეებზე სამკვეთლოსა და სადიაკვნოს სარკმლები ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა ჩარჩოში, რომელიც ქვემოთ გახსნილია და ბოლოებით დაკავშირებულია მის გვერდებზე არსებულ, ოდნავ დაბალ, შეისრულთაღოვან შეღრმავებასთან. ორივე სარკმლის ზემოთ თითო შეღრმავებული ჯვარია.
დასავლეთ ფასადი აგებულებით აღმოსავლეთის მსგავსია, მაგრამ მასზე სარკმლები, აღმოსავლეთ ფასადთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღლაა განლაგებული და ჯვარი მხოლოდ შუა არეშია გამოსახული. ცენტრალური სარკმლის ზემოთ, სწორკუთხა შეღრმავებაა, როგორც ჩანს, წარწერიანი ქვის ფილის ჩასასმელად. ფასადზე შესასვლელი ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია აგურის ხერხულა ფრიზით. ფასადის გვერდის არეებშიც სარკმლები სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული. აქაც, მათ გვერდებზე, თითო , დაბალი, შეისრულთაღოვანი შეღრმავებაა. ორივე არეში, შეღრმავების ფუძის დონეზე, გამოყვანილია განიერი, ჰორიზონტალური ზოლურა - ორ-ორი საფეხურით.
სამხრეთ ფასადის მორთულობა შუა არეში, ისეთივე მარტივია, როგორც აღმოსავლეთისა. გვერდით, შედარებით დაბალი არეების ზემოთა ნაწილში, ერთ მთლიან ზოლადაა გამოყოფილი კუთხით დაწყობილი აგურის ორი რიგი და მის ქვემოთ ურთიერთდაკავშირებული სამი მცირე, შეისრული ნიშა.
მსგავსი გაფორმება აქვს ჩრდილოეთ ფასადსაც. ოღონდ აქ შესასვლელი სიმეტრიის ღერძიდან ფასადის დასავლეთ მონაკვეთშია გადატანილი.
ჯვრის ოთხივე მკლავის გვერდითა ფასადები გაფორმებულია გვერდიგვერდ განლაგებული სამ-სამი, დაბალი, შეისრულთაღოვანი ნიშით, რომელთა თაღები ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში.
გუმბათის ყელის წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი აუყვება. თითოეულ წახნაგზე შეისრული თაღით დასრულებული, განიერი, შეღრმავებული არეა, რომლის ზემოთ, ჰორიზონტალური ლილვით გამოყოფილია დაბალი, სწორკუთხა, შუაში რომბისმაგვარი შეღრმავების მქონე არე.
ფასადები დასრულებულია ხერხულა ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 471.