ჭიანჭველთგორის კვირიკეს საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიანჭველთგორის კვირიკეს საყდარიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის აღმოსავლეთით, 9-10 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება Vlll-lX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8x6 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შენობა დაზიანებულია: სამხრეთის ფასადის შუა მონაკვეთის პერანგი ჩამოშლილია, მორღვეულია ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეების ქვედა ნაწილები, კედლებზე გაჩენილია ბზარები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით კი სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. ჩრდილოეთის სწორკუთხა კარი ამჟამად ამოქოლილია. სწორკუთხა დარბაზი ერთი წყვილი ძლიერ შვერილი ერთსაფეხურიანი პილასტრით გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად. მათგან აღმოსავლეთისა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელიც ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. მის ქვემოთ ოთხკუთხა ტრაპეზია. დასავლეთ სარკმელი ოდნავ დაბალია და ფორმით აღმოსავლეთ სარკმლის მსგავსია. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილო კედლებსა და ჩრდილო კარის ამოშენებულ ნაწილში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი ნიში დასავლეთ კედელშია. ტრაპეზთან ახლოს (დასავლეთით) ქვით ნაშენი და შელესილი 20 სანტიმეტრი სიმაღლის ორსაფეხურიანი მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც ცენტრში ღრმა ფოსო აქვს (შესაძლებელია შიგ ხის ჯვარი იყო ჩადგმული). ნაგებობას ჩრდილოეთიდან ეკვრის ასეთივე ფორმის ნაგებობა, რომლის ერთი გვერდი პილასტრზეა მიბჯენილი. ინტერიერში, ისევე როგორც ფასადებზე, შელესილობის კვალია შემორჩენილი. დასავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ნალესობაზე, ხელის სამი მტევანია აღბეჭდილი. ერთი ასეთივე ანაბეჭდი ინტერიერშია, ამავე სარკმლის თავზე. შენობის ერთსაფეხურიანი ლავგარდანი თხელი და მოგრძო ქვებითაა ნაწყობი. ლავგარდანს განივ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია (ლავგარდანი სრული სახით მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადზეა შემორჩენილი). ამავე ფასადის ფრონტონი დასრულებულია დუღაბით გამოყვანილი კეხით, რომელიც სახურავს თავდაპირველად მთელ სიგრძეზე გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ღარიანი და ბრტყელი კრამიტით. ზოგ ბრტყელ კრამიტს ტოლმკლავა ჯვარი ამშვენებს. ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით, ოთხიოდე მეტრის მანძილზე, დგას სანახევროდ შემორჩენილი დარბაზული (4x3 მეტრი) ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, X საუკუნით თარიღდება. ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]