შინაარსზე გადასვლა

შუშანიკის წამება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ)
შუშანიკის წამება
სრული სათაური წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ
საერთო სათაური შუშანიკის წამება
ჟანრი ჰაგიოგრაფია
ავტორი იაკობ ცურტაველი
მშობლიური ენა ქართული
დაწერილია V საუკუნეში
ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შუშანიკის გამოსახულება. საბინინი, 1882 წელი.[1]
წმინდა შუშანიკის ყველაზე ადრეული გამოსახულება.[2]

შუშანიკის წამება (ძვ. ქართ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.

„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.[3]

ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში დასახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.

შუშანიკის მეუღლე — ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში ანუ 482 წლამდე დაიწერა, ხოლო შუშანიკ დედოფალი 475 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს გარდაიცვალა. ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476—483 წლებში დაიწერა.

„შუშანიკის წამების“ ისტორიული მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებში ჩანს, რომ ქალები და მამაკაცები მე-5 საუკუნეში ერთად არ ჭამდნენ საჭმელს: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“ — ამბობს დედოფალი. ქალი გარეთ თავდაუბურავი არ გადიოდა: „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.

ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“ ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული მნიშვნელობა აქვს ანტიოქიის პალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი, მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა, ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სირიასთან, რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.

  • შუშანიკი (შუშანიკ სომხურად „შროშანს“ (ყვავილი) ნიშნავს) — ვარსქენის მეუღლე, სომეხი მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული.
  • იაკობი — ნაწარმოების ავტორი, მღვდელი.
  • ვარსქენი — ქვემო ქართლის ერისმთავარი, ანუ პიტიახში 482 წლამდე, არშუშა პიტიახშის ძე (ვახტანგ გორგასლის ბრძანებით ვარსქენს თავი მოჰკვეთეს სამშობლოს ღალატის გამო).
  • შუშანიკის შვილები — სამი ძე და ერთი ასული.
  • აფოცი — საპიტიახშოს ეპისკოპოსი.
  • ჯოჯიკი — ვარსქენის ძმა.
  • ჯოჯიკის ცოლი — რომელსაც დედოფალმა ჭიქა სახეში შეალეწა და ღვინო ძირს დააქცია.
  • სპარსეთის მეფის ასული - ვარსქენის მეორე ცოლი
  • კაცი ვინმე სპარსი — ის სამჯერ ჩნდება ნაწარმოებში, ვარაუდობენ, რომ ვარსქენთან დაახლოებული პირი იყო.
  • ვარდან მამიკონიანი — შუშანიკის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
  • არშუშა — ვარსქენის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
  • სამოელი — თავი ეპისკოპოსთა - კათალიკოსი.
  • იოანე — ეპისკოპოსი.
  • დიაკვანი — რომელსაც უნდა ეთქვა დედოფლისათვის „მტკიცედ დეგ“, მაგრამ პიტიახშისგან შეშინებულმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო: „მტკი…“.
  • კაცი ვინმე წმინდა — ანუ ბერი, ვისთანაც აფოცი და იაკობი იყვნენ წასულნი რაღაცის საკითხავად.
  • ვინმე ხუცესი — ანუ მღვდელი, რომელსაც ვარსქენმა კვერთხი ჩაარტყა ზურგში.
  • სპარსთა მეფე — ნაწარმოებში მოხსენიებული სპარსთა მეფე არის პეროზი (459—484)
  • ვინმე ჭაბუკი — რომელმაც იაკობს ვარსქენის დანაბარები გადასცა, რომ მას ხლებოდა.
  • კარისკაცი — რომელმაც შეუშვა იაკობი დედოფლის სანახავად.
  • კარისკაცი — რომელიც იაკობმა ქრთამით, საჩუქრით გადმოიბირა, რათა შუშანიკთან შეეშვა.
  • მსახური — რომელიც სპარსეთიდან ახლადდაბრუნებულმა პიტიახშმა „სადიასპანოჲთა ცხენითა“ გამოაგზავნა დედოფალთან ამბის საკითხად.
  • მოციქული — რომელიც ვარსქენმა დედოფალთან გააგზავნა შემდეგი სიტყვებით: თუ სასახლეში არ დაბრუნდები, „ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“.
  • ძიძიშვილი — რომელიც ვარსქენმა შუშანიკთან შეაგზავნა გადმოსაბირებლად.
  • ვიღაც ადამიანი — რომელიც მივიდა დედოფალთან და უთხრა: კარგად მიუგე ვარსქენს პასუხი, მას შენი მოტყუება უნდოდა და სხვა ბოროტეული განზრახვა ჰქონდა შენთვის.

საყოფაცხოვრებო ნივთები ნაწარმოებში, რომლებიც მე-5 საუკუნეში გამოიყენებოდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჭიქა (ნაწარმოებიდან ვხვდებით რომ არსებობდა სასმელი ჭიქა)
  • ასტამი ანუ ცეცხლის რკინის საჩხრეკი.
  • კუბასტი ანუ შუბლსაკრავი ზედ წაწერილი რელიგიური ტექსტით.
  • კვერთხი, რომელიც ვარსქენს ჰქონდა.
  • ანტიოქიის პალეკარტი, რომელიც დედოფალს ემოსა.
  • სამკაულები, რომელიც ეკეთა შუშანიკს და მათ დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან როცა ვარსქენმა დედოფლის ქმრობა უარყო, სამკაულებიც გამოართვა.
  • ალიზი, ანუ აგური, რომელიც სენაკში შუშანიკს ბალიშის მაგივრობას უწევდა.
  • გირჯაკი, ანუ ნაბადი, რომელსაც სენაკში შუშანიკი ქვეშაგებლად იყენებდა.

გეოგრაფიული ადგილები „შუშანიკის წამებაში“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]